“რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება” – კარიმ ბენზემა

“ალ ჰილალის” ფორვარდმა კარიმ ბენზემამ “რეალში” თამაშის პერიოდი გაიხსენა და კრიშტიანო რონალდოს მიმართ მადლიერება გამოხატა.
“კრიშტიანოს ერთ საქციელს ვერასდროს დავივიწყებ. რთული მატჩი მქონდა, ორი შესანიშნავი მომენტი გავანიავე და ვგრძნობდი, რომ ჩემი თავდაჯერება ქრებოდა. ისეთ სტადიონზე, როგორიც “ბერნაბეუა”, ყველაფერი გესმის… იმედგაცრუება და რეაქციები.
კრიშტიანოს უკვე ორი გოლი ჰქონდა გატანილი. მეორე ტაიმის ბოლოს, პენალტი დაინიშნა, რომელიც მე გამოვიმუშავე.
არავინ ელოდა, რომ რონალდო პენალტის შესრულების უფლებას ვინმეს დაუთმობდა, თანაც მესამე გოლი რომ გაეტანა, ახალ რეკორდს დაამყარებდა. ამის ნაცვლად, ჩემთან მოვიდა, ბურთი მომცა და მითხრა, რომ ეს გოლი მე უფრო მჭირდებოდა.
პენალტი ზუსტად შევასრულე და პირველი, ვინც ეს მომილოცა, ღიმილიანი რონალდო იყო. მას სწორედ ამიტომაც სცემენ თანაგუნდელები დიდ პატივს.
ხალხი ხედავს, თუ როგორი ამბიციური სპორტსმენია, რომლის მთავარი მიზანიც რეკორდების დამყარებაა, მაგრამ გასახდელში კრიშტიანოს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რადგან ზოგჯერ საკუთარი თავის ნაცვლად, პირველ რიგში თანაგუნდელებს აყენებდა”, – განაცხადა ბენზემამ.