0
ვალუტის კურსი და კონვერტაცია – ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6577 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0768 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0646 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0122 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 ივნისს შევა ძალაში.
ერთი ოფიციალური კურსი და კონვერტაციის ხაფანგები
ბევრმა არ იცის, რომ ვალუტის გადაცვლისთვის კვირის დღეს და საათს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
სამუშაო საათებში (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე): ბანკებს შორის მიმდინარეობს აქტიური ვაჭრობა, კურსი რეალურ დროში განახლდება და მარჟა (სხვაობა ყიდვასა და გაყიდვას შორის) მინიმალურია.
ღამით და უქმე დღეებში: საერთაშორისო და ადგილობრივი ბირჟები დაკეტილია. ბანკმა არ იცის, ორშაბათს დილით რა კურსით გაიღვიძებს ბაზარი. რისკის დასაზღვევად, შაბათ-კვირას ბანკები ხელოვნურად ზრდიან მარჟას. ამიტომ, უქმეებზე ვალუტის კონვერტაცია თითქმის ყოველთვის წამგებიანია. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, გადაცვლა ორშაბათისთვის გადადეთ.
თუ ბანკში აპირებთ ფულის გადაცვლას, თითქმის არასდროს მიხვიდეთ ფილიალში ოპერატორთან. ინტერნეტ ან მობილურ ბანკში ვალუტის კონვერტაციისას ბანკები, როგორც წესი, სპეციალურ, შეღავათიან კურსს გთავაზობენ, რომელიც უფრო ახლოსაა ეროვნული ბანკის კურსთან, ვიდრე ფილიალის ტაბლოზე გამოკრული ციფრები.
დიდი თანხების კონვერტაცია და “სადილინგო განყოფილება”
თუ დიდი თანხის გადაცვლას აპირებთ (მაგალითად, ბინის ან მანქანის ყიდვა-გაყიდვისას, პირობითად 5,000 ან 10,000 დოლარზე მეტი), არ დათანხმდეთ სტანდარტულ კურსს. ბანკებშიც და დიდ საცვალო პუნქტებშიც არსებობს „სადილინგო“ განყოფილებები. შეამოწმეთ აპლიკაციის კურსი და შემდეგ, შეგიძლიათ პირდაპირ მოსთხოვოთ ოპერატორს: „დიდი თანხა მაქვს და ინდივიდუალური, შეღავათიანი კურსის დადგენა მინდა“. ბანკები თითქმის ყოველთვის მიდიან დათმობაზე, რათა მსხვილი კლიენტი არ დაკარგონ და შეიძლება იმაზე გაცილებით უკეთესი კურსი შემოგთავაზონ, ვიდრე აპლიკაციაში ჩანს.
ბარათით ანგარიშსწორება უცხოურ საიტებზე (Amazon, eBay და ა.შ.)
როცა ნივთს იწერთ და იხდით ქართული ბარათით, საიტი ხშირად გთავაზობთ ფასის ლარში ჩვენებას.
ინტერნეტ-შოპინგისას ყოველთვის აირჩიეთ ანგარიშსწორება იმ ვალუტაში, რომელშიც ნივთი იყიდება (მაგალითად, აშშ დოლარი Amazon-ზე).
თუ საიტს ნებას მისცემთ ფასი თავად გადაიყვანოს ლარში, ის გამოიყენებს თავის საკონვერტაციო ცენტრს, რომელიც თითქმის ყოველთვის 3-5%-ით უფრო ძვირია, ვიდრე თქვენი ქართული ბანკის კურსი.



