„გაძეტა დელო სპორტის“ მტკიცებით, „ლივერპულის“ მეკარე ალისონი „იუვენტუსში“ იმ შემთხვევაშიც კი გადავა, თუ ტურინული გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს. This Is Anfield-ის ცნობით, მერსისაიდულ კლუბს ალისონის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურს, მაგრამ შედარებით მცირე თანხით მოუწევს დაკმაყოფილება.
გამოცემის ვარაუდით, ბრაზილიელი კვირას „ბრენტფორდთან“ „ლივერპულში“ ბოლო მატჩს ჩაატარებს, ეჭვი არსებობს მისი ხანგრძლივვადიანი შემცვლელი გიორგი მამარდაშვილი გახდეს და ამასთან დაკავშირებით გულშემატკივართა გამოკითხვა დაიწყო:
„არის თუ არა გიორგი მამარდაშვილი შესაფერისი კანდიდატი, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი მეკარის მრავალი წლის მანძილზე შემცვლელად. მასზე უნდა გაკეთდეს არჩევანი თუ სხვა მეკარის დამატებაა საჭირო? კომენტარებში თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ“.
Liverpool.com-მა ამ საკითხზე „წითლების“ ყოფილ მეკარესთან, ბრედ ფრიდელთან ისაუბრა. ამერიკელმა თქვა, რომ იმედია ბეკერი დარჩება და თუ მაინც წავა, მისი მემკვიდრეობა ყველასთვის რთული იქნება. მან ადრეც განაცხადა, რომ ქართველის შესაძლებლობებში დარწმუნებული არაა და ამჯერადაც დაახლოებით იგივე გაიმეორა:
„გიორგი მამარდაშვილს რამდენიმე ისეთი თამაში ჰქონდა, რომლებშიც მართლაც კარგად და სოლიდურად გამოიყურებოდა, მაგრამ ალისონის შეცვლა ადვილი არ არის. ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ახლავე შეუძლია პირველი ნომერი გახდეს. მართლა ვფიქრობ, კარგი მეკარეა და კარიერაში რომელიმე გუნდში მომავალი აქვს. თუმცა, არ მგონია, რომ „ლივერპულში“ მთელი კარიერის განმავლობაში მეორე ნომრად უნდა დარჩეს. შეხედეთ კაომინ კელეჰერს, ის დუბლიორობისთვის ზედმეტად კარგი იყო და ნახეთ, როგორი სეზონი ჩაატარა „ბრენტფორდში“. ასე რომ, სავარაუდოდ, ხანგრძლივი ვადით ძირითადი მეკარე არ არის, კარგი სათადარიგოა“.