“ღმერთმა უწყის” – ასე გვიპასუხა პრემიერმა კითხვაზე როდის მოვა მისი თანამდებობიდან წასვლის დრო. ირაკლი კობახიძესთან ეს კითხვა მისმა გუშინდელმა ბრიფინგმა გააჩინა. ბიძინა ივანიშვილისადმი გადაჭარბებულმა ქებამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ კობახიძე მას ერთგულებას უმტკიცებს და შესაძლო გადაყენების პრევენციას ცდილობს. დღეს გვარწმუნებს, რომ მსგავსი სიგნალი არ მიუღია, გადაწყვეტილებას კი თავად არც იღებს.
კობახიძე ამ თანამდებობაზე ორ წელსა და 4 თვეს ითვლის. ეს როგორც წესი ის კრიტიკული მიჯნაა, როცა ივანიშვილის გუნდში პრემიერების როტაციის დრო დგება. თუმცა ამის დრო კობახიძეს არ უგრძვნია – ამბობს, რომ არც ბრიფინგი გაუმართავს ამ მიზნით. გვიმტკიცებს, რომ ეს არა ივანიშვილის შექება, არამედ არსებული მმართველობითი სისტემის ახსნა-განმარტება იყო. ამით კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მმართველი პარტია ივანიშვილის ერთპარტიული მმართველობის გამართლებას და პარტნიორებისთვის იმის ჩვენებას ცდილობს, რომ ერთი პირის ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია ლეგიტიმურია.
კითხვაზე რატომ დასჭირდა პრემიერს ასეთი შინაარსის ბრიფინგის გამართვა – მაინც რჩება.
ანალიტიკოსები, ვისაც ივანიშვილთან ერთად ერთ პარტიაში უმუშავიათ, გვიყვებიან, რომ ქართული ოცნება დიდი ხანია აღარ არის კლასიკური პოლიტიკური პარტია და ურთიერთობები აქ უკვე რელიგიურ დონეზეა აყვანილი, სადაც ლიდერი ისეთი ფიგურაა, ვისაც ადიდებენ, აქებენ და მორჩილებისთვის მუდამ მზად არიან. თუმცა კობახიძის ბრიფინგში დაინახეს უფრო მეტიც – პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება ივანიშვილზე.




