აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ერდოღანი ნატო-ს სამიტის წინ მკაცრ ზომებს იღებს: რატომ აეკრძალათ თურქ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაზე“ (ავტორი – ვიქტორ ჯეკი). მასალაში განხილულია ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრის წინ შექმნილი სიტუაცია მასპინძელ ქვეყანაში – თურქეთში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
თურქეთის ხელისუფლებამ ნატო-ს სამიტის წინ, რომელიც 7-8 ივლისს ანკარაში უნდა გაიმართოს, ასობით მოქალაქე დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციების ჩატარება და შეზღუდა მასმედიის თავისუფლება. ანტისახელისუფლებო აქციების მონაწილეები კი, თავის მხრივ, მთავრობას იმაში ადანაშაულებენ, რომ ძალოვანი სტრუქტურები საბაბს ეძებენ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მოსახდენად.
პოლიციამ უკვე დააპატიმრა 225 მოქალაქე – მეცნიერთა, პედაგოგთა და აქტივისტთა ჩათვლით, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან კავშირში. პოლიცია არ ინდობს მიტინგების მონაწილე ხანში შესულ, მოხუც ადამიანებსაც – დაკავებულია ეკოლოგიური ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, რომელიც 79 წლისაა. ანკარის მერმა 28 ივნისიდან ასევე აკრძალა მასობრივი ხასიათის მქონე ღონისძიებები – საჯარო შეკრებები, პრესკონფერენციები, აგრეთვე პლაკატების და ლოზუნგების გაკვრა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის დედაქალაქში თავი 4 ათას პოლიციელს მოუყარა.
ამის პარალელურად, როგორც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) თურქეთის ეროვნული კომიტეტის წევრი ურაზ კასპარი ამბობს, ათობით თურქ დამოუკიდებელ ჟურნალისტს უარი ეთქვათ ნატო-ს ლიდერების სამიტზე აკრედიტაციისათვის, თანაც მიზეზების განმარტების გარეშე. მათ შორის ბევრია ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც თურქეთის ავტორიტარ პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანს აკრიტიკებენ.
როგორც ნატო-ს პრესმდივანმა ელისონ ჰარტმა განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმედს გამოხატავს, რომ ჟურნალისტთა სანდოობის შეფასების კრიტერიუმებს სამიტის მასპინძელი ქვეყანა განსაზღვრავს. მათი აკრედიტაციის საკითხების შესახებ ნატო თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტობს“. მისი თქმით, ნატოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასმედიის წარმომადგენლებმა პირადად მოახერხონ დასწრება მსხვილ ღონისძიებებზე.
თავის მხრივ, თურქეთში საპროტესტო აქციების მონაწილეები ნატო-ს ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ: „იმის მიუხედავად, რომ ნატო სამიტის მიმღები ქვეყნის შეფასებებს ეყრდნობა, ეს არ ათავისუფლებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავისი დემოკრატიული სტანდარტების დაცვისაგან“, – აცხადებს ურაზ კასპარი, – „ყოველი ჟურნალისტი, რომელმაც უარი მიიღო, იმსახურებს, რომ მას ხელისუფლებამ მკაფიოდ, კონკრეტულად და გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვით აუხსნას უარის მიზეზები“.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა 14 ორგანიზაციასთან ერთად, რომლებიც პრესის ტავისუფლების საკითხებით არიან დაკავებულები, წერილი გაუგზავნა ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აკრედიტაციასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტისაკენ მოუწოდა.
„თუ ნატოს სამიტის მიმღებ ქვეყნებს შეუძლიათ ჟურნალისტების მიმართ აკრძალვების დაწესება საერთაშორისო მედიაღონისძიებებზე, მაშინ ამის შესახებ ღიად უნდა ითქვას“, – ამბობს იშინ ელიჩინი, დამოუკიდებელი ტელეარხის Halk TV-ის ჟურნალისტი, რომელმაც აკრედიტაცია ვერ მიიღო. მისი თქმით, „ჟურნალისტების მონაწილეობის შეზღუდვა და აკრძალვა ნატოს სამიტზე მასმედიის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს და საბოლოო ჯამში, საზოგადოების უფლებებს ლახავს – მიიღოს დამოუკიდებელი ინფორმაცია ნატოს მუშაობის შესახებ“.
ბენ უორდი, ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპული ქვედანაყოფის დირექტორის მოადგილის თქმით, „ნატო-ს ოფიციალურმა პირებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის საერთო პრინციპებს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს, არანაირად არ უნდა შეურიგდება თურქეთის ხელისუფლების მიერ სამიტის წინ გამოვლენილ უკიდურესად რეპრესიულ მიდგომას“.
სხვათა შორის, თურქეთის მიერ მიღებული სადამსჯელო ზომები თვითონ ნატო-სთვისაც საკმაო უხერხულობას ქმნის. „ალიანსის სამიტი არ უნდა იქნეს გამოყენებული მკაცრი ზომების მიღების საბაბად“, – განაცხადა ერთ-ერთმა ნატოელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა. მეორე დიპლომატის თქმით, „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და რეგულარულად ვაყენებთ ამ საკითხებს თურქეთთან ორმხრივი კონტაქტების დროს“. ორივე პიროვნებამ თავიანთი აზრი ანონიმურობის დაცვის პრინციპით გამოხატა.
საქმეში ჩახედული ერთ-ერთი კომპეტენტური პირის თქმით, ალიანსი ცდილობს, რომ თურქეთის ხელისუფლებას აზრი შეაცვლევინოს და აკრედიტაციის სიას გადაახედვინოს.
„როცა ავტორიტარული [მთავრობა] ასეთი დონის ესოდენ მნიშვნელოვან სამიტს ატარებს, ჩვენ აშკარად ვხედავთ დემოკრატიის პრინციპების დარღვევას – იმას, თუ როგორ ხდება თვითნებური აკრედიტაცია და როგორ აკავებენ 300-მდე ადამიანს რაღაც „პრევენტიული ოპერაციის“ მომიზეზებით“, – წერს სანჩეს ამორი, ევროპარლამენტის წევრი თურქეთიდან სოციალურ ქსელში, – „სამწუხაროდ, ეს ფაქტი ხელს არ უშლის მარკ რიუტეს, რომ მან ღამით მშვიდად იძინოს“.
„პოლიტიკომ“ წერილი გაუგზავნა თურქეთის მთავრობას და მას კომენტარების გაკეთება სთხოვა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.
ცნობისათვის; თურქეთი 163-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რომელსაც ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ყოველწლიურად ადგენს. 163-ე ადგილი ნატოს 32 წევრ ქვეყანას შორის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. თურქეთს მესამე ადგილი უკავია ევროპაში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით, აზერბაიჯანისა და რუსეთის შემდეგ.
მოამზადა სიმონ კილაძემ




