ბოლო გადაწყვეტილებები მეღვინეობაში წინასწარ არ იყო განხილული დარგის წარმომადგენლებთან – რეგულაციებზე

ღვინის მწარმოებელი კომპანია “თბილღვინოს” თანადამფუძნებლის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დარგის წარმომადგენლების ჩართულობა ქართული ღვინის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია.როგორც მან, “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, რეგულაციები უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ განსაზღვრულ მიზნებს და გაზომვად შედეგებს, რაც საშუალებას მისცემს როგორც სახელმწიფოს, ისე მეწარმეებს, შეაფასონ აღნიშნული რეგულაციების ეფექტიანობა და პროგრესი.მისივე შეფასებით, ახალი რეგულაციები და ინიციატივები მოზომილი სიფრთხილით უნდა იქნეს მიღებული რაც არ უნდა კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდეს.”ნებისმიერ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე, რომელიც მეღვინეობას ეხება აუცილებლად უნდა გაიმართოს კონსულტაციების დარგის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ბოლო რამდენიმე გადაწყვეტილება მეღვინეობის დარგში წინასწარ არ იყო განხილული დარგის წარმომადგენლებთან. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო ხშირად მართავდა შეხვედრებს, ჩვენ ვმსჯელობდით, რის შედეგადაც ხშირად ვპოულობდით უკეთეს გამოსავლებს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო მოაზრებული. აქედან გამომდინარე, ალბათ ინიციატივების წამომწყების ინტერესებშიც შედის, რომ გადაწყვეტილებების  მიმართ მიმღებლობა მაღალი იყოს. ამისთვის საჭიროა დარგის წარმომადგენლებმა იგრძნონ, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული არიან. ჩვენთვის მკაფიოდ უნდა იყოს გასაგები რას ემსახურება ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც დარგში შემოდის. თუ ეს მიზანი არის ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება – მშვენიერი მიზანია, ამ მიზნის მიღწევა გვინდა ყველას. ალბათ, ძნელად მოიძებნება დარგში ისეთი სუბიექტი, რომელსაც ქართული ღვინის განვითარება და მაღალი ხარისხის შენარჩუნება არ უნდა. თუმცა ამ მიზნის მიღწევისთვის შესაძლებელია არსებობდეს ალტერნატიული ფორმები. მიზანი გვაერთიანებს, მაგრამ მიზნისკენ სავალი გზები შეიძლება განსხვავდებოდეს და ამიტომ, საჭიროა კონსულტაციები. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ როგორ აღწევენ ამ მიზანს და რა საუკეთესო პრაქტიკები არსებობს საქართველოს მსგავს მეღვინეობის რეგიონებში. გარდა ამისა, უნდა ჩამოვყალიბდეთ როგორ ვზომავთ ამ გადაწყვეტილებების სისწორეს. ჩვენ როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც გარკვეულ მიზანს ემსახურება აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ მიზნობრივი მაჩვენებლები, რომლის შემდეგაც ჩვენ ვიტყვით, რომ მიზანი მიღწეულია, ან ახლოს ვართ, ან ავცდით მიზანს. რეგულაციები ჩვენს საქმიანობაზე აისახება, ვინც ამ დარგში დოვლათს ვქმნით”, – აცხადებს “თბილღვინოს” დამფუძნებელი .ცნობისთვის, კანონპროექტით შემოდის ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო QR-ნიშანდება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სერტიფიცირების შესახებ და ალკოჰოლიანი სასმლის შესახებ. ნიშანდების წესი მინისტრმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო სისტემა 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.  კანონპროექტის თანახმად, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება. ამასთან, ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით – „ბუნებრივი ღვინო“. ბუნებრივი ღვინო მიიღება ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით, სადაც დაუშვებელია ნებადართული ოპერაციებისა და ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/ლ-ს;bp.ge