საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, საუბარი უნდა დავიწყოთ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.
სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია რომ ელენე ხოშტარია ციხეში ზის სრული აბსურდის გამო. ვგულისხმობ საარჩევნო ბანერის დაზიანებას. იურისტების უმრავლესობა თვლის რომ ამ დანაშაულისთვის ადამიანს ან ადმინისტრაციული სასჯელი უნდა მიესაჯოს, ან ჯარიმა.
დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ როგორც ჩანს, ხოშტარიას პატიმრობის თემაზე გადაწყვეტილება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერაა მიღებული და არა მოსამართლის, ამიტომ, ხოშტარიას სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასაც პოლიტიკოსები იღებენ და არა ციხის ადმინისტრაცია ან მედიკოსები.
არადა, მდგომარეობა რომ მძიმეა და პროგრესირებადი, თითქოს ყველა ხვდება, მაგრამ, პატიმარ ხოშტარიას სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება აშკარად ყოვნდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ელენე ხოშტარიას სამედიცინო მდგომარეობას უკავშირდება და სავარაუდოდ, რატომ ყოვნდება გადაწყვეტილების მიღება?
– ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ელენე ხოშტარიას იდეოლოგიური ორიენტირები და პოლიტიკური კულტურა. არანაირი განსაკუთრებული სიმპათიით არ ვარ განწყობილი მისი, როგორც პოლიტიკოსისა და თანამდებობის პირის მიერ განვლილი გზის მიმართ. ნორმალურ ვითარებაში ქართველ მემარცხენეებსა და მის ბანაკს შორის უმწვავესი პოლიტიკური ოპონირება გაჩაღდება. მაგრამ ანომალიურ სიტუაციაში ოპონირების სივრცე აღარ რჩება.
ქალბატონ ხოშტარიას არაფერი სერიოზული არ დაუშავებია. პლაკატზე ფლომასტრით დაწერა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. დემოკრატიული ხელისუფლება სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას გამოუწერდა და ამით დასრულდებოდა მთელი დავიდარაბა.
„ქართულ ოცნებას“ სხვა განზრახვა აქვს. მას სურს სამაგალითოდ დასაჯოს ყველა, ვინც წლებია წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობს. რეჟიმი სასტიკია, ამიტომ ყურადღებას არ აქცევს დაპატიმრებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. გულგრილი და გულქვა კლერკებისთვის სულ ერთია ხოშტარიას ოთხი შვილის ბედიც. ივანიშვილის გუნდის მიზანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მკაფიოდ უთხრას – თქვენზე ზარბაზნებით ვინადირებთ და არავის დავინდობთ.
გაუგებარი, აუხსნელი მიზეზებით პოლიტპატიმართა რიგების გამსხვილებას საფუძვლად უდევს საგარეო პოლიტიკური ამოცანებიც. ყველა ავტორიტარული ხელისუფლება დემოკრატიულ სამყაროსთან ურთიერთობის დროს პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამგვარი ქცევის მკაფიო მაგალითს გვაძლევს ალექსანდრე ლუკაშენკო.
დასავლეთთან მოლაპარაკებების დროს ბელორუსის დიქტატორი ხშირად ახერხებს გარკვეული შეღავათების მოპოვებას უკანონოდ დაპატიმრებული პოლიტიკური მოღვაწეების მოულოდნელი გათავისუფლებით. ნობელის პრემიის ლაურეატის ალეს ბიალიაცკის, მარია კოლესნიკოვასა და კიდევ რამდენიმე ათეული პოლიტპატიმრის ციხიდან გამოშვებით ოფიციალურმა მინსკმა აშშ-ის სანქციების ნაწილი თავიდან მოიშორა.
ივანიშვილიც სანქცირებულია, სანქციების ყულფი მის ირგვლივ დროდადრო ვიწროვდება, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ქართველ უხილავ დიქტატორსაც მალე დასჭირდეს დაპატიმრებულთა გაცვლაზე ფსონის დადება.
– გასულ კვირას, სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზში დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღეკვეთა მიესაჯა ღვაწლმოსილ ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს. მას გამოძიება 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას ედავება.
