ლევან დავითაშვილი – ევროკავშირში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა – რაც შეეხება რუსეთს, ის საქართველოს ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია, არა პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი

წლები დაგვჭირდება, რომ ჩვენი ექსპორტი ევროკავშირში იზრდებოდეს და მეტი პროდუქტი გავყიდოთ იმიტომ, რომ ეკონომიკა ახლა ყალიბდება, მათ შორის მრეწველობა. კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქტი მეტი რომ გვქონდეს, ამას მეტი ძალისხმევა სჭირდება , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილის მტკიცებით, ხელისუფლების სურვილია, რომ უფრო მეტი იყოს ევროკავშირში ექსპორტი, თუმცა დღევანდელ ვითარებას ბევრი ობიექტური საფუძველი და პირობა გააჩნია.
„რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტს. 2023 წელს, 2014 წელთან შედარებით ექსპორტი გაიზარდა 41%-ით. მნიშვნელოვანი ზრდაა და დაახლოებით 700 მილიონ დოლარს შეადგენს. მთლიანად ქვეყნის ექსპორტიც დინამიკურად იზრდება და აქაც მანიპულირებას აქვს ადგილი. მარტივი გასაგებია, რომ როდესაც ექსპორტი იზრდება, წილობრივი მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს მაღალი. ბუნებრივია ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი იყოს, თუმცა ამას ბევრი ობიექტური საფუძველი გააჩნია და პირობა, რატომაც ჩვენ სრულად ვერ ვიყენებთ შესაძლებლობებს. ქვეყანაში შესაძლებლობების განვითარება უნდა მოხდეს, როგორც სამეწარმეო კუთხით, მეტი გაყიდვადი და ექსპორტირებადი პროდუქტი უნდა იწარმოებოდეს და ასევე ინფრასტრუქტურა საშუალებას უნდა გვაძლევდეს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გვქონდეს სრული წვდომა, მათ შორის ლაბორატორიული და სტანდარტების კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეოგრაფიიდან გამომდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
„2013 წლამდე საქართველოდან რუსეთში საერთოდ არ ხორციელდებოდა ექსპორტი. საქართველო იყო დაკეტილი, ჰქონდა ემბარგო. შემდეგ ეტაპობრივად დავიწყეთ რუსეთის ბაზარზე წვდომა, მოხდა სხვადასხვა მიმართულებაზე პროდუქციის დაშვება. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შედეგი იყო. როდესაც საქართველო რუსეთში არ ყიდდა არაფერს, საქართველო რუსეთიდან ყიდულობდა ყველაფერს. საქართველოს ჰქონდა ცალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა. ჩვენ გვქონდა იმპორტი, რომელიც არაფრით არ ბალანსდებოდა. ეს არ იყო ჩვენთვის ხელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობა. 2013 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო ბაზრის გახსნა და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია რუსეთი. არა პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი, გამომდინარე გეოგრაფიიდან და იქიდან, რომ ბევრი პროდუქტისთვის ეს არის ტრადიციული ბაზარი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტი ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხ კანდიდატს უსმენს.
კერძოდ, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ასევე დაგაინტერესებთ