Reuters – უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად მუშაობა რუსეთის კიდევ ერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა

უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად მუშაობა რუსეთის კიდევ ერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, აღინიშნება, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ოთხშაბათს, 8 ივლისს, დრონების დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მუშაობა შეაჩერა.

წყაროების ინფორმაციით, დრონებმა პირველადი გადამუშავების დანადგარი CDU-6 დაბომბეს, რომლის სიმძლავრე 20 ათასი ტონაა დღეში. ეს ერთადერთი მსგავსი დანადგარია ქარხანაში.

ცნობისთვის, 8 ივლისს სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა და ასევე „სამოქალაქო სამრეწველო ობიექტები“ დაზიანდა. მას ეს ობიექტები არ დაუსახელებია, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შესახებ განაცხადეს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად მუშაობა შეაჩერა რუსეთის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც ომსკში მდებარეობს.