ზვიად ცეცხლაძე: როგორც მომავალ იურისტს მინდა, რომ სასამართლო იყოს ყველაზე ძლიერი

“პროკურატურა მე აქციის ორგანიზებას მედავება 28 ნოემბრიდან – 3 დეკემბრამდე. საქმეში კი არიან დაზარალებულები, რომლებმაც დაზიანებები 28 ნოემბრიდან – 29 ნოემბრამდე მიიღეს. აცხადებდნენ, რომ ჩემი ვიდეოთი დაორგანიზდა რაიმე ჯგუფი. აქციაზე კი პირველად 30 ნოემბერს ვიყავი. იმდენად მცემეს, რომ ფეხსაცმელიც აღარ შემრჩა. ავედი უნივერსიტეტში და ჩავწერე ვიდეო.
ჩემს წინააღმდეგ კი პროკურატურის მთავარ მტკიცებულებას ხმა არ აქვს. შემდეგ კი დასაკითხად მოსულმა მოწმემ მოიტანა ეს ვიდეო მეხსიერების ბარათით, თუმცა იმ ვიდეოს წარმომავლობა არ ვიცით.
ჩემი დაკავება 4 დეკემბერს მოხდა, უნივერსიტეტთან. პირადი ჩხრეკის დროს ვერაფერი ვერ იპოვეს, რის შემდეგაც მომათავსეს მანქანაში, სადაც რამდენიმე საათი ვიმყოფებოდი. მოწმემ კი განაცხადა, რომ მე არა დაკავებული, არამედ შეჩერებული ვიყავი, თუმცა გადაადგილების საშუალება არ მქონია.
სახლში ჩხრეკის დროს, აალებადი ნივთიერებები ჩამიდეს. ადვოკატი ჩხრეკას არ დაასწრეს. ჩხრეკის ოქმს კი ხელი არ მოვაწერე.
ჩემს წინააღმდეგ, უდანაშაულობის პრეზუმფცია კი არ დაირღვა, არამედ გაიყიდა. რიგი პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ კრიმინალები ვიყავით. მზია ამაღლობელზე გამოვიდა პრემიერ-მინისტრის პოსტის დამკავებელი ადამიანი და თქვა, დავალება მიიღო, რომ პოლიციელისთვის დაერტყაო. „რუსთავი 2“-მა მთელი სიუჟეტი მომიძღვნა, როგორ დავგეგმე ტერორისტული აქტი. ეს არის იმიჯის მიზანმიმართული შელახვა.
ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა და ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში. ჩემი, როგორც აქტივისტის მიზანი დესტაბილიზაციის შემოტანა კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა. როგორც მომავალ იურისტს მინდა, რომ სასამართლო იყოს ყველაზე ძლიერი.
დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ უყურებს საზოგადოება სასამართლოს. საზოგადოება კი სასამართლოს სკეპტიციზმით უყურებს. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მართლმსაჯულების უზენაესობა” – განაცხადა პროცესზე ზვიად ცეცხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე: არც დანაშაულის აღიარების მეშინია და არც სინანულის გამოხატვის მრცხვენია, მაგრამ ამისთვის ერთი მთავარი რამ არის საჭირო – დანაშაული, რომელსაც მაბრალებენ, უნდა მქონდეს ჩადენილი

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის