ენის კურსები დიფსთეითის ფულით – იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ ენას გერმანიის დაფინანსებით ასწავლიან. ანუ სახელმწიფო უწყებები იმ ქვეყნის ფულს იღებენ, ვინც მტრად ყავთ გამოცხადებული.
ირკვევა, რომ გერმანული ფული ხმარდება ასევე ენერგეტიკის, გარემოს დაცვის და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. გერმანია ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორია.
ფულს იღებენ, მაგრამ ლანძღავენ. ოცნების ლიდერებისთვის გერმანიის მთავრობა დიფსთეითის მიერ არის მართული, მისი წარმომადგენელი საქართველოში კი დესტრუქციის შემომტანი და რადიკალების მხარდამჭერია. სრულმასშტაბიანი შეტევა აქვთ გამოცხადებული ევროკავშირზეც. ეს ის გაერთიანებაა, რომელმაც საქართველოს განვითარებისთვის მილიარდები დახარჯა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროპის გაერთიანება აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირის ფინანსურმა დახმარებამ, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ოცნების მტრული პოლიტიკის გამო დახმარებების დიდი ნაწილი ახლა გაჩერებულია, თუმცა ჩანს რომ საქართველოს მეგობრები ხელს ბოლომდე არ უშვებენ.




