პოეტი ბესიკ ხარანაულის ბავშვებს საოცარ ეპისტოლეს უძღვნის.ეპისტოლე ბავშვებისათვისწეღან, წვეთი რომ დამეცა, წვიმისა არ იყო.
ღმერთის ცრემლი იყო,
ჩემზე რომ ჩამოუგორდა.
ხმა რომ შემომესმა, შორი იყო შემონათვალი.
ღმერთის ბრაზი იყო,
თქვენთვის რომ მეთარგმნა.
ჰოი, ჰოი,
უბედურება შინ გაქვთ და, გარეთ ანუგეშებთ!
სად გინახავთ, ბავშვები რომ თავსა გლოვობდნენ.
სად გაგიგიათ, მშობლები რომ შველას მათხოვრობდნენ?
ცოდვაში ნუ ტოპავთ,
ხელი გამოიღეთ
და, თუმცა ხართ დაკნინებული,
თითო ლარი მოიძით, მიკრული ჯიბეს.
ლარი ლარს მიეკრობა ბევრი შეგექნებათ
და, შეგროვილ ფულით ბავშვებს უყიდით წამალს!
ვინ გიჟი თხოვს დახმარებას თავის მოძულეს,
განა მგელი კურდღელს ლუკმას შეუნახავს?
გაჭირვება არც საკვირველია და არც სასირცხვილო,
დახმარება ჭკვიან ხალხის მოგონილია,
გაჭირვებაში ერთმანეთს რომ დაეხმარონ.
კაცის თავზე არ ტრიალებს
მუდამ ერთი დრო,
გაიზრდებიან ეს ბავშვები და, გაჭირვებულს არ დაემალებიან.
არც სათაკილოა მშობლისათვის, არც საძრახისი, ბავშვისათვის რომ წამალს მათხოვრობდეს.
ქვეყანა რომ იყოს, სამათხოვრო არ ექნებოდა!
ყმაწვილი ბავშვი აღმავალ ყანას ჰგავს,
მოიხედავ და, გაზრდილია, სხვის გასაჭირს არ ემალება.
ჰოი, ჰოი, ჰოი…
კი არ შემოგითვალეთ, ჩემი ფეხით მოვედი და თვითეულს გთხოვეთ.
ეს ბავშვები და იმათ მშობლები ამწამიდან ჩემი შვილებია,
გინახავთ მწყემსი, საძოვარზე ცხვარს რომ მირეკავს და, დავარდნილ ბატკანს აბგით მიატარებს?
ამ მწყმსს ღმერთი ხედავს.
სირცხვილს ვერც თქენ დაემალებით, რადგან ღმერთი გხედავთ.
დავწერე ეს და, აღარც ლუკმის მრცხვენია, აღარც ჰაერის.

