მიხეილ ყაველაშვილი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს წერილს უგზავნის. ყაველაშვილის თქმით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას. ის დარწმუნებულია, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების “ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა” შექმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის.
“თქვენო აღმატებულებავ, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენ და მეგობარ ჩინელ ხალხს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპი შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, გავიაზროთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და კმაყოფილებით აღვნიშნოთ ის მტკიცე მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემით, ნდობითა და კონსტრუქციული თანამშრომლობით განვითარდა.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საქართველომ და ჩინეთმა სტაბილურად განამტკიცეს პარტნიორობა და გააფართოვეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთა შორის კავშირების სფეროში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის ხელშესახებ შედეგებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას და ერთგული რჩება ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიმართ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის კეთილდღეობის, განვითარების და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი შექმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ერს და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობასა და კავშირებს.
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას, ხოლო მეგობარ ჩინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, ჩემი ღრმა პატივისცემა“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის წერილში.




