“ზაფხული იქნება გამორჩეულად ცხელი, იქნება ისეთი თავსხმა წვიმებიც, რომლებმაც შესაძლოა, გაგვაკვირვონ” – ველური ურბანიზაციის „სითბური ეფექტი“?!

კლიმატის ცვლილება, მისგან გამოწვეული პრობლემები მსოფლიოს გამოწვევაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს შეუქცევადი პროცესია. სინოპტიკოსები ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოში ძალიან მაღალი ტემპერატურას ვარაუდობენ, შიგადაშიგ წყალდიდობებსაც. თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო სხვადასხვა უბანი დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე, გლდანსა და ვარკეთილში. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილას კლდისა და მიწის მასებიც ჩამოიშალა.

ილიაუნის პროფესორი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა სუხიშვილი ამას ურბანულ წყალდიდობას უწოდებს – წვიმას დახვდა წყალგაუმტარი ზედაპირი, ასფალტი. ამიტომაც ახალი სადრენაჟე სისტემების განვითარება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო, როდესაც ზოგიერთი უბნის განაშენიანება სწრაფად იზრდება. რა შეიძლება გამოიწვიოს ამ კლიმატურმა ცვლილებებმა, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე ლაშა სუხიშვილი გვესაუბრება:

დედამიწაზე ბოლო 10 წელია უკვე რეკორდები მყარდება, ყოველი შემდეგი წელი წინაზე უფრო ცხელია, მაგრამ ეს არ გამოიხატება მხოლოდ ჰაერის ტემპერატურის ზრდაში. ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ჰაერის ტემპერატურის ზრდას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს, როგორიც არის, მაგალითად, ნიადაგისა და მცენარეული საფრის გამოშრობა. ეს ნიშნავს, ერთი მხრივ გვალვას, მეორე მხრივ კი გახურებულ ჰაერში უფრო დიდი რაოდენობით წყლის ორთქლის შემცველობას.

– რამ გამოიწვია ამინდის ასეთი მკვეთრი ცვლილება?

– ეს ბუნებრივი პროცესია, რაც დედამიწა არსებობს, მილიარდობით წელია, კლიმატი სულ იცვლება – ზოგჯერ იწყება გამყინვარება, ზოგჯერ დათბობა. მაგალითად, ჩვენს კონტინენტზე მე-12 საუკუნეში დაიწყო მცირე გამყინვარება, აბსოლუტურად ბუნებრივი, ვიღაცას ქარხანა არ აუშენებია და მერქნის გაფრქვევა არ დაუწყია. ჩვეულებრივად დაიწყო და დასრულდა მე-19 საუკუნის დამდეგს. მერე დაიწყო დათბობის პერიოდი, რომელშიც ახლაც ვიმყოფებით, მაგრამ ეს პროცესი გაამძაფრა ადამიანის მოქმედებამ, ანუ სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევამ ატმოსფეროში. ეს გაამძაფრა ურბანულმა განაშენიანებამაც.

ჰიდროლოგიაშიც და კლიმატოლოგიაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ე.წ. ქვაფენილი ზედაპირის ფაქტორი. როდესაც მოდის წვიმა, რა ზედაპირი ხვდება წვიმას დედამიწაზე? წყალგამტარი თუ წყალგაუმტარი? მაგალითად, წყალგამტარი ზედაპირია ნიადაგი, წყალგაუმტარი – ასფალტი, ბეტონი, ქვა და ასე შემდეგ. დღისით მზით გახურებული ასფალტი ღამით დაგროვებული სითბოთი ახურებს გარემოს, მაშინ, როცა ბალახის შემთხვევაში ის გრილდება.

ახლა წარმოვიდგინოთ კორპუსები, ცათამბჯენები, რომლებიც ქალაქებში ეგრეთ წოდებულ სითბურ კუნძულებს ქმნიან. ღამით მზე აღარ არის, მაგრამ ეს კორპუსები ქალაქებში გადანაწილებულია როგორც, ასე ვთქვათ, გამათბობელი ელემენტები და ღამით რომ უნდა გრილოდეს, კორპუსები და სხვა ნაგებობები გარემოს ახურებენ.

დიახ, კლიმატი იცვლება, გათბობისკენ მიდის, მაგრამ ადამიანურმა ფაქტორმა ეს უფრო გაამძაფრა და მასშტაბი გაზარდა.

– რა უნდა ქნან ადამიანებმა, რომ ტემპერატურამ უფრო მეტად არ აიწიოს?

– ადამიანებს რაც შეგვიძლია, ის არის, რომ თავი გადავირჩინოთ, მაგალითად, როდესაც ცხელა, წყალი დავლიოთ, შევაფაროთ თავი ჩრდილს; მაგალითად, სოფელში მაქვს სახლი, მინდა პირობები გავაუმჯობესო, ეზოში ქვა, ბეტონი დავაგო, ეს კი სახლს გამიხურებს. ხომ შემიძლია არაფერი დავაგო და ბალახი დავტოვო, ეს სახლს გამიგრილებს; არ მოვჭრა ის დიდი ხეები, რომელიც ეზოში მაქვს, ეს ჩემს დონეზე მიკრო­კლიმატს შემიცვლის. 3-4 გრადუსით ნაკლები ტემპერატურა მექნება ჩემს სამყოფელში იმის ხარჯზე, თუ ძვირ ბეტონს არ დავასხამ ეზოში, არ მოვჭრი ხეებს, პირიქით, დავრგავ… ასეთი პატარა ცვლილებები შეგვიძლია. თუმცა ქართველი საზოგადოება არა ვართ გამონაკლისი, ევროპელებიც ამ გზას დაადგნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ ეზოში ტალახი რომ არ მინდა, ბეტონის დასხმა არ არის გამოსავალი. სხვა მიდგომაა საჭირო. მაგალითად, ისეთი ზედაპირის გაკეთება, რომელიც ტალახსაც ამარიდებს და თან სიგრილეს შემინარჩუნებს. წვიმა რომ მოვა ჩემს ეზოში, წყალი ჩაიჟონება და სახლში არ შემოვა. ანუ გამოცდილებამ მოიტანა ეს ევროპაში. ჩვენც მივალთ, ალბათ, ამ დასკვნამდე. ის მაინც შეგვიძლია სხვისი გამოცდილება გავიზიაროთ. ვინმემ უნდა გვითხრას, რომ უფრო ეკომეგობრული გამოსავალი, შეიძლება ნაკლებიც ჯდებოდეს. უბრალოდ, ეს არავის უსწავლებია ჩვენთვის.

– უდიდესი პრობლემაა ასევე სადრენაჟე, სანიაღვრე სისტემები. წვიმის დროს იტბორება ქუჩები, ეზოები… ვნახეთ, რა მოხდა სენაკში, კახეთში… თბილისშიც ყოველი ძლიერი წვიმის დროს საშინელი ვითარებაა. რატომ ვერ უძლებს სანიაღვრე სისტემები?

– სულ რამდენიმე ტიპის წყალდიდობა არსებობს, მაგრამ რაც ჩვენ გვაინტერესებს, არის მდინარის ადიდების გამო წყალდიდობა და ურბანული წყალდიდობა, რომელთან კავშირში მდინარე არ არის. ურბანული წყალდიდობა დაკავშირებულია იმასთან, რომ წვიმას ზედაპირზე ხვდება წყალგაუმტარი ზედაპირი, მისი ნაწილი ნიადაგში ვერ ჩაიჟონება და წყალი რჩება ზედაპირზე. მაგალითად, 25 წლის წინანდელ თბილისში, რომელიც ამხელა არ იყო და არც ამდენი ქუჩა არსებობდა, მოვიდოდა წვიმა და ამ წყლის დიდი ნაწილი ჩაიჟონებოდა ნიადაგში, ასფალტზე ძალიან ცოტა რჩებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც იყო წყალდიდობები, მაგრამ არა ასეთი ხშირი და ასეთი ინტენსივობის. ამ საკითხის მოგვარება შეიძლება შევადაროთ საცობების პრობლემას, როცა გზის გაგანიერება საცობს ვერ შველის. ეს სადრენაჟე ქსელიც უსაშველოდ ვერ გაიზრდება და უსაშველოდ დიდი გამტარუნარიანობის ვერ გახდება. თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი ქუჩა მაინც თბილისში, რომელიც გაგანიერდა და ამის გამო საცობი აღარ არის? ანალოგიური რამ ხდება სადრენაჟე სისტემების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არსებული სისტემები გასაწმენდია, ახლებიც გასაყვანია, მაგრამ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი ველური ურბანიზაციის პირობებში წვიმის წყალს გაუძლოს. ვერ გაატარებს ამდენს, იმიტომ, რომ ყოველი ქუჩა წყალდიდობის ცალკე კონტრიბუტორი ხდება. იქმნება ახალი ქუჩები, ახალი წყალგაუმტარი ზედაპირები და პირობითად, 10 ლიტრი მოსული წვიმიდან 9 ლიტრ-ნახევარი ზედაპირზე რჩება, მაშინ როცა ბუნებრივ გარემოში 10 ლიტრი რომ მოვიდოდა, შეიძლება 6 ლიტრი მიწაში ჩასულიყო და ზედაპირზე ოთხი რჩებოდა. ქუჩათა ქსელი, მით უმეტეს, ახალი, აგროვებს ამ წყალს ერთი ქუჩიდან მეორეში, მერე ეს ორი შენაერთი მესამე ქუჩაზე გადადის და ასე იქმნება წყალდობები. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ძალიან მეეჭვება დიდი მასშტაბის სადრენაჟე სისტემის გაყვანამ ეს პრობლემა გადაჭრას. ესეც გავლილი აქვს ევროპას, გაჰყავთ ახალი სადრენაჟე სისტემებიც, ძველებსაც წმენდენ და აფართოებენ, მაგრამ ასევე გადადიან წყალგამტარ ზედაპირებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ასფალტი უნდა აყარონ ქუჩებზე. სადაც შესაძლებელია, წყალგაუმტარ ზედაპირებს დატოვებენ, სხვაგან კი დააბრუნებენ ისეთ ზედაპირს, რომ წვიმის წყალი ჩავიდეს ნიადაგში და არ დააწვეს სადრენაჟე სისტემას გასატარებლად.

– საკანალიზაციო მილების დამონტაჟებაც ქმნის, ალბათ, პრობლემას…

– ეგ საერთოდ კომიკური ამბავია, იმიტომ, რომ ქალაქებში არსებობს საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, ანუ წვიმის წყალარინების სისტემა. ჩვენთან, გარდა იმისა, რომ 70-80-იანი წლების მოთხოვნებზე დაპროექტებული სადრენაჟე სისტემაა, მაშინდელი კლიმატით და მაშინდელი ქუჩებითა და განაშენიანებით, რაც ისედაც არასაკმარისია, ამას ემატება უკანონო დაშენებებიც… ანუ ამ საწყალ პატარა სადრენაჟე სისტემას, სანამ წვიმის წყალს გაატარებს, მანამდე კანალიზაციის გატარებაც უწევს, რაც წარმოუდგენელი ამბავია. კანალიზაცია არ უნდა იყოს მიერთებული წვიმის წყალარინულ სისტემაზე.

– გაკეთდა გზები, დაიგო ასფალტი, მაგრამ წვიმის დროს მდინარესავით მიედინება წყალი. არ არის სათანადო სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემა ამ ახალდაგებული ასფალტის ქვეშ?

– მაშინ საპირისპირო კითხვას დაგისვამთ, ახალდაგებული ასფალტი ასე უცებ რატომ ფუჭდება? ერთი მხრივ, უხარისხობასთან გვაქვს საქმე, მეორე მხრივ, არ ექცევა ყურადღება ზედაპირული წყლების მართვას, რომელიც ძალიან ზუსტი საქმეა, ყველა სანტიმეტრი და მილიმეტრი მნიშვნელოვანია.

– გამოსავალი რა არის?

– ძალიან მარტივად ვიტყვი. ალბათ, ნებისმიერ ფერმერს მიუქცევია ამაზე ყურადღება, მაშინ, როდესაც მის ნაკვეთში ტრაქტორი მუშაობს, ის იწყებს მიწის დატკეპვნასაც თავისი წონის გამო. ეს კი იწვევს იმას, რომ მის მეზობელ უბანში, ის ადგილი, რომელიც არ არის დატკეპნილი, იხრამება, ანუ ეროზია ჭრის. ყველას შენიშნული ექნება თავის მიწის ნაკვეთებზე, როგორ აგრესიულად მუშაობს წვიმის წყალი ასეთი პატარა დეტა­ლის შემთხვევაშიც კი. რა განსხვავებაა? დატკეპნილში ვეღარ ჩადის წვიმის წყალი და იჩაგრება მისი მეზობელი, დაუტკეპნავი უბანი, რომელიც ჭარბი წყლის გამო იხრამება. იგივე ხდება ქალაქშიც – ასფალტი და ბეტონი წყალს ვერ ატარებს, მაშინ როცა მისი მეზობლის დაუტკეპ­ნავი ბუნებრივი გარემო მარტივად იწოვს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რამხელა მნიშვნელობა აქვს დატკეპნილ ზედაპირს, რაც ხვდება წვიმას ქალაქში. ტყუილად არ არის გზების კიდეებზე დრენაჟები. მაგალითად, წყნეთიდან ბეთანიისკენ მიმავალ გზაზე არის დრენაჟები დატანებული, რათა წვიმის წყალი თავისუფლად ჩავიდეს და არ დარჩეს ზედაპირზე.

