სატრანსფერო ექსპერტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ლივერპულმა“ მეკარე ალისონს შეატყობინა, რომ მისი გაშვება და კიდეც ერთი გამოცდილი ფეხბურთელის დაკარგვა არ უნდათ.
მერსისაიდულმა გამოცემებმა „წითლების“ ამბების შესახებ არაფერი იციან და რომანოს გავრცელებულმა ინფორმაციამ ყველა გაახარა.
ჟურნალისტი ლუის სტილი წერს: „თუ ალისონმა წასვლის სურვილი გამოთქვა, „ლივერპული“ ჯიუტად ხელს არ შეუშლის, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა კიდევ ერთი ლიდერის გარეშე არ დარჩეს. გიორგი მამარდაშვილის შესაძლებლობებში სრულად დარწმუნებული რომ იყვნენ, ბრაზილიელის გასხვისებიდან გარანტირებული თანხის მიღების გათვალისწინებით, ალბათ, მის გაშვებაზე დათანხმდებოდნენ“.
ამასთან დაკავშირებით Liverpool Echo-ზე საფეხბურთო მიმომხილველებმა პოლ გორსტმა, რიჩარდ გარნეტმა და მორგან კინგმა ისაუბრეს.
გორსტი: „რა თქმა უნდა, კლუბს ხანგრძლივვადიანი პერიოდის დაგეგმვა სჭირდება და ამის დადასტურება მამარდაშვილის შეძენაა. მოჰამედ სალაჰი და ენდი რობერტსონი წავიდნენ, ამიტომ ალისონის გაშვება ზედმეტად ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ არნე სლოტს პრობლემური სეზონის შემდეგ მრავალ ასპექტში თავდაჯერება სჭირდება.
ალისონს ბოლო სამ სეზონში მატჩების 30% გაუცდა, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება ცნობილია. გასაგებია კლუბის პრაგმატული პოზიცია, თან როდესაც ბეკერი მაღალანაზღაურებადია. თუმცა, ახლა მისი დაკარგვა გუნდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. მოჰამედ სალაჰს და ენდი რობერტსონს დაემშვიდობნენ, მესამის დაკარგვა კი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება – როგორც მინიმუმ კიდევ ერთი წლით“.
გარნეტი: „პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რიგ მატჩებში მამარდაშვილი ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ ძალიან შორსაა, რათა დიდი მეკარის ადგილი დაიკავოს. გასული წლის ზაფხულში უფრო გამოცდილი კაომინ კელეჰერი გაუშვეს. ირლანდიელის თუნდაც ერთი სეზონით დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს სიტუაცია არ შექმნილიყო“.
კინგი: „მამარდაშვილი „ვალენსიაში“ შესანიშნავი იყო, თუმცა „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბოლო ორ სეზონში იმავე დონეზე არ უთამაშია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეუძლია ძველი ფორმა დაიბრუნოს, ამისათვის დრო სჭირდება, თუმცა მოგერიებების გარდა (ეს უკეთ ეხერხება, ვიდრე ამ სეზონში აჩვენა), მეკარისთვის აუცილებელია დაცვას თავდაჯერება შემატოს.
ამისათვის თავად მართებს თვითდაჯერება. ჯერჯერობით ამას ვერ მიაღწია და ისეთი დამაჯერებელი ვერ გახლდათ, როგორიც ალისონი „ენფილდზე“ მოსვლის პირველივე წელს“.
ერთი სიტყვაც არ თქმულა იმაზე, პრობლემატურ გუნდში როგორ მძიმე ვითარებაში მოუწია მამარდაშვილს თამაში და არც ის აღუნიშნავთ, მხარდაჭერის ნაცვლად მუდმივი კრიტიკით როგორ წნეხში ამყოფებდნენ.