“რომელი ღირს იქმნა შესვლად უღელსა სახარებისასა და პატივსა მღვდელმთავრობისასა” – (ლოცვა ეპისკოპოსის ხელდასხმის წესიდან)
შესავალი
ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საზოგადოების უდიდეს ნაწილში ბუნებრივად გაჩნდა კითხვა: ვინ შეიძლება გახდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი?
ამ საკითხით დაინტერესება არა მხოლოდ გასაგებია, არამედ სრულიად ბუნებრივიცაა. ეკლესია არ არის მხოლოდ სამღვდელო იერარქიის დახურული ადმინისტრაციული სისტემა. ქრისტიანული ეკლესიის უძველეს ტრადიციაში საერო მორწმუნეთა ჩართულობას, განსაკუთრებით ეპისკოპოსის ან ადგილობრივი ეკლესიის მეთაურის არჩევის პროცესში, გარკვეული ადგილი ყოველთვის ჰქონდა.
ამ ძველი პრაქტიკის ერთგვარ რუდიმენტად შეიძლება მივიჩნიოთ ახალი დიაკონის, მღვდლისა და ეპისკოპოსის ხელდასხმისას, ასევე სამღვდელო და საერო პირების საეკლესიო დაჯილდოებისა და პატრიარქის აღსაყდრების დროს წარმოთქმული „აქსიოს!“ (ბერძ. ἄξιος -ღირსი). ამ შეძახილით სამღვდელოება და მორწმუნე ერი ადასტურებენ ხელდასხმული, დაჯილდოებული ან აღსაყდრებული პირის ღირსეულობას.
მართალია, დღეს სამღვდელოებისა და საერო მორწმუნეთა ეს ჩართულობა ხშირად მინიმალური და დიდწილად სიმბოლურია, მაგრამ მისი მნიშვნელობა მაინც არ ქრება. თეორიულად ცნობილია საპირისპირო შეძახილიც – „ანაქსიოს!“ (ბერძნ. ἀνάξιος — „უღირსი“), რომლის წარმოთქმის შემთხვევაშიც ეპისკოპოსი ვალდებულია, შეწყვიტოს ხელდასხმა საკითხის დეტალურად შესწავლამდე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამიტომ, ნებისმიერი, ვინც საერო პირებს ამუნათებს ეკლესიის მეთაურის არჩევის საკითხით „ზედმეტი“ დაინტერესების გამო, ან არ იცნობს, ან ბოლომდე ვერ აცნობიერებს ეკლესიის ბუნებას. ეკლესია არის არა მხოლოდ იერარქიული, არამედ ევქარისტიული და საკრამენტული ერთობაა, რომელშიც მორწმუნე ერს თავისი ადგილი აქვს.
კითხვა კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის შესახებ
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატების შერჩევამდე და მის შემდეგაც ვისმენთ არაერთ ინტერპრეტაციას იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი, ვინ შეიძლება გახდეს პოტენციური კათოლიკოს-პატრიარქი და ვინ – არა.
რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქი ვერ იქნება ნებისმიერი პირი. ისევე, როგორც ეპისკოპოსი ვერ იქნება ნებისმიერი, მღვდელი და დიაკონიც ვერ იქნება ნებისმიერი, ასევე ლიტურგიული მსახური და მკითხველი (მედავითნე) ვერ იქნება ნებისმიერი. ეკლესიის რწმენით, მსახურება არ არის მხოლოდ ადამიანური არჩევანი ან კარიერული გზა. მასში პირველo ადგილი უკავია ღვთის მოწოდებას: „თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი“ (იოან. 15, 16).
და მაინც, საკითხი ასე უნდა დაისვას: ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი და როგორ უნდა გავიგოთ ის კრიტერიუმები, რომელსაც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება ადგენს?
მართვა-გამგეობის დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმები
ამ კითხვაზე პასუხის დასაწყებად საჭიროა საქართველოს მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების წაკითხვა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მართვა-გამგეობის დებულება ეკლესიის შიდა სამართლებრივი წესრიგის განმსაზღვრელი დოკუმენტია, სადაც მოცემულია ეკლესიის მოწყობის, მართვის ორგანოების, მათი არჩევის წესისა და უფლებამოსილების ძირითადი ჩარჩო.
