მედია: ცარიელი დეკლარაცია, სავსე გარდერობი: ვინ არის ლევან ჟორჟოლიანი?

ირაკლი კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის ოჯახის ცხოვრების სტილი და ოფიციალურად დეკლარირებული შემოსავლები კითხვებს აჩენს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი დეკლარაციის მიხედვით  უძრავ ან მოძრავ  ქონებას არ ფლობს.  სად ცხოვრობს ლევან ჟორჟოლიანი ოჯახთან ერთად? რამდენად კეთილსინდისიერად ავსებს ის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის  შესახებ დეკლარაციას? მაშინ, როდესაც   თავად  საჯაროდ  საუბრობს გამჭვირვალობაზე, როგორც კორუფციის პრევენციის  მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე.

,,კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე, პირველი – ეს არის გამჭვირვალობა, მეორე – პრევენცია, მესამე – სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა.”- განაცხადა  ლევან ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორ ცხოვრობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ოჯახი და რას წერს დეკლარაციაში

2025 წლის 14 სექტემბერს, წითელი  ფარდისა და  ოქროსფერი ჩარჩოს ფონზე, ლევან ჟორჟოლიანის მეუღლემ, ხატია მუსერიძემ  ფოტო გადაიღო.  ხელში  მას   შავი  ჩანთა  უჭირავს, Chanel Classic Flap-ის კლასიკური მოდელი. ფრანგული მოდის სახლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანთა. საქართველოში Chanel- ის  ოფიციალური წარმომადგენლობა  არ აქვს  და ბრენდის საიტზე ეს მოდელი  დაახლოებით 10 000 დოლარი (27 000 ლარი)  ღირს.

ოთხი თვის შემდეგ, 2026 წლის 31 იანვარს, მისმა მეუღლემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა,  ლევან ჟორჟოლიანმა ოფიციალურ საიტზე ოჯახის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაცია ატვირთა. 14-გვერდიან დოკუმენტში  მოძრავი და უძრავი  ქონების გრაფა  ცარიელია, Chanel-ის ჩანთა იქ არ ფიგურირებს. ბრენდული  ჩანთა, ისევე როგორც სხვა სავარაუდოდ პრემიუმ კლასის აქსესუარები, დეკლარაციაში არ წერია, ის მხოლოდ ფოტოებზე ან სოციალური ქსელის „სთორებში“ ჩანს. კანონი კი თანამდებობის პირს ავალდებულებს, დეკლარაციაში მიუთითოს ყველა მოძრავი ქონება, რომელთა თითოეულის ღირებულება აღემატება 10,000 ლარს და ასევე, 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი.

რატომ არ მოხვდა მთავრობის მაღალჩინოსნის ცოლის შანელის ჩანთა  დეკლარაციაში? 

საჯაროდ გამოქვეყნებული დეკლარაციებისა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების გაანალიზების შედეგად დავადგინეთ, რომ სავარაუდოდ,  Chanel – ის ჩანთა ერთადერთი ნივთი არ არის, რაც ირაკლი კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დეკლარაციაში არ აისახა. ხატია მუსერიძე სოციალურ ქსელებში, ღია პროფილზე  ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მისი  ბრენდული  ტანსაცმელი და აქსესუარებია ასახული.

2024 წლის 21 ივნისს, ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ლევან ჟორჟოლიანის მეუღლე სავარაუდოდ, ფრანგული პრემიუმ ბრენდის,   Celine – ის  ჩანთით მივიდა.  ორიგინალი ,,CELINE”-ის  ჩანთის ღირებულება 2300 ევრომდეა.

მეორე დღეს, 22 ივნისს, ჰამბურგში ჟორჟოლიანების წყვილი  ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის მატჩსაც დაესწრო. საფეხბურთო მატჩიდან გამოქვეყნებულ ფოტოზე ხატია მუსერიძეს ასევე,  ,,CELINE”-ის ბრენდის  ქამარი უკეთია.

2025 წლის 7 ივლისი, პარიზში ტრიუმფალური თაღის ფონზე  მეუღლესთან გადაღებულ ფოტოზე ხატიას “Loewe” ჯინსის შარვალი  აცვია. ორიგინალი  Loewe-ს „Anagram” ჯინსის,   მუხლებზე თეთრად ამოქარგული ორნამენტებით, ფასი საშუალოდ, 1100 დოლარია.  ასევე, პარიზშია გადაღებული  ფოტო, სადაც ხატიას დოლჩე გაბანას ფეხსაცმელი ჩანს.  დოლჩე გაბანას ორიგინალი ფეხსაცმლის ფასი საშუალოდ 900 დოლარია. ბერლინში,  ბრანდენბურგის კართან გადაღებულ ფოტოზე მას  Chanel– კლასიკური ორფერი ფეხსაცმელი აცვია. ორიგინალი ვერსია ამ ფეხსაცმლის, საშუალოდ $1,025-დან $1,400-მდე მერყეობს.  როგორც ჩანს, ხატია მუსერიძეს  Chanel-ის სხვა მოდელის ფეხსაცმელიც აქვს – რომლის ორიგინალის  ფასი დაახლოებით 550 დოლარია.

ფრანგული ბრენდის Jacquemus- ის მოდელის წითელი ჩანთა, რომელიც ასევე ამ ფოტოზე ჩანს, ჩანთის  ორიგინალი ვერსია დაახლოებით, 1000 დოლარი ღირს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მეუღლე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, შანელის კიდევ ერთი ჩანთას,  ყავისფერ Mini Flap Bag -ის მოდელსაც ფლობს.  შანელის ოფიციალურ საიტზე მსგავსი, ორიგინალი ჩანთის ფასი დაახლოებით 6000 დოლარია.

მორიგ ფოტოზე, რომელიც Louis Vuitton-ის ბუტიკის წინ არის  პარიზში  გადაღებული, ხატია მუსერიძე Bottega Veneta- ს ჩანთით პოზირებს. ამ ბრენდის ოფიციალურ საიტზე ორიგინალი ჩანთის ფასი 2000 დოლარია.

ვრცლად