თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი ქოლ-ცენტრის მეწილე დაიკითხა. პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნულ ქოლცენტრს სუს-ი მფარველობდა.
ამ პიროვნებისთვის ბევრი დეტალი არის ცნობილი, ქოლ-ცენტრი უშუალოდ როგორ საქმიანობდა, ვინ იყო წილში შესული ამ ქოლ-ცენტრის, ვინ უწევდა მფარველობას, ასევე ის საუბრობს სხვა მეწილეებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას და ეს ახლო გარემოცვაც და უშუალოდ სხვა მეწილეებიც დაკითხულები იქნებიან ამავე სისხლის სამართლის საქმეზე. გრიგოლ ლილუაშვილი მისი პოზიციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა პირთან ფიზიკურ კომუნიკაციას არ დაამყარებდა და უშუალოდ ყველა პირის ხელიდან თანხას არ მიიღებდა, მას ჰყავდა მისთვის სანდო პირები ამ ქოლ-ცენტრში და შესაბამისად, მათთან ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ურთიერთობა.
ჯერ-ჯერობით ამ კონკრეტულ პირს არ აქვს ბრალდებულის სტატუსი, თუმცა ბრალდებულის სტატუსის არ ქონა და ამით აპელირება, რომ ისინი ცრუ ინფორმაციას იძლევიან, არ არის რეალური იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეყრდნობით ერთი ან ორი პირის მოწოდებულ ინფორმაციას, ჩვენ ამ მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვაჯერებთ იმ აუდიო-ვიდეო მასალასთან, რაც საქმეში არსებობს,” – განაცხადა პროკურორმა.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის თქმით, სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული პირები წესით ბრალდებულები უნდა იყვნენ, თუმცა ისინი თავისუფლებაზე იმყოფებიან, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ “ისინი “თავიანთი ჩვენებით ვაჭრობენ”.




