VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 სპაერი. ქეცბაიას პირველი საშინაო გამარჯვება

თემურ ქეცბაიამ “დინამო არენაზე” პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და პირველი საშინაო 3 ქულაც გაიფორმა. 34-ე წუთისთვის “დინამო” იგებდა 2:0-ს და თითქოს არაფერი უნდა დამუქრებოდა ამ უპირატესობას.
ცოტა არ იყოს, საკამათო ჩანდა მეორე გოლი, როცა ვაწაძის თავურის შემდეგ ბურთი ძელმა აისხლიტა და მეკარემ გამოიტანა, თუმცა გამეორებისას ჩანდა, რომ ჰაერში გადაიკვეთა კარის ხაზი და ამის დადასტურება არბიტრმა ვიდეორეფერის ოთახიდანაც მიიღო.
“სპაერი” მეორე ტაიმის დასაწყისიდან ცდილობდა თამაშის სურათის შეცვლას, მაგრამ ეს მხოლოდ 82-ე წუთზე შეძლო. “დინამომ” მაინც მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე, თუმცა შეეძლო, უფრო მშვიდი ბოლო წუთები ჰქონოდა, მანამდე რომ არ აეღო ხელი აქტიურობაზე.
“სპაერზე” ადრეც გვითქვამს – მებრძოლი გუნდია, ეხერხება მწვავე შეტევებიც, მაგრამ ბევრ და ბავშვურ შეცდომებს უშვებს დაცვაში, რაც წყალში ყრის წინახაზელთა ძალისხმევას.
“დინამოს” რაც შეეხება, ქეცბაიას ხელში გუნდი უფრო ბევრს მოძრაობს, ცდილობს პრესინგის თამაშს, მაგრამ გუნდს მაინც სჭირდება გადახალისება, მით უფრო ევროტურნირების წინ.
ამ გამარჯვების შემდეგ ქეცბაიას გუნდმა მე-5 ადგილზე აინაცვლა, ხოლო “სპაერი” ორი ადგილი დაქვეითდა. მომდევნო ტურის მატჩს “დინამო” ორშაბათს, 11 მაისს, სტუმრად “რუსთავთან” გამართავს, ხოლო ჩემპიონატის დებიუტანტი, იმავე დღეს, “გაგრას” უმასპინძლებს.
დინამო (თბ)-სპაერი 2:1
გოლები: 1:0 დონკორი (28, გვასალიას პასით), 2:0 ვაწაძე (34, ნინუას პასით), 2:1 გოლუბიანი (82, ცირდავას პასით)
დინამო: ლორია, გვასალია (ქვარცხავა 41), კალანდაძე, ს. ხარებაშვილი, ლეონარდუ სანტუში, ნინუა, იორო, გ. ხარებაშვილი (რუი მონტეირუ 54), რამუში (ზარია 72), დონკორი, ვაწაძე (დოლტმურზიევი 72)
სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა (მატენჯვა 46), კენჭაძე, ბუნტური, პირტახია, ასკურავა, სამხარაძე (ფონიავა 61), ცირდავა, თ. ცეცხლაძე (ბასილაშვილი 78), გეგიაძე (გოლუბიანი 78), ლ. კოხრეიძე (გ. დ. ცეცხლაძე 46)
არბიტრი: ჯ. ხორავა