პოლიტიკოსის, ანი მიროტაძის განცხადებით, კორუფცია „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათია. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, მსგავსი გარემო ბიძინა ივანიშვილისთვის ხელსაყრელია, რადგან ეს შიდა კონტროლის მექანიზმად გამოიყენება.
„მარტო „ქართული ოცნებისთვის“ არ არის დამახასიათებელი კორუფცია, თუმცა აქ ყველა მასშტაბი მოიხსნა. ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათია, რომ ყველა ადამიანი, ვინც არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და რა დონეზეც შეუძლია ეს ბერკეტი გამოიყენოს, ყველამ იცის, რომ უნდა გამოიყენოს. სხვა შემთხვევაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრობა სხვა რა ხეირის მომტანია. მართალიც არის, რა ხეირის მომტანია. ერთადერთი, რასთანაც „ქართული ოცნება“ ასოცირდება, არის ზუსტად კორუფცია.
მათ ერთი რამ არ იციან კარგად, რომ არაფერი გამოეპარება ბიძინას. თუ რამე გამოეპარა, უვსებენ ინფორმაციას. სუს-ის გარდა სხვადასხვა „ქეისები“ არსებობს. თუ საჭირო გახდა ამა თუ იმ ადამიანის ინფორმაციას ამოწევენ. პარტიაში ცდილობენ ერთმანეთის მიმართ მეტი ინფორმაცია მიიტანონ ბატონთან. რაღაც მომენტში ბიძინას აწყობს ასეთი შემადგენლობა ჰყავდეს. სანახაობისთვისაც სჭირდებათ, ერთმანეთისთვის თითის დასაქნევად.
ვერაფრით ვერ ვხსნი რატომ დააპატიმრა ღარიბაშვილი თუ არ არის რამე სხვა. კორუფციას ვერ ვუკავშირებ, იმიტომ კი არა, რომ კორუფცია არ არის. მგონია, რომ მიზეზი სხვა არის. რატომ გაწირა?!
ღარიბაშვილების და ლილუაშვილების მსგავსი ადამიანების დაჭერა თავიანთი გუნდის წარმომადგენლებისთვისაც არის სანიმუშო – „თქვენც გელით ასეთი ბედი თუ ჭკვიანურად არ მოიქცევით“, – განაცხადა მიროტაძემ.
მიროტაძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშს შეეხებოდა. პაპუაშვილმა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირებმა რვა თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს, „მანიპულაცია“ და „ფარსი“ უწოდა.
ამის საპასუხოდ მიროტაძემ განაცხადა, რომ არ უკვირს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებები, რადგან, როგორც აღნიშნა, სხვა პოზიციის დაფიქსირება მისთვის შეუძლებელი იქნებოდა.
„რას ველოდებით შალვა პაპუაშვილისგან?! მას კი გონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ მართლა პარლამენტის თავმჯდომარეა? რომელიღაცა ხელის ბიჭია ან ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭის ხელის ბიჭია. გგონიათ არ იცის რაზე ლაპარაკობს? აბა სხვანაირად როგორ დარჩნენ ხელისუფლებაში? სხვანაირად როგორ უნდა გაამართლოს ის, რომ ამ დრომდე ინარჩუნებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას?! პროტესტიც არ მაქვს რადგან ის სხვანაირად ვერ ილაპარაკებს”,- განაცხადა მიროტაძემ.