წვიმის წყალს გონივრულად მართვა სჭირდება. სანამ უბნების მშენებლობაზე სამშენებლო ნებართვა გაიცემა, ვინმე აქცევს ყურადღებას, რომ იმ უბანს დასჭირდება ახალი გზა, რაც გამოიწვევს ახალი წყლის ნაკადს ქვედა უბნებში, ქვედა უბნების დრენაჟი კი არ არის გათვლილი ამხელა დატვირთვაზე.

– ვარაუდობენ, რომ ივლისის მეორე ნახევარში იქნება მაღალი ტემპერატურა, შიგადაშიგ წვიმები. პრევენციისთვის რა უნდა გაკეთდეს?

– წვიმების შემთხვევაში პრევენციაა წინასწარი კვლევა და განსახლების პოლიტიკა, ანუ სად შეიძლება იცხოვროს ადამიანმა და სად არ შეიძლება, იმიტომ, რომ მისი ტერიტორია, დაბალი ალბათობით, მაგრამ შეიძლება დაიტბოროს. გვალვის შემთხვევაში პრევენცია უფრო სასურსათო უსაფრთხოებას და სამედიცინო სფეროს შეეხება, რათა ქრონიკული დაავადების, ანუ რისკის ქვეშ მყოფ პირებს, სწორი რეკომენდაციები მიეცეს, როგორ მოიქცნენ მაღალი ტემპერატურის ან ტენიანობის დროს. ყველა ასეთ დეტალს თავისი მიდგომა სჭირდება და თავისი სპეციფიკა აქვს. მაღალი ტემპერატურა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაგვც­ხება, მაღალი ტემპერატურა ჯანმრთელობას რისკს უქმნის. წყალდიდობა, წყალმოვარდნა ნიშნავს იმასაც, რომ შეიძლება ტყის და ველის ხანძრებიც იყოს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს. არ უნდა დავაგდოთ სიგარეტის ნამწვი, ცეცხლი თუ ავანთეთ პიკნიკზე, კარგად უნდა ჩავაქროთ, რათა ხანძრის კერები ჩვენი ხელით არ შევქმნათ. მაღალი ტემპერატურა ნიშნავს მყინვარების ინტენსიურ დნობასაც, რაც განაპირობებს ისეთი ახალი ტბების ჩამოყალიბებას, რაც აქამდე არ არსებობდა და არავინ იცის, რამდენად სტაბილურ ჭრილშია მოქცეული, ხომ არ გადმოიქცევა. ახალი ტბები ახალ პრობლემებს აჩენს. ასე რომ, ეს ერთი შეხედვით ერთეულოვანი მონაცემი, რასაც მაღალი ტემპერატურა ჰქვია, უამრავ პრობლემას ქმნის.

– მყინვარების დნობის პროცესი კონტროლდება?

– როგორც ამბობენ, კონტროლდება. ნიუსებად ვხვდები, რომ რაღაცა კეთდება, მაგრამ პირადად არ მინახავს. რამდენადაც ვიცი, ერთადერთი შეტყობინების სისტემა, რომელიც მუშაობს, დევდორაკზეა, დანარჩენზე კი მუშაობენ, რომ დააყენონ. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ის არის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ბუნებრივი გარემო შევინარჩუნოთ, რადგან ის ყველაზე კარგად არეგულირებს იმ არეალის მიკროკლიმატს, სადაც ვცხოვრობთ.

– სინოპტიკოსები ძალიან ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მოსალოდნელ საფრთხეებს?

– ზაფხული იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ანუ ცხელი, მაგრამ გამორჩეულად ცხელი. წელსაც პერიოდულად გვექნება თავსხმა წვიმები, ისეთი, რომელმაც შეიძლება გაგვაკვირვოს.

წყარო