გორში, ადგილობრივები იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც მანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.
მოქალაქეებმა ადგილზე სანთლები დაანთეს და ყვავილებთან ერთად, ბავშვის სათამაშოები მიიტანეს.
მოსახლეობა მომხდარზე პასუხუსმგებლობას მძღოლთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას აკისრებს. მათი თქმით, ქალაქში ზებრა გადასასვლელები მოუწესრიგებელია, მაღალი სიჩქარით მოძრავი მძღოლები კი ხელშეუხებლობის გარანტიებით სარგებლობენ.
ცნობისთვის, 35 წლის კაცი, რომელიც „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის შვილს გუშინ, ღამის საათებში დაეჯახა. დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.
მძღოლი დაკავებულია – მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შსს-ს განცხადებით, “მძღოლი, რომელიც ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა”.




