შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
12 ივნ 202610:37
შსს-ს ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციას კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე – იანგ ჟუო ხელმძღვანელობდა.
“დელეგაციასთან შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა – გიორგი სახოკიამ და შალვა თადუმაძემ გამართეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობას, ასევე განხილულ იქნა არსებული კავშირების კიდევ უფრო გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის საპოლიციო განათლების მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – ვაჟა სირაძე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ეწვია, სადაც მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, ასევე გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. დელეგაციის წევრებმა დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და არსებული ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს. ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და გამოხატა მზადყოფნა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა მხარეთა კომპეტენციებში შემავალ სფეროებში.”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.