თამო კეშელავა: მერია ადგა და მტკიცებულებების გარეშე, ბავშვებს დაადო ხელი, ცილისწამებაა ეგ, ბავშვების გამიზნული ცილისწამება

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
მერია ადგა და მტკიცებულებების გარეშე, ბავშვებს დაადო ხელი, ცილისწამებაა ეგ, ბავშვების გამიზნული ცილისწამება. (უნებური ვერ იქნება, სახელმწიფო უწყების მიერ, ინციდენტიდან 3 დღის შემდეგ გამოქვეყნებულია).
ხოდა, დადეთ ახლა ექსპერტიზის შემდეგი დასკვნები:
1. რომ მყარად იყო დამაგრებული, ხომ ამოწმებთ წელიწადში ორჯერ მაინც? ბოლო 6 თვის დასკვნა დადეთ.
2. ცვეთის შესახებ – რომ არ ჰქონდა მასალებს ცვეთა დაწყებული.
3. დაზიანების დრო – ახალი დაზიანებულია, ძველი დაზიანებულია, როდინდელია.
4. დოკუმენტი ხარისხის შესახებ – ვისგან იყიდეს, როდის, რა დოკუმენტია გაცემული ხარისხზე, როგორია ცვეთის ვადა, როგორ უნდა დამონტაჟებულიყო და ბოლოს, რა წონასა და ძალაზე იყო გათვლილი? – აქვე დასკვნა – რამდენად შეესაბამება მისი ხარისხი და მოვლის პირობები, მონტაჟი, მოვლა დოკუმენტებს და რამდენად იყო გათვლილი გარე სივრცეში, სკვერში, მასობრივი მოხმარებისთვის?
4. მტკიცებულება, რომ ნამდვილად ბავშვებმა დააზიანეს და ახსნა, როგორ დააზიანეს? – როგორია ინსტრუქცია “ფრთხილი მოპყრობის” და “გაუფრთხილებელი მოპყრობის?”
5. გვაჩვენეთ სკვერში გამოკრული წარწერები, სადაც დატანილი გქონდათ, რომ ატრაქციონს სჭირდება ფრთხილი მოპყრობა და რომ ახსნილი გქონდათ, რა იგულისხმება ამაში, ან ის წარწერა, სადაც გიწერიათ, რამდენ ბავშვს შეუძლია მისი გამოყენება და რა წონაზეა გათვლილი. ან ის წარწერა, სადაც გვაფრთხილებთ, რომ ამ ატრაქციონების გამოყენებაზეც, მოვლაზეც, ცვეთაზეც, ჩვენ, ხალხი ვართ პასუხისმგებელნი.
6. დადეთ ასევე გრუნტის გეოტექნიკური კვლევა – რადგან რას აშენებთ, სად აშენებთ და სად რა ზიანდება მერე ამ აშენებისგან, მე პირადად, თქვენგან ვერა, სოციალური ქსელიდან ვიგებ. 5 წელში კი არა, 1 თვეში შეიძლება რყევებმა ზიანი გამოიწვიოს კონსტრუქციის.
სინდისის დასკვნას არ გთხოვთ, ეგეთი უსინდისოც არა ვარ.
ერთი იურისტიც არ გყავთ ამოდენა მერიაში, ვინც ამ განცხადებას ჩახედავდა და გეტყოდათ, რომ ცილისწამებაა, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეთ ამ განცხადებით და რომ სამართლებრივად, დაუშვებელია მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნების გარეშე, მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის დაბრალება?
ზნეობაზე, უზნეობაზე თუ შავ იუმორზე ხომ არ ვსაუბრობთ, სხვადასხვა აზრი რომ იყოს?
ბავშვების ცილისმწამებლები გაიჩითეთ.
ხოდა, დადეთ ახლა მტკიცებულებები!
ვიცი, რომ ეროვნული ბიურო ექსპერტიზის, რომელიც კობახიძეს ექვემდებარება პირდაპირ, თუ არ უნდა, წლობით არ წერს დასკვნას, მაგრამ ხვალვე რომ დაგიწეროთ, ყველა დასკვნა, ხვალვე რომ შეკრიბოთ, ბოდიში, მაგრამ ამ განცხადების დამწერ პირებს შეუძლებელია მტკიცებულებების სწორად შეკრება და გადმოცემა შეგეძლოთ, მით უფრო კი – უშეცდომოდ.
მე რომ იმ ორი მოზარდიდან რომელიმეს მშობელი ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ციხეში აღმოჩენილიყავით!
ბავშვების მკვლელები ხართ, თუ არა, ჩემზე უკეთ თავად იცით და ბავშვების ცილისმწამებლები რომ ხართ, ფაქტია, თქვენივე განცხადებიდან, რომელსაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, ერთიც ვერ ამაგრებს.

შეგახსენებთ, რომ ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე, სკვერში 14 წლის მოზარდს რამდენიმეტრიანი რკინის კონსტრუქცია – სარწეველა საქანელა დაეცა, რის შედეგადაც ის კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. შემთხვევა 22 ივნისს მოხდა.“ტვ პირველის” ინფორმაციით, მოზარდს თავის ქალა აქვს დაზიანებული, ვრცელდება ცნობა ხერხემლის დაზიანებაზეც.

თვითმხილველები “ტვ პირველთან” საუბრისას აცხადებენ, რომ სამი არასრულწლოვანი საქანელაზე ქანაობდა, შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მოპირდაპირე მხარეს, ნახევარ მეტრში არსებულ სკამზე გადაინაცვლა. ადგილობრივების თქმით, ადგილიდან მთლიანი კონსტრუქცია — რკინის საქანელა მოწყდა და ბავშვს დაეცა. მან გონება ადგილზე დაკარგა.

მომხდარს ნაძალადევის რაიონის გამგეობა გამოეხმაურა:

“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტს, რის გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მოზარდმა.

მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის.

თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა.

ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას.

მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს,” — ვკითხულობთ განცხადებაში.

–ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობას გულისხმობს.