: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

ფილოსოფოსი :
დღეს თემურ უგულავას უკანასკნელ გზაზე გააცილებენ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და მისთვის სრულიად უცხო ადამიანები. ბევრი არ ცხოვრობს ისე, რომ უცნობებს ატკინოს გული მისმა წასვლამ და საინტერესოა რა გააკეთა მან ისეთი, რომ ასეთი პატივი დაიმსახურა. რა არის უგულავას ხელწერა, რომელიც ასეთი თვალსაჩინო და დაფასებულია საზოგადოების მხრიდან?
ჩემი აზრით უგულავას ყველა პროექტმა ხელი შეუწყო ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას და აი როგორ:
გერმანელი ფილოსოფოსის, იურგენ ჰაბერმასის თეორიის მიხედვით მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ევროპაში გაჩენილმა სალონებმა ხელი შეუწყვეს საჯარო სივრცის ტრანსფორმაციას და ახალი ტიპის საზოგადოების შექმნას, რომელიც უფრო დამოუკიდებელი იყო მთავრობისაგან და მისი წევრების უფრო დიდ თანასწორობას უზრუნველჰყოფდა. ამასთან სალონებში იმართებოდა რაციონალურ-კრიტიკული მსჯელობები სხვადასხვა საკითხზე, რაც საჯარო აზრის ფორმირებას უწყობდა ხელს. შესაძლოა სალონებმა არ შექმნეს თანამედროვე დემოკრატია, თუმცა მათ ხელი შეუწყვეს დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი პირობების შექმნას.
ახლა დავაკვირდეთ უგულავას ცნობილ პროექტებს და ვნახოთ რითი განსხვავდება ისინი ჩვეულებრივი ქართველი ბიზნესმენების პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული პროექტებისაგან.
ყაზბეგის და ბათუმის რუმსები, სტამბა, ფაბრიკა – ოთხივე პროექტში ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ვერაფრით დავინახავდით ნებისმიერი სხვა ქართველი ბიზნესმენის პროექტში – სივრცეს. ფაბრიკის ეზოში კიდევ ორი კორპუსი ჩაეტეოდა, რუმსების ეზოებში კიდევ უფრო მეტი. სტამბის ფოიეში უმაღლესი ჭერის ნაცვლად კიდევ ოცი ნომერი გაკეთდებოდა და კიდევ უფრო მეტ მოგებას ნახავდა მეპატრონე, ამფითეატრზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ როგორც ჩანს უგულავასთვის სივრცე არ ყოფილა სიცარიელე, რომელიც ათვისებულ უნდა იქნას, არამედ ადგილი, სადაც რაღაც სხვა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს. და ეს მნიშნელოვანი ადამიანების შეხვედრაა.
რატომ არის ადამიანების შეხვედრა რაღაც ახალი ქართული საზოგადოებისთვის და რატომ არ ესმის ეს ორიათასიანების ბოლოს დაბადებულ ხალხს.
გაიხსენეთ რა იყო ქართული დროსტარებისათვის განკუთვნილი ერთ-ერთი უნიკალური სივრცე ჩვენს ახალგაზრდობაში: კუპე. ვინც არ იცის – კუპე არის ოთახი დაწესებულებაში, სადაც შედის ადამიანთა ჯგუფი საქეიფოდ და იმ ოთახის გარეთ არ გამოდის, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება თუ არ მოუწევს. კუპე, როგორც გართობის სივრცე შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში, რომლის წევრებისთვისაც პრობლემურია ადამიანთა სხვა ჯგუფებთან ურთიერთობა და კი, ასეთი იყო ქართული საზოგადოება. ერთმანეთისგან იზოლირებული, ერთმანეთისაგან განცალკევებულ სივრცეებში გამოკეტილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული. და კი, საზოგადოების წევრებს ძალიან გვიჭირდა თანაცხოვრობა. ყველა ის სივრცე, რომელიც ბევრი ჯგუფის მიერ იყო გაზიარებული აუცილებლად დაპირისპირების და მტრობის ადგილად იქცეოდა ხოლმე. ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იყო რომელიმე წვეულების ჩხუბით, დაჭრითა თუ მკვლელობით დამთავრება.
უგულავას პროექტებმა შექმნეს გაზიარებული სივრცეები, სადაც არავინ სხვაზე მეტი არ იყო. სადაც ერთად ძოვდნენ სამაგიდო თამაშების, სტრიტარტის, ლუდის, სუშის, კალიგრაფიისა და სკეიტბორდის მოყვარულები. სადაც ვერავინ დაჩაგრავდა სხვას მისი განსხვავებულობის გამო და თუ ამას გაბედავდა დაცვა ჩაგრულის მხარეს დადგებოდა და არა მჩაგვრელის. სადაც უფრო მდიდარი ვერ ავლენდა თავის უფრო სიმდიდრეს და უფრო ძლიერი ვერ ავლენდა საკუთარ ძალაუფლებას.
თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ ფაბრიკის გახსნის დღეს ყველა იმაზე ვსაუბრობდით, რომ აქ ხოცვა-ჟლეტა წავიდოდა, მრაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი დადგა: მშვიდობიანი თანაცხოვრება. და კი, ეს დიდი ამბავია ქართული საზოგადოებისთვის.
კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რაც ამ ადამიანის მოღვაწეობას უკავშირდება, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ის არის, რაც აღვწერე. უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი და პირადმა შეჭამა ყველაფერი ღირებული. ასეთ ვითარებაში თემურ უგულავას არსებობა ნამდვილად ღირშესანიშნავი მოვლენა იყო, ხოლო მისი გარდაცვალება განსაკუთრებით გულდასაწყვეტი რამ.
ათწლეულების შემდეგ, როდესაც ქართული საზოგადოების ტრანსფორმაციას გამოიკვლევენ, გვერდს ვერ აუვლიან თემურ უგულავას მოღვაწეობას. ისევე, როგორც რენესანსის აღწერისას გვერდს ვერ უვლიან მედიჩების ოჯახის საქმიანობას. და კი, შედარება რელევანტურზე მეტია, ვინაიდან მე რაც აღვწერე უგულავას საქმიანობის მხოლოდ ნაწილს ეხება. არ მიხსენებია ის როლი, რომელიც სხვადასხვა ფორმით ითამაშა თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში. ბევრი რამე უთქმელად დარჩება, მაგრამ რაც მის შესახებ ვიცით, ნამდვილად გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ის დიდი ადამიანი იყო.
ვუსამძიმრებ მის ყველა ახლობელს და ნაცნობს ამ დიდ დანაკარგს

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა