“სამგურალმა” მოკრძალებული, თუმცა ფასეული რევანში აიღო “ტორპედოზე” პირველ წრეში ქუთაისელთაგან ნაგემი 1:6-ის გამო. მაშინ გვეგონა, რომ “ტორპედოსა” და “სამგურალს” შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო, პირველ რიგში, სპორტული თვალსაზრისით, თუმცა…
ჩავხედოთ მიმდინარე სატურნირო ცხრილს და დავინახავთ, რომ “ტორპედოს” სულ რაღაც 2 ქულით მეტი აქვს დაგროვილი. არადა, ცუდ ფორმაში მყოფი შუსტერის გუნდი მალე ევროთასებზე უნდა გავიდეს და საქართველოს წარადგინოს.
ორიოდ სიტყვით თამაშზეც ვთქვათ. “სამგურალი” მეორე ტაიმის დასაწყისისთვის 2:0-ს იგებდა და მოედანზე ისეთი ვითარება იყო, “ტორპედო” განწირული ჩანდა. მაგრამ ანდრიჩის გოლმა ქუთაისელებს თამაშის გადარჩენის იმედი ჩაუსახა. სტუმრები შეტევაზე გადავიდნენ და ზურგი მოაშიშვლეს.
“სამგურალს” შეეძლო, დაესაჯა მეტოქე დაცვაში დაშვებული შეცდომებისთვის, მაგრამ ვერ გამოუვიდა. საბოლოოდ, წყალტუბოელებმა თამაში ზედიზედ მესამე გამარჯვებამდე მიიყვანეს. ტორპედოელები კი ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ.
მომდევნო ტურში “ტორპედო” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს (17 ივნისი), ხოლო “სამგურალი” სტუმრად თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება (18 ივნისი).
სამგურალი-ტორპედო 2:1
1:0 სებოლინია (31), 2:0 შათირიშვილი (52, ვინისიუსის პასით), 2:1 ანდრიჩი (78, ბლიზნიჩენკოს პასით)
სამგურალი: კუტალაძე, კვარაცხელია, შათირიშვილი, პაბულო რიანი, შერგელაშვილი, ვინისიუსი, ჯანჯღავა (ბერელიძე 90+6), ცეცხლაძე (გოგია 85), ჟან კარლოსი (აფციაური 85), ველისოლი (ქაბია 90+6), სებოლინია (პაპავა 69)
ტორპედო: კლიაიჩი, ვარლეი, მანე, ბუკია, ნადარაია (ჩიტაიშვილი 64), შერიფი (კუპრავა 88), მამუჩაშვილი, არაბიძე, ზიტა (ბლიზნიჩენკო 46), ანდრიჩი, დეისაძე
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი
63-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო გააძევეს სორი მანე (ტორპედო)