საქართველოში ნარკოვითარება 90-იან წლებზე ბევრად მძიმეა – ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე

„დაიძინა და აღარ გაიღვიძა“ – ასე მთავრდება ათობით ამბავი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ახალგაზრდებს ეხება და ძალიან ხშირად ხდება ჩვენს გარშემო. ხშირად უხერხული ჩურჩულით გარდაცვალების მიზეზის გამორკვევის დროს პანაშვიდებზე გულის შეტევას, ანევრიზმას და სხვა დიაგნოზს ასახელებენ და არა რეალურ მიზეზს – წამლის ზედოზირებას.

სტიგმას, რომელიც ისედაც გაუბედურებულ ოჯახს სირცხვილის გრძნობას უჩენს და ამ თემაზე ღიად საუბრისგან თავშეკავებისკენ უბიძგებს, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ნარკოპოლიტიკა ქმნის. ხელისუფლებაც ისე იქცევა, როგორც ადამიანები პანაშვიდზე. ნარკოპოლიტიკის ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკა, თითქოს საქართველოში ზედოზირებით გარდაცვალების მხოლოდ 40 შემთხვევა ფიქსირდება, რეალობას კატასტროფულად აცდენილია. ნამდვილი მიზეზის სანაცვლოდ, დასკვნაში ხშირად გულის გაჩერება ან სხვა დიაგნოზი რეგისტრირდება.

„დაიძინა და აღარ გაიღვიძა“ – ასე მთავრდება ორი პატარა ბიჭის ამბავიც, რომელზეც ვრცლად ჩვენს წინა რეპორტაჟში გიამბეთ. პირველი ჩაქვთან ახლოს, სოფელ ხალას სასაფლაოზე მოვისმინეთ. ქობულეთელი გიორგი შავიშვილი ჯერ 17 წლის იყო. სკოლა 20 დღის დამთავრებული ჰქონდა. 2 კვირაც არ იყო გასული, რაც დედა სამუშაოდ უცხოეთში გაემგზავრა. რა წერია დასკვნაში – ნარკოტიკული ზედოზირება თუ გულის გაჩერება, ოჯახმა არ იცის, ექსპერტიზის პასუხი მათთვის არ უჩვენებიათ.

მეორე ამბავი ავჭალის სასაფლაოზე მოგვიყვა დავით ბლიაძის ბაბუამ. დათო 22 წლის იყო, ისიც ემიგრანტის შვილი. რკინიგზის კოლეჯში სწავლობდა და პარალელურად ელექტრომატარებლის მემანქანის თანაშემწედ მუშაობდა. არც დათოს ბაბუამ იცის, რას ამბობს მისი შვილიშვილის ექსპერტიზის დასკვნა. იცის მხოლოდ ის, რომ იმ საბედისწერო ღამეს, როდესაც დათო შეუძლოდ გახდა, მეგობრებს სასწრაფოს გამოძახება უნდოდათ, მაგრამ დათომ უარი უთხრა, რამდენადაც ასეთი შემთხვევები, ჩვეულებრივ, არა დახმარებით, არამედ დაპატიმრებით სრულდება.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ (UNODC) სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გამოაქვეყნა 2026 წლის ნარკოტიკების მსოფლიო ანგარიში. ანგარიშში მოვხვდით, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და შესაბამისად, „სინთეტიკური ნივთიერებების ტრანზიტის შესაძლო რისკის ზონა, რაც დაკავშირებულია ნარკოტიკების ტრადიციული მარშრუტების ცვლილებასთან“. დასკვნა ამბობს, რომ ბაზარზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა – ნარკოტიკის 755 ახალი სინთეტიკური სახეობა. რამდენად „აიტაცა“ საქართველომ ეს დამღუპველი ნოვაცია?

გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ ნარკოლოგთან, პარტია „ფედერალისტების“ წევრ ზურაბ სიხარულიძესთან:

ვრცლად