ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები

უსამართლო დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით, – ასე აფასებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებულ პროცესებს, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
მახაშვილის განცხადებით, საქართველოში რომ იმის მეათედი მომხდარიყო, რაც კადრებში ჩანს, ბრიუსელი თუ ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქები რეზოლუციას რეზოლუციაზე მიიღებდნენ. მისი თქმით, როდესაც ევრობიუროკრატები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის გამოც კი აკრიტიკებენ, ამ დროს, საკუთარ სახელმწიფოებში ჩადენილ ქმედებებზე არაფერს ამბობენ. “ჩვენს სახელმწიფოს რომ იმის მეათედი გაეკეთებინა, რაც საზოგადოებამ კადრებში ნახა, მხოლოდ წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ან ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – გადააყოლებდნენ სახელმწიფოს, რეზოლუციას რეზოლუციაზე მიიღებდნენ, გააშავებდნენ ქვეყანას.
ნამდვილად დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ და ორმაგ სტანდარტს საკუთარ პოზიციაში, რომ თურმე, შესაძლებელია საკუთარ ქვეყანაში ასე მოიქცნენ და ჩვენს ქვეყანას, არ აქვს უფლება, მაგალითად, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა. კოპენჰაგენში, პალესტინის მომხრე აქტივისტებმა, დანიური გადამზიდი გიგანტის – “მაერსკის” სათაო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს რომლის დასაშლელად, პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენელსაც. აქციის დროს 20 ადამიანი დააკავეს.
აქტივისტებმა პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს, თუმცა, პოლიციამ კრიტიკა უარყო და განაცხადა, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანების ადგილიდან უბრალოდ გაყვანა და ასეთ დროს, შესაძლოა, საჭირო გახდეს ფიზიკური ძალის გამოყენება. “ქრონიკამ” დანიის საელჩოს კითხვით მიმართა, როგორია მათი პოზიცია – შეილახა თუ არა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება და მოხდა თუ არა მედია საქმიანობაში ხელის შეშლა. საელჩომ კითხვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაამისამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

როდესაც ამ დეზინფორმაციული სტატიის ავტორი ამბობს, რომ ცოტნე ივანიშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს მედიის თავისუფლებასა და სანდოობაზე, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი ცინიზმი და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობა