ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

„ყოველ ჯერზე, როცა ბავშვის გაუპატიურების ან ქალზე სასტიკი ძალადობის ამბავს ვიგებთ, ერთი და იგივე კომენტარები იწერება:
“რამდენი ავადმყოფი ცხოვრობს ჩვენს შორის?!…”
არა!“ – წერს ფეისბუქზე ფსიქოლოგი და მწერალი, ელენე ჯაფარიძე.
ელენე ჯაფარიძის პოსტს „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ერთეული შემთხვევები რომ იყოს, შეგვეძლო გვეთქვა, რომ საქმე მხოლოდ კონკრეტული ადამიანის მძიმე ფსიქოპათოლოგიასთან გვაქვს.
მაგრამ როდესაც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის,
ქალების გაუპატიურების, ოჯახური ძალადობისა და ფემიციდის ისტორიები თითქმის ყოველდღე გვესმის, ეს უკვე ინდივიდუალური პათოლოგიის საკითხი აღარ არის.
ეს სისტემური პრობლემაა. სისტემური დაუსჯელობის შედეგი.
სისტემა კი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ვიღაც მას ყოველდღიურად კვებავს.
მოძალადეს მხოლოდ საკუთარი პათოლოგია არ ამხნევებს.
მას ამხნევებს ჩვენი დუმილი.
ჩვენი შიში.
ჩვენი გულგრილობა.
ჩვენი “არ ჩავერიოთ.”
ჩვენი “ოჯახის საქმეა.”
ჩვენი “ნუ გავახმაურებთ.”
და ყველაზე მეტად…
დაუსჯელობა!
დაუსჯელობა მხოლოდ სამართლებრივი პრობლემა არ არის.
დაუსჯელობა სოციალური ნებართვაა!
ნებართვა რომელიც მოძალადეს გარანტიას აძლევს, რომ არ დაისჯება.
სწორედ ამიტომ მრავლდებიან მოძალადეები.
რადგან მათ იციან:
არავინ შეაჩერებს.
ქალაქი/სოფელი გაჩუმდება.
ოჯახი დაფარავს.
მეზობელი თვალს დახუჭავს.
სამეგობრო მის “რეპუტაციას” დაიცავს.
საზოგადოება კი ისევ მსხვერპლს დაკითხავს.
ყველაზე მტკივნეული სწორედ ეს არის.
მსხვერპლს გაამტყუნებენ:
“რატომ უფრო ადრე არ თქვი ?”
“რატომ შეხვდი?”
“რატომ ჩაიცვი ასე?”
“რატომ არ წამოხვედი?”
და თითქმის არასოდეს ისმის მთავარი კითხვა:
რატომ იყო დარწმუნებული, რომ ძალადობის უფლება ჰქონდა???
ამ კითხვაზე პასუხი იმ კულტურაშია, სადაც ძალაუფლება ღირსებად ითვლება.
სადაც ბიჭებს ასწავლიან, რომ ქალი საკუთრებაა.
რომ ბავშვი უფროსს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს.
რომ ძალა კაცობის მთავარი ნიშანია.
რომ ავტორიტეტი არასოდეს უნდა დაკითხო.
რომ “ოჯახის ღირსება” ბავშვის უსაფრთხოებაზე მაღლა დგას.
რომ მოძალადის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მსხვერპლის სიცოცხლე.
და ასე ვეჩვევევით ძალადობას.
ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება.
რამდენიმე საათიანი აღშფოთების.
რამდენიმე პოსტი.
რამდენიმე კომენტარი.
და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
სწორედ ეს არის საზოგადოების მორალური დეგრადაცია.
ყოველი დაფარული შემთხვევა კი ახალ მსხვერპლს აჩენს.
ყოველი დაუსჯელი მოძალადე კი ახალ მოძალადეს.
ყოველ ჯერზე დადანაშაულებული მსხვერპლი კი ათასობით ბავშვს და ქალს აიძულებს, აღარასოდეს ილაპარაკოს.
ამიტომ ყველაზე საშიში მოძალადეები კი არ არიან.
ყველაზე საშიში საზოგადოებაა, რომელმაც ძალადობასთან თანაცხოვრება ნორმად აქცია.“ – წერს ელენე ჯაფარიძე ფეისბუქში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს