ფილტვის კიბო მსოფლიოში ონკოლოგიური სიკვდილიანობის პირველი მიზეზია, თუმცა მედიცინის უახლესი მიღწევები და თბილისში ახლახან დაწყებული უფასო სკრინინგი დაავადებასთან ბრძოლის სრულიად ახალ ეტაპს აყალიბებს.
ფილტვის კიბო არის ბრონქებისა და ფილტვის ქსოვილის უჯრედების უკონტროლო ზრდა. პრევენციის მთავარი იარაღია რისკ-ფაქტორების მაქსიმალურად შემცირება. შემთხვევათა 85-90%-ის პირდაპირი მიზეზია თამბაქოს მოხმარება. არამწეველებში რისკს მნიშვნელოვნად ზრდის პასიური მოწევა. ასევე, აღნიშნული დაავადების წარმოქმნის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს ნიადაგიდან გამოყოფილი უსუნო გაზი რადონი და ჰაერის სხვა დამაბინძურებლები, პროფესიული კანცეროგენები: აზბესტი, დარიშხანი და სხვა ქიმიკატები, რომელთან მუშაობაც აზიანებს უჯრედებს.
“თამბაქოს და მისი ახალი პროდუქტების მოხმარება ფილტვის კიბოს მთავარ, ნომერ პირველ მიზეზად რჩება და შემთხვევათა 90%-მდე პირდაპირ მწეველებზე მოდის. თუმცა, როდესაც ფილტვის კიბოს პრევენციაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს არა მარტო ინდივიდუალურ არჩევანთან, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან”, – აღნიშნავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ბახტურიძე. მისი თქმით, 2018 წლიდან თამბაქოს კონტროლის კანონით დახურულ სივრცეებში მოწევა აიკრძალა, მაგრამ აღსრულებაზე კონტროლი მუდმივად გასამკაცრებელია.”
– დღეს უდიდესი გამოწვევაა პასიური მოწევა. პასიური მწეველები, მათ შორის ბავშვები და ქალები, ხშირად საკუთარ სახლებში ხდებიან ტოქსიკური კვამლის მსხვერპლნი, რაც მათ ორგანიზმში კიბოს განვითარების რისკს 30%-ით ზრდის. ამას ემატება სხვა, უხილავი კანცეროგენები, რომლებსაც სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ.
ქალაქებში ჰაერის დაბინძურება (ავტოტრანსპორტისა და სამშენებლო მტვრისგან გამოყოფილი PM2.5 ნაწილაკები) უკვე ოფიციალურად აღიარებულია ფილტვის უჯრედების მუტაციის პირდაპირ გამომწვევად, რაც ხსნის არამწეველებსა და ახალგაზრდებში დაავადების მატებას.
რაც შეეხება რადონსა და პროფესიულ ქიმიკატებს (მაგ. აზბესტს), ეს არის მიძინებული ბომბი. თუ ადამიანი მუშაობს სამშენებლო ან ინდუსტრიულ სექტორში დამცავი ეკიპირების გარეშე და თამბაქოს ან ნიკოტინის შემცველ პროდუქტებსაც მოიხმარს, მისი ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი ათმაგდება.
ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით გამოსავალი ერთია: სახელმწიფო დონეზე უნდა გამკაცრდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები საწარმოებში, გაძლიერდეს ჰაერის ხარისხის კონტროლი დიდ ქალაქებში, გაძლიერდეს თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების სამოქალაქო მონიტორინგი, ხოლო თამბაქოს ნაწარმზე (მათ შორის, გასახურებელ და ელექტრონულ სიგარეტებზე, რომლებსაც ინდუსტრია შეცდომით “ნაკლებ საზიანოდ” ასაღებს) უნდა იყოს ერთგვაროვანი საგადასახადო პოლიტიკა. მხოლოდ სრულფასოვანი პრევენციითა და ადრეული სკრინინგით შევძლებთ ამ სტატისტიკის გარდატეხას.
