უშგულის ლამარიაზე უნებართვოდ სატრაპეზო შენდება

შხარის მყინვარიდან წამოსული, მდინარე ენგურის სათავიდან გზას ხეობისკენ რომ გამოუყვები, უშგულის სოფლებს სანამ დაინახავ, შემაღლებულ გორაზე ჩანს ლამარიას ეკლესია ფიქალის ქვის გალავნით, ზედ მიდგმული კოშკითა და ორი შენობით. იქვე, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ოთხი კაცი მუშაობს —  ერთი ნიჩბით ცემენტს ურევს, დანარჩენები ბლოკებს აწყობენ, საძირკველი ჩასხმულია, მშენებლობა უკვე შვიდ ბლოკზეა ამოყვანილი.

ვეკითხებით, რას აშენებენ და მათგან ვიგებთ, რომ დაახლოებით თვენახევარია, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ლამარიასთან სატრაპეზოს აშენებს. 

პროექტი და ნებართვა გაქვთ? – კითხულობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი. გვპასუხობენ, რომ არ იციან, მეუფემ დაიქირავა და თავის საქმეს აკეთებენ.

ბლოკებსა და სამშენებლო მასალებს რომ ხედავს, თამარ ამაშუკელი მაშინვე ტელეფონს იღებს და რეკვას იწყებს. თუ კი ვინმე ეგულება ძეგლის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, ლამარიას ამბავს ეკითხება. ცხად პასუხებს ჯერ ვერ იგებს.

ლამარია და მთელი ზემო სვანეთის რეგიონი განსაკუთრებული სტატუსით დაცული ტერიტორიაა. ამ განსაკუთრებულობას იუნესკოს სტატუსი განსაზღვრავს, რომელიც ამბობს, რომ ზემო სვანეთი კაცობრიობისთვის გამორჩეული ღირებულების მქონე ადგილი და ეროვნულ მნიშვნელობასთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიისნაწილია. ზემო სვანეთთან ერთად, საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში სულ ოთხი ობიექტია შეტანილი. მათგან სამი კულტურული მემკვიდრეობაა —  გელათის მონასტერი, მცხეთის ისტორიული ძეგლები და ზემო სვანეთი, ხოლო ერთი — კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები — ბუნებრივ მემკვიდრეობას მიეკუთვნება.

ვრცლად