შს მინისტრის მოადგილე ასახელებს როდის დაიწყებს მუშაობას საჯარო სივრცეში კომუნიკაციის “სისტემური მონიტორინგის” სამმართველო

ახალი სამმართველო, რომლის ფუნქცია სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება იქნება, სავარაუდოდ, პირველი ივნისიდან დაიწყებს “სრულფასოვან” მუშაობას. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ “რუსთავი2-ის” ეთერში განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, სამმართველო ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ უნდა ფუნქციონირებდეს.

ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უნდა ფუნქციონირებდეს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ და ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად უნდა შეიქმნას, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უკვე პირველი ივნისიდან შეძლებს სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება. […]

ის გამოავლენს თითოეულ შემთხვევას, სადაც ხდება სიძულვილის ენის გამოყენება, კონკრეტული ადამიანების ღირსების შელახვა და ეს ჯდება კანონით აკრძალულ ქმედებაში, შესაბამისად, ისინი პროაქტიულად დაამონიტორინგებენ ასეთ შემთხვევებს და მიმართავენ სასამართლოს იმისთვის, რომ თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად მოხდეს მსჯელობა,” – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.