გლობალური მიღწევები და იმედისმომცემი სიახლეები
მეცნიერებაში რევოლუციური მიღწევების შედეგად, მსოფლიო მედიცინაში ფილტვის კიბო აღარ განიხილება როგორც განაჩენი. მედიკამენტები (იმუნური ჩეკპოინტების ინჰიბიტორები) აიძულებენ პაციენტის იმუნურ სისტემას, დაინახოს და გაანადგუროს სიმსივნური უჯრედები. მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპიის შედეგად, პრეპარატები ებრძვიან კონკრეტულ გენეტიკურ მუტაციებს (EGFR, ALK, ROS1), რაც განსაკუთრებით ეფექტურია ახალგაზრდა და არამწეველი პაციენტებისთვის. ასევე, კლინიკური კვლევების ფაზაში მყოფი mRNA ვაქცინები მიზნად ისახავს რეციდივების პრევენციას.
საქართველოს წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები. ინოვაციური ტარგეტული და იმუნოპრეპარატები გლობალური აღიარებიდან საკმაოდ სწრაფად (ხშირად რამდენიმე თვეში) შემოდის ქვეყანაში. თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება მედიკამენტების მაღალი ღირებულება, რის გამოც პაციენტები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი სახელმწიფო და რეფერალურ დაფინანსების პროგრამებზე.
ერთი სისხლის ანალიზით 50-მდე სახის კიბოს გამოვლენა
ზაზა წერეთელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი – კიბოს სკრინინგის სფეროში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ამჟამად განიხილავს სისხლის ტესტის ახლა ნაირსახეობას – Galleri-ს, რომელსაც შეუძლია ერთი სისხლის ნიმუშიდან 50-მდე სხვადასხვა ტიპის კიბოს ნიშნების გამოვლენა. თუ ტესტი სრულად დამტკიცდება, ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება და შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს კიბოს ადრეული აღმოჩენის მიდგომები.
დღესდღეობით რეგულარული სკრინინგი მხოლოდ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული კიბოსთვის არსებობს – ძუძუს, მსხვილი ნაწლავის, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და ფილტვის კიბოსთვის. თითოეული მათგანი ცალკე გამოკვლევას საჭიროებს. Galleri და მსგავსი ტესტები კი სისხლში ცირკულირებადი დნმ-ის ფრაგმენტებისა და სხვა ბიოლოგიური მარკერების ანალიზით ერთდროულად მრავალ კიბოს ეძებენ.
Galleri და კიდევ ერთი ანალოგიური ტესტი CancerGuard უკვე ხელმისაწვდომია აშშ-ში სპეციალური რეგულატორული მექანიზმის ფარგლებში. თუმცა, მათი ღირებულება რომ Medicare-მა და კერძო სადაზღვევო კომპანიებმა დაფარონ, საჭიროა FDA-ის სრული დამტკიცება.
აშშ-ის კონგრესმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლიდან Medicare შეძლებს დააფინანსოს მრავალკიბოს ადრეული გამოვლენის (MCED) ტესტები, თუ ისინი სრულ რეგულატორულ დამტკიცებას მიიღებენ.
ამჟამად Galleri-ის საცალო ფასი დაახლოებით 950 აშშ დოლარია, ხოლო ჩანცერGუარდ-ის – 659 დოლარი.
Galleri-ის ეფექტიანობის შესაფასებლად კომპანია Grail-ი ატარებს ფართომასშტაბიან კვლევებს, რომლებშიც ჯამში 177 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ტესტები არ უნდა განიხილებოდეს არსებული სკრინინგის მეთოდების შემცვლელად. მამოგრაფია, კოლონოსკოპია, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი და სხვა დადასტურებული მეთოდები კვლავ აუცილებელი იქნება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ Galleri არ არის დიაგნოსტიკური ტესტი. დადებითი პასუხი არ ნიშნავს აუცილებლად კიბოს. ტესტი მხოლოდ აფიქსირებს შესაძლო სიგნალს და ვარაუდობს, თუ სხეულის რომელ ნაწილში შეიძლება იყოს წყარო. საბოლოო დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია დამატებითი კვლევები – გამოსახულებითი დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული ტესტები ან ბიოფსია.
მსგავსი “თხევადი ბიოფსიის” ტექნოლოგიები უკვე აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიაში და ექიმებს ეხმარება მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებაში, დაავადების დაბრუნების გამოვლენაში და სიმსივნის გენეტიკური მახასიათებლების განსაზღვრაში, რაც უფრო მიზნობრივი მკურნალობის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში სისხლის ტესტები იმდენად მგრძნობიარე გახდება, რომ კიბოს აღმოჩენა შესაძლებელი იქნება მისი განვითარების ყველაზე ადრეულ ეტაპებზე, ან თუნდაც დაავადების გაჩენამდე წლებით ადრე მაღალი რისკის მქონე ადამიანების იდენტიფიცირება.
თუ კვლევების შედეგები დადასტურდება, მომავალში კიბოს სკრინინგი შეიძლება ისეთივე მარტივი გახდეს, როგორიც არის ჩვეულებრივი სისხლის ანალიზის ჩაბარება.
სკრინინგი – სიცოცხლის გადარჩენის შანსი
ფილტვის კიბო ვერაგულად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როდესაც მყარი სიმპტომები (სისხლიანი ხველა, მკერდის ტკივილი) ჩნდება, დაავადება ხშირად შორსწასულია. უმნიშვნელოვანესია დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც (LDCT) უმცირეს კვანძებსაც კი ავლენს, რაც ადრეულ ეტაპზე პაციენტის გადარჩენის შანსს 70-90%-მდე ზრდის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) და ეროვნული კიბოს რეგისტრის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ონკოლოგიური სიკვდილიანობის სტრუქტურაში ფილტვის კიბო პირველ ადგილზეა (საერთო მაჩვენებლის 14%).
მამაკაცებში ფილტვის კიბო პირველ ადგილზეა ყველა სიმსივნეს შორის (შემთხვევათა 16%). ქალებში პირველობას ინარჩუნებს ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის კიბო, თუმცა ფილტვის კიბოს შემთხვევები ქალებშიც მზარდია, ისევე როგორც ქალებში მზარდია თამბაქოს პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი.
საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევებით, სულ უფრო ხშირად ფიქსირდება ფილტვის კიბო 45-50 წლამდე ასაკის პირებში, მათ შორის არამწეველ ქალებშიც, რაც ხშირად გენეტიკური მუტაციებით (მაგ. EGFR) არის განპირობებული.
მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, თბილისის მერიის დაფინანსებით ამოქმედდა ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამა. სარგებლობა შეუძლიათ დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-75 წლის მოქალაქეებს, აქტიურ მწეველებს ან მათ, ვინც თავი დაანებეს მოწევას ბოლო 15 წლის განმავლობაში. კვლევა (LDCT) ტარდება წამყვან კლინიკებში.
გელა ჩივიაშვილი, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და საქალაქო სამსახურის უფროსი: – დღემდე, სკრინინგი 2 381-მა მოქალაქემ ჩაიტარა, მათგან 1 202 მამრობითი, ხოლო 1 179 მდედრობითი სქესის არის. 38 მოქალაქეს, რომელთა ასაკი 45-დან 75 წლამდეა, ფილტვის კიბოს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევები დაენიშნა. მათგან 11 მდედრობითი, ხოლო 27 – მამრობითი სქესის არის. 38-დან 14-მა ბოლო 15 წელია, რაც თამბაქოს მოხმარებას თავი დაანება.
აღნიშნული შემთხვევების გარდა, ჩატარებული სკრინინგის შედეგად, 1 560 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ცვლილება გამოვლინდა, მათ შორის, აორტის ანევრიზმა, ლიმფური კვანძები, წარმონაქმნები თირკმელსა და ღვიძლში, ხოლო 500-ზე მეტ მოქალაქეს ფილტვის რიგი დაზიანება აღმოაჩნდა. სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად, წამყვანი კლინიკები შევაარჩიეთ, რომლებიც საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტების და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მხრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ ეტაპზე, პროგრამას, თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 17 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება. მოქალაქე, სკრინინგის ჩასატარებლად დაწესებულებას თავად ირჩევს (დაინტერესებულებს შეუძლიათ ინფორმაცია კლინიკების შესახებ მოიძიონ: https://tbilisi.gov.ge/img/original/2026/5/20/01-skriningi-20260520.pdf. ).
ფილტვის კიბოს სკრინინგი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის “დაავადებათა სკრინინგის” პროგრამის მეექვსე კომპონენტია. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც შესაბამისად, 2018 და 2024 წლებში დაიწყო. სულ, “დაავადებათა სკრინინგის” პროგრამის ფარგლებში, ექვსი სახის სკრინინგი ფინანსდება.