დებულების IV თავი განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქის უფლებამოსილებებს, ხოლო ამავე თავის II პარაგრაფი ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, კანდიდატი:
ეროვნებით უნდა იყოს ქართველი;
უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი;
უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება;
ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა;
უნდა იყოს ბერი.
კანონიკური ჩანაწერის განმარტების პრობლემა
ერთი შეხედვით, დებულება თითქოს მარტივად და ამომწურავად ჩამოთვლის კრიტერიუმებს. თუმცა საეკლესიო კანონმდებლობა, ისევე როგორც ნებისმიერი სამართლებრივი ტექსტი, ვერ განიმარტება იზოლირებულად, ერთი მუხლის სწორხაზოვანი და კონტექსტისგან მოწყვეტილი წაკითხვით.
სამართალმცოდნეები ხშირად ამბობენ: „ეს ჩანაწერი მე ამგვარად წავიკითხე“. მაგრამ კანონის განმარტება მხოლოდ პირადი წაკითხვის საკითხი არ არის. სამართლებრივი ნორმა უნდა განიმარტოს შესაბამისი სამართლებრივი სისტემის, მისი შიდა ლოგიკისა და მთლიანობის გათვალისწინებით.
საეკლესიო სამართლის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეკლესიის კანონიკური დებულებები არ არსებობს თეოლოგიისგან დამოუკიდებლად. თეოლოგიის არც ერთი დისციპლინა, იქნება ეს ბიბლეისტიკა, პატროლოგია, სოტერიოლოგია, დოგმატური და სისტემური თეოლოგია, საკრამენტოლოგია, ლიტურგიკა, ქრისტიანული ანთროპოლოგია, პოლიტიკური თეოლოგია თუ ეკლესიის ისტორია – ერთმანეთისგან იზოლირებულად არ გაიგება. განსაკუთრებით კი, საეკლესიო სამართალი არის ის დისციპლინა, რომელიც ამ ყველაფერთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ამიტომ, წინამდებარე საკითხი უნდა განვიხილოთ, ერთი მხრივ, საეკლესიო სამართლისა და მართვა-გამგეობის დებულების, ხოლო მეორე მხრივ, საკრამენტოლოგიური თეოლოგიისა და ლიტურგიკული ცნობიერების შუქზე.
ბერობის კრიტერიუმის შესახებ
პირველი, რაც ყურადღებას იქცევს, არის დებულებაში მოცემული ორი კრიტერიუმის ურთიერთმიმართება. ერთ პუნქტში წერია, რომ კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი „უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი“, ხოლო სხვა პუნქტში წერია, რომ ის „უნდა იყოს ბერი“.
აქ ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ არის ბერობა ცალკე კრიტერიუმად გამოტანილი, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მღვდელმთავარი ისედაც ბერია? ამას მოითხოვს ეპისკოპოსობის შესახებ საეკლესიო ტრადიცია, კერძოდ ეპისკოპოსთა უქორწინებლობა, და ამასვე ითვალისწინებს მართვა-გამგეობის დებულების VII თავის IV პარაგრაფის მე-4 პუნქტიც, რომლის მიხედვითაც სამღვდელმთავრო კანდიდატი უნდა იყოს ბერი.
შესაბამისად, თუ დებულება ადგენს, რომ კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ეს უკვე გულისხმობს, რომ ის არის ბერი. ამ თვალსაზრისით, ბერობის ცალკე კრიტერიუმად გამოტანა შეიძლება აღვიქვათ არა როგორც ახალი შინაარსობრივი მოთხოვნა, არამედ როგორც განმეორებითი, დამაზუსტებელი ან ტრადიციის ხაზგასმის მიზნით შეტანილი ჩანაწერი.
ეპისკოპოსობის საკრამენტული ბუნება
საკითხის სწორად გასაგებად აუცილებელია განვმარტოთ, ვინ არის ეპისკოპოსი (მღვდელმთავარი) და რა მისიას აკისრებს მას ეკლესია. ეს არ არის მხოლოდ კანონიკური ან ადმინისტრაციული საკითხი, რადგან ეპისკოპოსობას აქვს ღრმა საკრამენტული ბუნება.
ეკლესიის სწავლებით, ეპისკოპოსი არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ხელმძღვანელი. ის არის საკრამენტული, ანუ მისტიკური მსახურების ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ეკლესია ხილულად და ისტორიულად აგრძელებს მოციქულთა მსახურებას. სწორედ ამ საფუძველზე შეიძლება სისტემურად განვმარტოთ ეპისკოპოსობის ბუნება.
ეპისკოპოსი როგორც მოციქულთა მემკვიდრე
უწყვეტი სამოციქულო სუქცესიის მეშვეობით ეპისკოპოსი არის მოციქულთა მემკვიდრე. ეს ნიშნავს, რომ მისი მსახურება არ იწყება მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშვნით. იგი ჩართულია ეკლესიის იმ უწყვეტ ისტორიულ და საკრამენტულ ჯაჭვში, რომელიც მოციქულებიდან მომდინარეობს.
ამიტომ ეპისკოპოსი მოქმედებს არა საკუთარი ძალით, არამედ ქრისტეს მიერ ეკლესიისათვის მინიჭებული მადლითა და მოციქულებრივი მსახურების გაგრძელების პასუხისმგებლობით.
ეპისკოპოსი როგორც ყოვლადსამღვდელო
ეპისკოპოსს ხელდასხმისას მიღებული მადლის მეშვეობით აქვს სრული საეკლესიო-საკრამენტული უფლებამოსილება. იგი არის მღვდლობის სისავსის მტარებელი, ანუ არა უბრალოდ ადმინისტრატორი, არამედ ეკლესიის საკრამენტული მსახურების სრული წარმომადგენელი.
მღვდელი თავის მსახურებას ეპისკოპოსთან კავშირში და მისი კურთხევით აღასრულებს. ამიტომ ეპისკოპოსის როლი მხოლოდ ზედამხედველობითი არ არის, ეპისკოპოსი არის ის ცენტრი, საიდანაც ადგილობრივი ეკლესიის საკრამენტული ცხოვრება ერთიანდება.
ეპისკოპოსი როგორც ევქარისტიული ეკლესიოლოგიის ცენტრი
ეკლესიის ცხოვრება თავის სისრულეში ევქარისტიაში ვლინდება. ევქარისტიული შეკრება არის ეკლესიის ხილული გამოვლინება, ხოლო ეპისკოპოსი ამ შეკრების თავმჯდომარე და ერთობის გარანტია.
ამიტომ: “სადაც არის ეპისკოპოსი, იქ არის ეკლესია”. ევქარისტია არის ეკლესიის ცენტრი, ხოლო ეპისკოპოსი – ევქარისტიული ერთობის ხილული მსახური და გარანტი.
ეპისკოპოსი როგორც ერთობის მსახური
ეპისკოპოსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკრამენტული ფუნქციაა ეკლესიის ერთობის მსახურება და დაცვა. ის პასუხისმგებელია, ერთი მხრივ, მისდამი რწმუნებული ეპარქიის ერთობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა ეპისკოპოსებთან და მთლიანად ეკლესიასთან ერთობაზე.
ეპისკოპოსის მსახურება ყოველთვის პიროვნულია, მაგრამ არასოდეს ინდივიდუალისტური. იგი არსებობს სინოდალურ და ევქარისტიულ ერთობაში. ამიტომ ეპისკოპოსის უფლებამოსილება უნდა გავიგოთ არა როგორც პირადი ძალაუფლება, არამედ როგორც ერთობისა და პასუხისმგებლობის მსახურება.
ეპისკოპოსი როგორც მოძღვარი, მასწავლებელი და რწმენის დამცველი
ჩვენი მსჯელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპისკოპოსობის ეს მხარე: ეპისკოპოსი არის ეკლესიის მოძღვარი, მასწავლებელი და რწმენის დამცველი. მას აქვს სწავლების ავტორიტეტი და მართლმადიდებლობის, მართლმორწმუნეობის დაცვის პასუხისმგებლობა.
ეს ფუნქცია არ არის მხოლოდ ინტელექტუალური ან პედაგოგიური. იგი გამომდინარეობს თავად ეპისკოპოსობის საკრამენტული ბუნებიდან. ეპისკოპოსი პასუხისმგებელია, რომ მის ეპარქიაში დაცული იყოს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სიწმინდე, რომ სამღვდელო პირთა ქადაგება შეესაბამებოდეს ეკლესიის სწავლებას, რომ სამღვდელო კანდიდატების მომზადება იყოს სათანადო და რომ ეპარქიაში გავრცელებულ ბოროტ და მწვალებლურ სწავლებებს ეკლესიის სახელით გაეცეს პასუხი.
ეპისკოპოსის ამ მოძღვრულ-სასწავლო მისიას ადასტურებს არა მხოლოდ თეოლოგიური სწავლება, არამედ თავად ეკლესიის უძველესი ლიტურგიკული ტრადიციაც. ეპისკოპოსის ხელდასხმისას მისი თავზე გადაშლილი სახარების დადება წარმოადგენს ადრეული ქრისტიანული ლიტურგიის მნიშვნელოვან ელემენტს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ეპისკოპოსის განსაკუთრებულ კავშირს ღვთის სიტყვასთან.
ამავე აზრს ამტკიცებს ხელდასხმის ლოცვაში წარმოთქმული სიტყვებიც:
„რომელი ღირს იქმნა შესვლად უღელსა სახარებისასა და პატივსა მღვდელმთავრობისასა“,
რაც მიუთითებს, რომ ეპისკოპოსობა განუყოფელია სახარების მსახურებისაგან.
ამგვარად, ეპისკოპოსი არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ან იერარქიული ფიგურა, არამედ იგი არის ღვთის სიტყვის „მეუღლე“ – მისი ერთგული მტარებელი, განმმარტებელი და მასწავლებელი, რომელსაც ეკლესია ავალებს სახარების ქადაგებას, სწავლებას და სარწმუნოების სიწმინდის დაცვას.
ეპისკოპოსი როგორც ქრისტეს ხატება
მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიაში ეპისკოპოსი არის ქრისტეს ხატება ეკლესიაში. ეს არ ნიშნავს, რომ ის პიროვნულად უცდომელია ან კრიტიკის მიღმა დგას. ეს ნიშნავს, რომ მისი მსახურება საკრამენტულად მიუთითებს ქრისტეზე, როგორც ეკლესიის თავზე.
ამიტომ ეპისკოპოსი არ შეიძლება შემცირდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ თანამდებობამდე. იგი არის ქრისტეს მყოფობის ხილული ნიშანი, საკრამენტული სიმბოლო და ეკლესიის ერთობის მსახური.
დებულების VII თავი და ეპისკოპოსის მოვალეობები
სწორედ ეპისკოპოსის ამ საკრამენტული ბუნების შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების VII თავი განსაზღვრავს სამღვდელმთავრო კანდიდატისა და ეპარქიის მღვდელმთავრის მოთხოვნებსა და უფლებამოსილებებს.
VII თავის IV პარაგრაფის მიხედვით, სამღვდელმთავრო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა;
უნდა გამოირჩეოდეს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სიწმიდით;
უნდა ჰქონდეს შესაფერისი საღვთისმეტყველო და საერო განათლება;
უნდა იყოს ბერი.
ეპარქიის მღვდელმთავრის იერარქიული უფლებამოსილება
ამავე თავის V პარაგრაფის თანახმად, ეპარქიის მღვდელმთავარს აქვს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სწავლების, მღვდელმოქმედებისა და მოძღვრების სრული იერარქიული უფლებამოსილება.
განსაკუთრებით საყურადღებოა XIII პარაგრაფის რამდენიმე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც მღვდელმთავარი:
იცავს სარწმუნოებრივ და ზნეობრივ სიწმიდეს;
ზრუნავს სასულიერო პირთა განათლების დონის ამაღლებაზე;
ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს სამღვდელო კანდიდატების საღვთისმეტყველო მომზადებას;
ებრძვის ეპარქიაში გავრცელებულ ყველა ბოროტ და მწვალებლურ სწავლებას;
ზრუნავს, რომ სამღვდელოების ქადაგება შეესაბამებოდეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას.
