მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირალანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იმედა იარაჯული):
ოჯახი იქ იწყება, სადაც მეუღლეთა სიყვარულში ორი ადამიანის სიცოცხლე ერთ სულიერ გზად და ხვედრად იქცევა; სადაც დედის ხმა და ლოცვა შვილს შორ გზებშიც თან მიჰყვება. მამის დუმილში სიყვარული პასუხისმგებლობად სუნთქავს, ხოლო დედმამიშვილობაში ერთგულება ერთმანეთის ტკივილის ტარების ძალად იქცევა.
ქართულ ცნობიერებასა და კულტურაში ოჯახი მხოლოდ სისხლით დაკავშირებული ერთობა არასოდეს ყოფილა. იგი აღიქმებოდა როგორც სიყვარულის, მსხვერპლის, მეხსიერებისა და ადამიანური თანადგომის სულიერი კავშირი, რომელშიც ქართველი ერის ეთიკური სახე, შინაგანი ღირსება და ისტორიული სული აისახება.
ქრისტიანული გაგებით, ოჯახი არის ის სულიერი სივრცე, სადაც ადამიანი პირველად სწავლობს ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის მნიშვნელობას,სიყვარულს, ერთგულებას და თავისუფლების საზრისს. იმას, რომ ადამიანის ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობა არ არის, არამედ სხვისი ტკივილის გაზიარება, სხვისი შვილების დაცვა და ერთმანეთის სიცოცხლის მოფრთხილება.
ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე მხოლოდ დეკლარაციებითა და ფორმალური აღიარებით არ განისაზღვრება. იგი იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა.
იქ, სადაც საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს შიში, ძალადობა, უსამართლობა, სიღარიბე და მუდმივი დაპირისპირება, ზიანდება არა მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყარო, არამედ თავად ოჯახური ერთობაც.
ამიტომ ოჯახის დაცვა ქრისტიანული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ ტრადიციის სიტყვიერ აღიარებას, არამედ ისეთი საზოგადოებრივი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს ღირსებით, თავისუფლებით, ნდობითა და მშვიდობით, რადგან ოჯახები ხშირად ინგრევა არა მხოლოდ ღირებულებითი კრიზისით, არამედ სოციალური უსამართლობით, ეკონომიკური სიდუხჭირით, ძალადობითა და მუდმივი შიშის ატმოსფეროთიც.
ადამიანის ჭეშმარიტი გარდაქმნა ვერ მიიღწევა მხოლოდ იძულებით, სამართლებრივი ზეწოლითა თუ ძალაუფლებრივი კონტროლით. ეკლესიის სულიერი გამოცდილება ადამიანს განიხილავს არა როგორც ძალით „გამოსასწორებელ“ ობიექტს, არამედ როგორც თავისუფალი ნების, სინდისისა და თვითშეგნების მქონე პიროვნებას, რომლის შინაგანი განახლება ხდება გაცნობიერებით, თავისუფალი თანხმობითა და ჭეშმარიტებასთან ნებაყოფლობითი თანაზიარებით.
პატრისტიკული აზროვნება მკაფიოდ განასხვავებს გარეგან მორჩილებასა და შინაგან გარდაქმნას. კანონს შეუძლია შეზღუდოს ქმედება და შექმნას ფორმალური წესრიგი, მაგრამ ვერ გარდაქმნის ადამიანის ბუნებას, ვერ განწმენდს ცნობიერებას და ვერ შობს ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას. ამიტომ ადამიანის არსობრივი შეცვლა იწყება არა შიშითა და იძულებით, არამედ სინდისით, თვითშემეცნებითა და თავისუფლად გაცნობიერებული ჭეშმარიტებით. სწორედ ამიტომ, ეკლესიის მიზანია არა ადამიანის იძულებითი დამორჩილება, არამედ მისი გონების, სინდისისა და სულიერი ხედვის განახლება.
აღმოსავლური ქრისტიანული ტრადიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან თავისუფლებას, რადგან ქრისტიანული გაგებით, ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ იქცევა სიცოცხლის ნაწილად, როდესაც იგი თავისუფლად არის მიღებული და შინაგანად გააზრებული. ძალით მიღწეული მორჩილება შესაძლოა ქმნიდეს გარეგან სტაბილურობას, თუმცა ვერ ქმნის სულიერად თავისუფალ და გარდაქმნილ ადამიანს. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს: „ღმერთი არავის იზიდავს ძალით ან იძულებით, არამედ დარწმუნებითა და სიკეთით უხმობს ადამიანს“, ხოლო წმინდა ისააკ ასური წერს: „შიში შეიძლება სასარგებლო იყოს სიფხიზლისთვის, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ სიყვარული ფლობს ადამიანს.“
ამგვარად, ქრისტიანულ აზროვნებაში მკაფიო განსხვავება არსებობს კანონსა და მადლს, გარეგან მორჩილებასა და შინაგან გარდაქმნას, შიშით დამორჩილებასა და სიყვარულით შეცვლას შორის, რადგან ძალას შეუძლია მხოლოდ ქმედების შეზღუდვა, ხოლო სიყვარულითა და ჭეშმარიტებით მიღებულ ცნობიერებას – თავად ადამიანის შეცვლა.