თავად 72 წლის ექიმ გიორგი ჩახნაშვილის მტკიცებით იგი „აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ხელში წყალი და ფიზიოლოგიური ხსნარი ეჭირა.“
4 ოქტომბრის აქციის თემაზე თავად ოპოზიციაშია აზრთა სხვადასხვაობა. ვგულისხმობ როგორც მომხდარს, ისე ორგანიზატორების მიმართ გამოტალ სასჯელს, იმასაც ვინც ხელისუფლებასთან საპროცესო გარიგება გააფორმა, მომხდარი მოინანია და გათავისუფლდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ 4 ოქტომბრის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო მეორე მხრივ ექიმ ჩახნაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას?
– ექიმ ჩახუნაშვილს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის პატრიარქით, ამირან გამყრელიძით დაწყებული, ჯანდაცვის ბრწყინვალე მკვლევრით, პროფესორ თენგიზ ვერულავათი გაგრძელებული და სწორუპოვარი კარდიოლოგით, არჩილ ჩუხრუკიძით დასრულებული. ელიტარული სამედიცინო საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს კოლეგის დასაცავად, რასაც გულითადად მივესალმები.
უბრალოდ, ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩებიან გარიყული ადამიანები, რომლებიც 4 ოქტომბრის ავანტიურას ოჯახებით ემსხვერპლნენ. შემზარა ცნობებმა, რომლებიც ამ საქმეზე დაკავებული ბატონი კახა მჟავანაძის შესახებ წავიკითხე.
კაცს ფეხზე განგრენა აქვს, მისი დიალიზზე დამოკიდებული მეუღლე კი ყველაფრისგან მოწყვეტილ, იზოლირებულ რაიონში – ვანში მარტო არის დარჩენილი, შვილები თბილისში სწავლობენ და დროებით სამუშაოზე არიან დასაქმებულნი, რათა მშობლებს შეეწიონ.
რა უნდა ქნას მჟავანაძეების ოჯახმა? თან დაპატიმრებული კატეგორიულად უარყოფს, რომ შენობის იერიშით აღება ჰქონდა დაგეგმილი. ამბობს, რომ ფეხიც არ შეუდგამს ეზოში.
სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, ექს-პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა პოლიციელებს ტყვიების დაუნანებლად გამოყენებისკენ. ივანიშვილი და მისი ქვეშევრდომი კობახიძე „ნულოვანი თანაგრძნობის“ კურსს ირჩევენ და პროტესტის მონაწილეებს წარბშეუხრელად მიერეკებიან საპატიმრო დაწესებულებისკენ, რადგან ავტოკრატია არ არსებობს მოსახლეობის დამცირება-დაშინების, ადამიანების სამაგალითო დასჯის გარეშე.
ნებისმიერი ჰუმანური, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ხელისუფლება გაცილებით უფრო ლმობიერი იქნებოდა კახა მჟავანაძის, დავით სტურუას და სხვათა მიმართ. ერთი სიტყვით, რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ.
თუმცა, აქვე უნდა გავიხსენოთ 4 ოქტომბრის წინა პერიოდი. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ – ცბიერ, ყველაფერზე წამსვლელ, ცინიკურ ავტორიტარიზმს მხოლოდ გონიერებით, თვითორგანიზების მაღალი ხარისხითა და არნახული დისციპლინით თუ დაამარცხებ. ნებისმიერი პოლიტიკური მოქმედების დაგეგმვისას ზურგს უნდა გიმაგრებდნენ დარაზმული, საქმეში გათვითცნობიერებული ადამიანები, შენს მიზნებს ხელს უნდა უწყობდეს სოციალურ-ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური ვითარება, გამართული უნდა გქონდეს პროცესების მართვის სისტემა და ა.შ.
კარნავალური წარმოდგენებით და აბსურდის თეატრით „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა ყოველთვის ტრაგიკულად დასრულდება. საუბედუროდ, ჩვენი ოპოზიციონერები თავიანთი შეზღუდული თვალსაწიერის გამო ათობით ადამიანის სიცოცხლეს „ქართული ოცნების“ მსაჯულებს უგდებენ ხელში.
– გასულ კვირას ევროპარლამენტმა საქართველოზე საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია მიიღო.
სამწუხაროდ, რეზოლუციის ტონიც გამკაცრებულია, რაც იმას ნიშნავს რომ, როგორც ჩანს, ევროპული სტრუქტურები სიტყვიდან მალე საქმეზე გადავლენ, რაც ჩვენი ხელისუფლებისთვის არაფერ კარგის მომასწავებელი არ უნდა იყოს.
რეზოლუციაში ბევრ რამეზეა საუბარი, ევროპარლამენტი ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს მოუწოდებს „თავი შეიკავონ საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებისგან, ვიდრე საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული მოქალაქეები არ გათავისუფლდებიან.“ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მიმართ სანქციები უნდა იყოს სინქრონიზებული აშშ-თან და ბრიტანეთთან“.
ამ მოვლენების ფონზე ხელისუფლებამ თითქოს გადადგა ნაბიჯები, რომლის შემდეგადც ბრიუსელსა და თბილსს შორის დიალოგს უნდა ჩაყროდა საფუძველი, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი ხდება.
პირიქით ვხედავთ, დაჭერებითა და რეპრესიებით საზოგადოებაში პოლარიზაციის არა შემცირებას, არამედ ზრდას.
თქვენ როგორ შეაფასებდით ევროპული სტრუქტურების რეკომენდაციებზე ხელისუფლების რეაქციებს?
რას შეიძლება ნიშნავდეს ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში დგამს?
– აგრესიული ოლიგარქიის დემოკრატიის ჩარჩოებში დასაბრუნებლად რეზოლუციები არ კმარა. ივანიშვილის გუნდმა უკვე დიდი ხანია გამოიმუშავა ანტისხეულები ევროპარლამენტის განცხადებათა შედეგების თავიდან ასაცილებლად. ყველა ჩამორჩენილი რეჟიმის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებასაც მხოლოდ ძალისა და ფულის ენა ესმით.
საჭიროა ამერიკული, ბრიტანული და ევროპული სანქციები დაუყოვნებლივ გავრცელდეს იმ 500-მდე ოჯახზე, რომლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებასაც ეფუძნება „ქართული ოცნების“ მმართველობა. როდესაც ტაჯიკეთის საკრედიტო ბარათების აღება მოუწევთ პურის საყიდლად, შემდეგ შეიძლება შეეშინდეთ.
სამწუხაროდ, დემოკრატიულ სამყაროს საქართველოს პრობლემატიკით სრულყოფილად დაინტერესებისთვის არ სცალია. რუსული იმპერიალიზმი, ქაოსი ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტი ტრამპსა და დანარჩენ დასავლეთ შორის ჩვენი საკითხის დაწინაურებას აფერხებს.
თუმცა, თუ ქვეყნის შიგნით მშვიდობიანი, კანონიერი წინააღმდეგობა გაძლიერდება ნებისმიერ დროს შეიძლება მოუწიოს „ოცნებას“ მისთვის არასასურველ კომპრომისებზე წასვლა და რეზოლუციათა პირობების შესრულება.
– ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანლის, გიორგი მელაშვილის თქმით,
– „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს.“
რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლებას „ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ უნდა გადააბრალოს?
– ერთხელ ირაკლი კობახიძეს წამოსცდა, ევროკავშირთან 100%-ით მართლები ვართო. მაშასადამე, „ოცნების“ ოფიციალურმა ლიდერმა პირდაპირ აღიარა, რომ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს საქართველოს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაზე და ყველაფერს მხოლოდ გარეშე ძალებს აბრალებს.
დანაშაულის ან სინანულის გრძნობის არარსებობა, ზედმეტად მაღალი თვითშეფასება, საკუთარი თავის უმნიშვნელოვანეს გამონაკლისად გამოცხადება, დანარჩენთა პოზიციების სრული უგულებელყოფა და გაუთვალისწინებლობა – ეს არ შეიძლება ჯანსაღი და ნორმალური იყოს არათუ საზოგადოებრივ ურთიერთობებში, არამედ პერსონალურ დონეზეც კი. პოლიტიკა ასეთი აბსოლუტური კატეგორიებით არ იმართება. ასეთ იაფფასიან ფანდებს „ოცნების“ პროპაგანდის ტყვეობაში მყოფი ადამიანები თუ წამოეგებიან.
საქმე მარტივადაა – ევროკავშირი დაახლოებისთვის ითხოვს ნორმალურ ურთიერთობას ოპოზიციასთან და წინააღმდეგობის მოძრაობასთან, სამართლიან არჩევნებს, კორუფციის მკაცრ კონტროლს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
„ქართული ოცნებისთვის“ პირველხარისხოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება. აღნიშნული ძალაუფლებისთვის ისინი ეშმაკს მიჰყიდიან სულს, რომ დასჭირდეთ, ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობასაც დაახურდავებენ.
– მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამბობს რომ მას სურს ქვეყანა ევროსტრუქტურებში გააწევრიანოს, ფაქტია, რომ ხელისუფლება საგარეო ასპარეზზე სხვა მიმართულებით აქტიურობს.
მხედველობაში მაქვს ხელისუფლების პირველი პირების ვიზიტები ჩინეთსა და შუა აზიის ქვეყნებში. ჩინეთთან ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობაზეც კი გვაქვს შეთანხმება გაფორმებული. არადა, ფაქტია, რომ ჩინეთი, რუსეთი და ირანი გაეროს ასამბლეაზე მხარს არ უჭერენ რეზოლუციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნებას.
ცხადია, ცუდი არაფერია იმაში რომ ქვეყანა აფართოებს საგარეო ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ბევრი თვალსაზრისით დაწინაურებულ ჩინეთთან, მაგრამ ეს ხდება იმის ფონზე, რომ ევროპარლამენტი ევროპული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს „თავი შეიკავონ საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებისაგან, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან“.
ევრაზიული სივრცის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება იმას ხომ არ შეიძლება ნიშნავს რომ ქვეყანა ევროკავშირის ნაცვლად ევრაზიულ სივრცეში მოხვედრას ცდილობს?
თუ ასეა, სავარაუდოდ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს და ამგვარი ნაბიჯებისგან რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს?
– ჩვენი საუბრების დროს არაერთხელ მითქვამს – „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ საქართველოს დერეფანი ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი იყოს ევროკავშირისთვისაც და ევრაზიული კავშირისთვისაც. ივანიშვილს სურს, რომ თავად აკონტროლებდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთ-ერთ დამაკავშირებელ მაგისტრალს.
მისი მიზანია, რომ უკრაინისა და ირანის ომების ფონზე, კავკასიის ტრანზიტული მნიშვნელობის ზრდის კვალდაკვალ მორიგი მილიარდები მხოლოდ თავად მოიხვეჭოს და ნარჩენები საქართველოს სახელმწიფო ხაზინასაც გადმოუყაროს. ამ სქემის დალაგებას ცდილობენ მთავრობის წარმომადგენლები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან.
ივანიშვილს იმედი აქვს, დროთა განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური თუ სატრანზიტო პოტენციალი ისე გაიზრდება, რომ ევროკავშირი კავკასიის რეგიონში თავისი ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაზე უარს იტყვის.
ეს საბჭოთა კავშირის დროს სპეკულაციურ საქმიანობაში ჩართული წვრილი ბურჟუას ლოგიკაა, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში არ იმუშავებს. ევროკავშირს საქართველოსთვის გვერდის ავლის გზების გამონახვაც შეუძლია და ოლიგარქის კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩაგდებაც.
ევროკავშირი კრიზისშია, რადგან აშშ-სთვის, ჩინეთისა და ინდოეთისთვის კონკურენციის გაწევა უჭირს, თორემ დაბალი რანგის ავტორიტარ მმართველთან და მის აკვიატებებთან გამკლავების უნარი „ბებერ კონტინენტს“ ჯერ არ დაუკარგავს.
– ვხედავთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება მაინცადამაინც არ ადარდებს. მაგრამ აშშ-თან სიფრთხილეს ირჩევს.
აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ – „არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-სთან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს რამდენიმე ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემის გადაწყვეტის მცდელობასთან“.
თქვენი დაკვირვებით, შეძლო ხელისუფლებამ აშშ-თან და ევროპასთან რამდენიმე ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემის გადაწყვეტა?
– კონგრესში მარკო რუბიოს გამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კვლავ გააგრძელეს შეერთებული შტატებისა და მისი საგარეო პოლიტიკის უშვერი სიტყვებით ლანძღვა.
შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ რამდენიმე ლოჯისტიკური პრობლემის გადაწყვეტა მაინც შეძლეს. პირიქით, რაც დალაგებული იყო, ისიც კი აირეოდა.
– ჩვენს საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე უნდა ვიმსჯელოთ. ვიცი რომ თქვენ ამ თემაზე საუბარს არ ერიდებით.
თქვენი მოძრაობის პერსპექტივებზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ, მანამდე უნდა შევეხოთ იმ თემას, თუ რა ხდება ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე.
გასაკვირი არ იქნება თუ საუბარს ყველაზე მსხვილი „ოპოზიციური ალიანსით“ დავიწყებთ. თავიდანვე როგორც კი „ოპოზიციური ალიანსი“ შეიქმნა, იყო მოლოდინი რომ მასში შემავალი პოლიტიკური ჯგუფები პრობლემების გარეშე შეძლებდნენ თანამშრომლობას, თუნდაც იმიტომ რომ მათ ლიდერებს ერთმანეთთან თანამშრომლობის ერთი პოლიტიკური წარსული ჰქონდათ.
დრომ აჩვენა, რომ ასე სულაც არ ხდება. ამას დაემატა ის თუ რა ხდება „ოპოზიციურ ალიანსში“ შემავალ ყველაზე მსხვილ პარტია „ნაცმოძრაობაში“. მხედველობაში მაქვს ის, რომ როცა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიტანეთში იმყოფებოდა, როცა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება რომ მან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა ნანუკა ჟორჟოლიანს. თუ რა რყევები და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ამ განცხადებას, ვნახეთ.
რჩება შთაბეჭდილება რომ თავად „ნაცმოძრაობის“ ლიდერები მეტს აკეთებენ თავისი მომხრეების დეზორიენტაციისათვის, ვიდრე ამას ცდილობს სახელისუფლებო პროპაგანდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ნაცმოძრაობაში“ დაწყებული პროცესს?
რა შანსები აქვს „ოპოზიციურ ალიანს“, რომელშიც „ნაცმოძრაობაც“ შედის, იქცეს „ოცნების“ ალტერნატივად?
– რა ტიპის პოლიტიკოსია მიხეილ სააკაშვილი? მას არ შეუძლია ძალაუფლების განაწილება, ყველგან და ყოველთვის სურს, რომ ყველაფერს სრულად და ერთპიროვნულად აკონტროლებდეს. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არა მხოლოდ ობიექტური კრიტიკოსების, არამედ უახლოესი, თავგანწირული თანამებრძოლების აზრებსა და გულკეთილ რჩევებს.
სააკაშვილს არ შეუძლია ჰორიზონტალური ურთიერთობები ჰქონდეს კოლეგებთან, ქართულ პოლიტიკურ ველზე იგი საკუთარ თავს ბატონად მიიჩნევს და მხოლოდ ყრმებთან შეუძლია კავშირის დამყარება. სააკაშვილი იმდენად ამბიციურია, რომ არ ერიდება საკუთარი თავის „ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლად“ მოხსენიება. არასდროს არ აღიარებს დაშვებულ შეცდომებს, არ ითხოვს შენდობას, არ აქვს მუხრუჭი და არ იხევს უკან.
ასეთ პოლიტიკურ ფიგურასთან ერთად მუშაობა მხოლოდ ერთ ფორმატშია შესაძლებელია – მისი ყველა ბრძანება უსიტყვოდ უნდა შეასრულო, თუნდაც საკუთარი ღირსების შელახვის ფასად. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ დროს გადაგაგდებს უფსკრულში, ჩაგიშლის შეთანხმებას, დაგინგრევს ნაშენებს და ა.შ. უცნაურია, რომ მისი ხელისუფლების წიაღში დაბადებულ პოლიტიკოსებს დროდადრო სააკაშვილის გაკეთილშობილების იმედი უჩნდებათ ხოლმე.
რაც შეეხება, თქვენ მიერ დასახელებულ ერთ-ერთ ქალბატონს.
პოლიტიკა ძალიან სერიოზული სფეროა, პოლიტიკური საქმიანობისთვის აუცილებელია მრავალი დარგის, მრავალი საკითხის პროფესიონალურად შესწავლა. როგორც ექიმად, ფიზიკოსად, პიანისტად, ხელოვნებათმცოდნედ, მწყემსად ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი სწავლა, შრომა, მომზადება, ზუსტად ასეთივე გზა არის გასავლელი პოლიტიკოსის პროფესიის დაუფლებისთვის.
სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა, დებატებში მონაწილეობა, საზოგადოებრივი აქტიურობა არ არის საკმარისი ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისთვის.
როგორც ჩემი შეშვება არ შეიძლება აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაციაზე სკალპელით ხელში, ასე არ შეიძლება ნაკლებად განათლებული, ზედაპირული და არასერიოზული ადამიანების პოლიტიკაში ჩაბმა. ასეთი მიდგომების შედეგებს ვაკვირდებით 35 წელია.
ალბათ, სააკაშვილს, როგორც პოლიტიკური კორდებალეტებისა და ხმაურიანი წარმოდგენებისადმი უზომოდ მიდრეკილ ადამიანს, მიაჩნია, რომ თანამედროვე ეპოქაში პარტია ტაბლოიდური თოქ-შოუს ფორმითა და სტრუქტურით უნდა ცდილობდეს ხალხის მოზიდვას.
– „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში ბრძანეთ რომ თქვენი მოძრაობა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დაფუძნებას გეგმავს.
იყო დრო, საქართველოში სოციალ-დემოკრატიული იდეები საკმაოდ პოპულარული იყო. ჩვენი „პირველი რესპუბლიკის“ მთავრობის უმრავლესობა ხომ სოციალ-დემოკრატები იყვნენ.
თქვენ თქვენს თანამოაზრეებთან ერთად ხშირად დადიხართ რეგიონებში. რამდენად პოპულარულია ქართულ საზოგადოებაში სოციალ-დემოკრატიული იდეები და ამ იდეების მიმართ მხადაჭერა?
– ერთ-ერთი მთავარი სოციალ-დემოკრატიული იდეა საქართველოს ეკონომიკის თვისებრივი და ფუნდამენტური გარდაქმნაა. ჩვენ გვსურს, რომ ეროვნული ეკონომიკა რეალურ დარგებს დაეფუძნოს.
სოციალ-დემოკრატიული გეგმის მიხედვით, საქართველოში კვლავ უნდა ამუშავდეს ინდუსტრიული სექტორი. პირველ ეტაპზე ძირითადი აქცენტი დაისმება მსუბუქ და კვებით მრეწველობაზე, ნელ-ნელა კი უნდა დავნერგოთ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის დარგები. რაც მთავარია, ქვეყნის რეინდუსტრიალიზაცია სასიცოცხლო სივრცის დაცვით, რესურსების გონივრული გამოყენებით, ეკოლოგიური სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს.
ჩვენი პოლიტიკის მეორე ნაწილი დოვლათის განაწილებას უკავშირდება. მწვანე რეინდუსტრიალიზაციის შედეგად შექმნილი სიმდიდრე ერთეულების ხელში არ უნდა მოექცეს და მთელს ქვეყანაზე უნდა განაწილდეს, ამ სიმდიდრის საფუძველზე უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო და საზოგადოება, სადაც მეორეხარისხოვანი, დაჩაგრული, შეშინებული მოქალაქეები არ იარსებებენ, სადაც აღარავის შეეშინდება უსახლკარობის, უმუშევრობის, უექიმობის, უწამლობის, შიმშილის, გარიყულობის, განათლების გარეშე დარჩენის, პენსიაზე გასვლის და ა.შ.
რაც მთავარია, ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანა და ეკონომიკა ნამდვილი დემოკრატიით იმართებოდეს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ არჩევნების დროს არ მონაწილეობენ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და სამუშაო ადგილზეც კი შეუძლიათ დემოკრატიული ბერკეტების გამოყენება თავიანთი თუ საჯარო ინტერესის დასაცავად.
ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანა და ეკონომიკა ნამდვილი დემოკრატიით იმართებოდეს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ არჩევნების დროს არ მონაწილეობენ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და სამუშაო ადგილზეც კი შეუძლიათ დემოკრატიული ბერკეტების გამოყენება თავიანთი თუ საჯარო ინტერესის დასაცავად
სამ აბზაცში ვცდილობ გაგიზიაროთ ის, რასაც ქართველი სოციალ-დემოკრატები 300 გვერდზე ვწერთ. ცხადია, ყველა იდეის მოსახლეობასთან მიტანა ადვილი საქმე არ არის, მაგრამ უმრავლესობა ხვდება, რომ უკანასკნელი მესამედი საუკუნის განმავლობაში წარმოებულმა ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანა.
შესაბამისად, საქართველოში სოციალურ დემოკრატიას შანსი ჩვენს საუკუნეშიც ექნება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი



