სიცოცხლისთვის საშიში თამაშები სკოლებში – რას აპირებს მიქანაძის უწყება მოზარდებში გავრცელებული ტენდენციის აღსაკვეთად? (ვიდეო)

შოკისმომგვრელი ძალადობა საჯარო სკოლის ეზოში — კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სავარაუდოდ, დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ უსწორდება რამდენიმე მოზარდი სასტიკად 14 წლამდე ბავშვს. არასრულწლოვანს ფიზიკურად უსწორდებიან, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ძირს აგდებენ და ყელში ხელს მანამ უჭერენ, სანამ გონებას არ კარგავს.

საშიში ინტერნეტგამოწვევა, რომელიც მოზარდებში ვირუსულად ვრცელდება, უკვე სკოლებიდან სკოლებში ინაცვლებს — ძალადობის შემზარავი შემთხვევები ქვეყნის არაერთ სასწავლებელში დაფიქსირდა. კონფიდენციალური წყარო „ტვ პირველს“ უყვება, რომ მისი 14 წლის შვილი თანაკლასელების მხრიდან ბულინგისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მოზარდებმა ძალადობის ამსახველი კადრები თავადვე ატვირთეს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. ფაქტს პედაგოგებიც ადასტურებენ. მასწავლებლები ყვებიან, რომ ამ სახიფათო ტენდენციის შესახებ ინფორმაცია მათამდეც მივიდა, რის გამოც სკოლებში განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებენ.

დაზარალებული მოზარდის მშობელმა, უსაფრთხოების მიზეზით, საჯარო კომენტარზე უარი თქვა, თუმცა ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ მომხდარის შემდეგ განათლების სამინისტროს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს. ეს ნიშნავს, რომ უწყება საქმის კურსშია, თუმცა რა ნაბიჯებს გადადგამს სამინისტრო სკოლებში გავრცელებული საშიში შემთხვევების შესაჩერებლად, ამ დრომდე უცნობია.

„ტვ პირველი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა უწყებისგან პასუხის მიღებას, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ტენდენცია უკვე სერიოზულ გამოწვევად იქცა, სრულ პასუხისმგებლობას განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს აკისრებენ და უწყებას დროული, ქმედითი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.