„მძღოლების გლობალური დეფიციტი უფრო მტკივნეულად საქართველოს გადაზიდვების ბაზარზე აისახება – პრობლემა უფრო გაღრმავდება“ – TCRC

ქართველი მძღოლი ხშირად ტოვებს ქვეყანას და მიდის უცხოეთში სამუშაოს საძებნელად – რიგ კომპანიებს გაჩერებული ჰყავთ სატრანსპორტო საშუალებები იმის გამო, რომ ვერ მოძებნეს მძღოლი და ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა საქართველოში უფრო გაღრმავდება – მძღოლების საერთაშორისო პრობლემებზე TCRC საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის IRU-ს უკანასკნელ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევის თანახმად, მსოფლიოში საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე პროფესიონალ მძღოლთა რაოდენობა. შედეგად, შორ მანძილზე მომუშავე სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი დარგის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. ამის შესახებ საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის IRU-ს ბოლო კვლევაშია აღნიშნული.

როგორც TCRC წერს, IRU-ს უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოს სატრანსპორტო სექტორის 18 საკვანძო ბაზარზე 2.9 მილიონი მძღოლის ვაკანსია რჩება შეუვსებელი, რაც საშუალოდ დარგში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 11%-ს შეადგენს.

შესწავლილ ბაზრებს შორის სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტის დონე ევროპაში 13%-ს, ჩინეთში – 10%-ს, ავსტრალიაში – 12%-ს, ბრაზილიაში – 11%-ს, მექსიკაში – 14%-ს შეადგენს.

„დღეს აშშ-სა და კანადაში 350 000 მძღოლის ვაკანსიაა… 2028 წლისთვის მძღოლების დეფიციტი, სულ მცირე, გაორმაგდება!!! მსგავსი ვითარებაა ევროპის ქვეყნებშიც – გერმანიაში, საფრანგეთსა და შვედეთში.

მძღოლების დეფიციტი შეიმჩნევა საქართველოში. ხშირად სოციალურ ქსელებში შეხვდებით ამა თუ იმ სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას მძღოლების დასაქმებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, რიგ კომპანიებს გაჩერებული ჰყავთ სატრანსპორტო საშუალებები იმის გამო, რომ ვერ მოძებნეს მძღოლი და ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა საქართველოში უფრო გაღრმავდება, რადგან ქართველი მძღოლი ხშირად ტოვებს ქვეყანას და მიდის უცხოეთში სამუშაოს საძებნელად.

სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია შეინიშნება, ამასთან, სახეზეა მძღოლების უცხოეთში გადინების შეუქცევადი პროცესი.

სავარაუდოდ, მძღოლების გლობალური დეფიციტი უფრო მტკივნეულად საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე აისახება“, – წერს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“.

კვლევის თანახმად, ყველაზე რთული ვითარება ევროპაშია, სადაც სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი 500 000-ს აჭარბებს, რაც ბაზრის მოთხოვნის 13%-ია.

„მომდევნო წლებში ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს სამუშაო ძალის დაბერების გამო. IRU-ს პროგნოზით, 2030 წლისთვის პენსიაზე გავა 4 მილიონი მძღოლი, რაც გლობალური სამუშაო ძალის საერთო რაოდენობის 12%-ს შეადგენს. მხოლოდ ევროპაში, საპენსიო ასაკის გამო, დარგს 660 000 პროფესიონალის დაკარგვის საფრთხე ემუქრება, იმ 500 000 ვაკანსიის გარდა, რომლებიც უკვე არსებობს.

ევროპული გადამზიდავი კომპანიები მძღოლების დაბერებასა და ახალი კადრების დეფიციტს თავიანთი ბიზნესის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევენ“, – წერია ლვლევაში.

TCRC წერს, რომ IRU-ს კვლევის თანახმად, მძღოლების დეფიციტი აღარ შეიძლება განიხილებოდეს როგორც დროებითი მოვლენა, ის დაკავშირებულია გრძელვადიან დემოგრაფიულ და სტრუქტურულ ცვლილებებთან.

„IRU-ს პრეზიდენტის, უმბერტო დე პრეტოს, განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ხელფასების ინდექსირება (მომატება) აღარ არის საკმარისი. ახალი კადრების მოსაზიდად გადამზიდავებმა უნდა გააუმჯობესონ სამუშაო პირობები, კერძოდ, უზრუნველყონ უფრო პროგნოზირებადი განრიგი, გაზარდონ მძღოლისთვის სახლში გატარებული დასვენების დრო, მოაწყონ უსაფრთხო სადგომები და მოახდინონ ინფრასტრუქტურის მოდერნიზება.

IRU-მ ამ პროცესს საავტომობილო გადაზიდვებში „შენელებული დემოგრაფიული მოქმედების ნაღმი“ უწოდა, რომელიც ახლო მომავალში სერიოზულად დააზიანებს გადაზიდვებში ჩართული ქვეყნების ლოგისტიკურ მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას“, – წერია კვლევაში.

TCRC მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ევროკავშირს მთავრობების მიერ მართვის მინიმალური ასაკის შემცირება და კვალიფიკაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირება მიაჩნია.

„სადღეისოდ, საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისათვის კვალიფიკაციის მოპოვების სხვადასხვა დოკუმენტი არსებობს, ამ დოკუმენტების ხარჯების სუბსიდირების ნაცვლად, ქართველ მძღოლებს უხდებათ სულ უფრო მეტი გადაიხადონ სხვადასხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მისაღებად.

ამ თვალსაზრისით, ქართველი ახალგაზრდა, 25 წლამდე მძღოლებისთვის, კვალიფიკაციის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტების სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება უდავოდ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, – ვკითხულობთ TCRC-ის კვლევაში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება