დავით ზურაბიშვილი: …დესტაბილიზაციის, შფოთის და არეულობის წყარო ამ ქვეყანაში თავად ხელისუფლების პოლიტიკაა

პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:
ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური ყოფის ერთ-ერთი მთავარი პარადოქსი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას მხარს უჭერს ძირითადად საშუალო და უფროსი ასაკის ის კონტიგენტი, რომელსაც სურს სტაბილურობა, სიმყარე და სიმშვიდე და საპროტესტო აქტივობებს აღიქვამს, როგორც ქაოსის და დესტაბილიზაციის საფრთხეს.
პარადოქსული კი ამ მხარდაჭერაში ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არსებითად და პრინციპულად გამორიცხავს სტაბილურობას და სიმშვიდეს პოლიტიკაში. ბიძინას ძალაუფლება ხომ სამხედრო ძალას და ლათინოამერიკული “სიკვდილის ესკადრონების” ან ირანული “ისლამის რევოლუციის გუშაგთა” მსგავს ფორმირებებს არ ეყრდნობა? მისი ძალაუფლება მთლიანად დაფუძნებულია მოქალაქეთა მანკიერი თვისებებით მანიპულირებასა და სპეკულაციაზე; ესაა მტრის ხატზე აგებული ზიზღის და სიძულვილის პროპაგანდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, კორუფციის წახალისება და შემდეგ ამის გამოყენება კომპრომატად ან ამის გამო დასჯა, საზოგადოებაში კონფრონტაციისა და დაპირისპირებების სტიმულირება და ამ ფონზე სტაბილურობის გარანტად საკუთარი თავის წარმოჩენა, გარემოცვის სისტემატური როტაცია და თანამდებობებზე მყოფი პირების მუდმივი ცვლა, პლუს მთელი სახელმწიფო მანქანის გარდაქმნა მისი პერსონალური მომსახურების სააგენტოდ, რაც არა მარტო პოლიტიკურ არამედ ხშირად წმინდა რუტინულ-ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების მიღებასაც კი აძნელებს უშუალოდ ბიძინას ჩარევის გარეშე. დღეს საქართველოში მთელი პოლიტიკური სისტემა არის პერსონალიზებული და გადაწყვეტილებების მიღება და ასრულება ექსკლუზიურად დაქვემდებარებულია ერთი ადამიანის სუბიექტურ ნებას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ასეთი მმართველობა პრინციპულად და არსებითად გამორიცხავს სტაბილურობასა და სიმშვიდეს. პრინციპულად და არსებითად! ამიტომ თუ ვინმეს ჯერ კიდევ იმის იმედი აქვს, რომ აი, ახლა, ბატონო ბიძინა მოაშთობს დასავლეთიდან მართულ დესტრუქციულ ოპოზიციას და ქვეყანაც დამშვიდდება, მათთვის ცუდი ამბავი მაქვს. არანაირი სტაბილურობა, სიმშვიდე და სიწყნარე ჩვენ ასეთი მმართველობის პირობებში არ გვეღირსება, რადგან დესტაბილიზაციის, შფოთის და არეულობის წყარო ამ ქვეყანაში თავად ხელისუფლების პოლიტიკაა.
თითქოს საკმაოდ ბანალურია რაც ზემოთ ვთქვი, მაგრამ არ მაქვს განცდა, რომ ეს რეალობა გაცნობიერებული აქვთ არა მარტო ხელისუფლების მომხრეებს (მათ რომ არა აქვთ, ცხადია), არამედ მის ოპონენტებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმდენად ხელისუფლების ჩამოშლა-ჩამონგრევაზე კი არ იქნებოდნენ ორიენტირებულები, რამდენადაც საკუთარი თავის პოზიტიურ ალტერნატივად წარმოჩენაზე. თუ ხელისუფლება დესტაბილიზაციის წყაროა, ოპოზიცია უნდა ასხივებდეს სტაბილურობას, თუ ხელისუფლება კონფრონტაციულია, ოპოზიცია უნდა იყოს გამაერთიანებელი და ა. შ., რადგან თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ არის ასეთი მკაფიო, მკვეთრი და ადვილად დასანახი კონტრასტი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ და ისევ შეჩვეულ ჭირს ამჯობინებს შეუჩვეველს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა