დავით ჩხეიძე, სამოქალაქო აქტივისტი, დიპლომატი:
ჩემი პოლონელი ბებიისთვის ყველაზე უხერხულად შთამბეჭდავი საქართველოში აღმოჩნდა ბაბუაჩემის დედის და დების უხამსი საუბარი სახლში.
მაშინდელი ევროპელისთვის, ომის დროს, ეს იყო ღარიბი ოჯახი, დიდი წარსულით და წარმოდგენით საკუთარ თავზე, ისეთი ლექსიკით, რომლის უფლებასაც სხვა თანასოფლელები ვერასდროს შეიძენდნენ.
დედაჩემის მხრიდან ბაბუა, რომელიც გლეხი იყო, სასულიერო პირების ოჯახიდან, ნებისმიერ ლანძღვას აღიქვამდა დანაშაულად.
ისე გარდაიცვალა, რომ მე მისი “ცუდი სიტყვა” არ გამიგია. ეს იყო დასვრა, როგორც საკუთარი სულის, სხეულის, ისე გარემოს, და ყველასი, ვინც ამას გაიგონებდა.
სიტყვა იყო საქმე, თქმა და გაკეთება ერთი იყო.
ძვირის მთქმელი იყო არა მხოლოდ “ყიამყრალი”, არამედ გამზადებული უბედურებისთვის, რომელსაც თავად იწვევდა მის თავს გადასახდენად.
უფრო გვიან, როდესაც შექსპირის შესწავლა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ელიზაბედიანური ეპოქის მწერალი გამორჩეულია, ძალიან მდიდარია ლანძღვა-გინებით… რაც ძირითადად არისტოკრატიის მახასიათებელია.
რაც ნებადართულია ჩემთვის, ამის უფლება გლეხს და ბოგანოს არ აქვს. ანუ ზრდილობა, ზნეობა, როგორც წესი, დადგენილია დაბალი ფენებისთვის.
კანონმა, რომელიც ახლა რეჟიმმა მიიღო, და დეპარტამენტმა, რომელიც შექმნა, კიდევ უფრო კარგად დამანახა, რომ გამოხატვის შეზღუდვა დამორჩილების, ჩახშობის იარაღია.
ოღონდ არისტოკრატიისგან არის ერთი, ძალიან მკრთალი, მაგრამ, მგონი, არსებითი განსხვავება. სალანძღავ სიტყვასაც გამოყენების ცოდნა უნდა.
საჯარო სამსახურში ხშირად გიწევს ძალოვნებთან, დაცვის წევრებთან, სამხედროებთან ურთიერთობა. როდესაც ახალგაზრდა ხარ, ისინი შენთან მეგობრობენ, მიუხედავად თანამდებობისა.
ძლიერი, თავდაჭერილი ძალოვანი, თუ ხუმრობს, სრულიად სხვა ვულგარობით ხმარობს სიტყვებს. უჩვეულოდ, ვერ გაიმეორებ, ყველა სიტყვა თითქოს ორგანულად იგრძნობა და ხშირად გთრგუნავს, გეხება.
ასეა უბანშიც უნდა იცოდე, რომელი გამოთქმა როდის იქნება აზრიანი, დაცლილი ვულგარული შინაარსისგან, და როდის გეტყვიან: “რა იყო, რა პირი აიყროლე?”
რას იტყვია მთავარი; და რა სიტყვებით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობას სიტყვას სძენს ტაქტი, ნიჭი, ზრდილობა, რომელიც ან გაქვს, ან მოგდგამს, ან არა.
ერთ ფილმში ნახავ სრულ სიშიშვლეს, სხეულების ურთიერთობას და მშვენიერია, მეორე ფილმში ნახავ მხოლოდ ჩახუტებას, კოცნას და შეგზარავს სიბილწით.
დღევანდელ რეჟიმს ამ ხელოვნების უნარი და ნიჭი არ გააჩნია. და ტყუილად დაიჩემა. მათი გამონათქვამები, ქცევა ძალიან შორს არის არისტოკრატიზმისგან.
პირველად ეს დავინახე 2011 წელს, როდესაც ბატონ ბ.ივანიშვილზე ძალიან ამაღლებული წარმოდგენა არსებობდა – ქველმოქმედი, ეკლესიათა მაშენებელი…
და მოულოდნელად გამოდის “ქართუ ჯგუფის” წერილი, რომელიც ასეთი სიტყვებით მიმართავდა ერთ-ერთ პოლიტიკურ პირს:
“შენ შენი ნებით შენი …. ცხოვრებაში ერთხელ შეჭამე,
ამით აგამაღლეს და კაცად გაქციეს…
მე ნახევარი საუკუნეა ძალისძალად სხვის …. მაჭმევენ და დედას …. უმადობა თუ შემამჩნიეს.”
ეს იყო შოკი!! ეს წერილი ახლაც იძებნება.
მას შემდეგ ბევრი ადამიანი სწორედ ყიამყრალობით დაწინაურდა დღევანდელ ხელისუფლებაში.
და დღეს რეჟიმს უნდა, გამოხატვის ფორმის თავისუფლება მხოლოდ თავად დაიტოვოს. სტილი დაგვიდგინოს.
არ გამოვა. შექსპირი და არისტოკრატია კონტექსტის, შინაარსის ხელოვნებას ფლობდნენ.
სიტყვები მათ ხელში მხოლოდ ყალიბები იყო.
უგემოვნობა და ზრდილობის მდაბიო ჩარჩო ბოლშევიკებმა ვერ დაამკვიდრეს, და დღევანდელი რეჟიმი სად მივა მათ შესაძლებლობებთან?!
ეგ კანონიც და ეგ დეპარტამენტიც დაშინების, თავის დამკვიდრების მორიგ უნიათო მცდელობად დარჩება.