საღვთისმეტყველო განათლების კრიტერიუმის განმარტება
აქედან გამომდინარე, ეპისკოპოსობის საკრამენტული ბუნების, საეკლესიო სამართლისა და საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების ერთობლივი განხილვა გვაჩვენებს, რომ ეპისკოპოსი არის ეკლესიის მოძღვარი, მასწავლებელი და რწმენის დამცველი. მას აქვს სრული საეკლესიო-საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება მისდამი რწმუნებულ ეპარქიაში, ხოლო კოლეგიურად, სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, ადგილობრივ ეკლესიაში.
ამავე დროს, იგი ვალდებულია დაიცვას სარწმუნოებრივი სიწმინდე, იზრუნოს მღვდელთა უწყვეტ განათლებაზე, უხელმძღვანელოს სამღვდელო კანდიდატების საღვთისმეტყველო მომზადებას და ზედამხედველობდეს მღვდელთა ქადაგებას, რათა ის შეესაბამებოდეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას.
ეკლესია ამ ყველაფერს ეპისკოპოსს ავალებს სწორედ იმიტომ, რომ საეპისკოპოსო კანდიდატად ირჩევს პირს, რომელსაც აქვს შესაფერისი საღვთისმეტყველო განათლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ ასეთი განათლების არარსებობის შემთხვევაში, ეპისკოპოსი ვერ შეძლებდა სარწმუნოებრივი სიწმინდის დაცვას, სამღვდელო კანდიდატების მომზადების ხელმძღვანელობას, მღვდელთა უწყვეტ განათლებაზე ზრუნვას და მწვალებლურ სწავლებებთან ბრძოლას.
ეს მოთხოვნა სრულიად სამართლიანია, რადგან იგი გამომდინარეობს თავად ეპისკოპოსობის ბუნებიდან. მაგრამ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი ინტერპრეტაციული კითხვა: თუ კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი არის მღვდელმთავრობა, მაშინ ეს უკვე გულისხმობს, რომ ეკლესიამ ეს პირი ერთხელ უკვე მიიჩნია საეპისკოპოსო მსახურებისთვის შესაფერისად, მათ შორის, საღვთისმეტყველო განათლებისა და საეკლესიო მსახურებისთვის საჭირო ცოდნის თვალსაზრისით.
ამიტომ, მართვა-გამგეობის დებულების ჩანაწერი კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის „საღვთისმეტყველო განათლებასთან“ დაკავშირებით არ უნდა გავიგოთ ვიწრო, მხოლოდ ფორმალური ან აკადემიური დიპლომის მნიშვნელობით. თუ პირი უკვე არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ეს ნიშნავს, რომ ეკლესიამ მისი ფორმალური თუ არაფორმალური, აკადემიური თუ არააკადემიური საღვთისმეტყველო მომზადება საეპისკოპოსო მსახურებისთვის შესაფერისად და საკმარისად მიიჩნია.
ამასთანავე, საეკლესიო სამართლის განმარტება შესაძლებელია არა მხოლოდ ნორმატიულ-ტექსტუალური, არამედ პრეცედენტული მიდგომითაც, ანუ ეკლესიის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით.
თუ მიმოვიხილავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის შემდგომ პერიოდში ხელდასხმულ ეპისკოპოსთა ბიოგრაფიებს, დავინახავთ, რომ მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია ფორმალური, აკადემიური ტიპის საღვთისმეტყველო ან სემინარიული განათლება.
ეს გარემოება წარმოადგენს მნიშვნელოვან არგუმენტს დებულებაში მოცემული ჩანაწერის „შესაფერისი საღვთისმეტყველო განათლების“ ინტერპრეტაციისთვის. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეკლესიას ეს მოთხოვნა არ გაუგია მხოლოდ ფორმალური ან აკადემიური განათლების ერთადერთ და სავალდებულო კრიტერიუმად.
ამავე დროს, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ფორმალური საღვთისმეტყველო განათლება ეკლესიისთვის უმნიშვნელოა. პირიქით, იგი წარმოადგენს სასურველ და მნიშვნელოვან კომპონენტს, თუმცა არა ერთადერთ კრიტერიუმს. ეკლესიამ მღვდელმთავრებად, შესაბამისად – მოძღვრებად და მასწავლებლებად, გამოარჩია პირები, რომლებიც მიიჩნია ყოველადსამღვდელო მსახურებისთვის შესაფერისად, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათი საღვთისმეტყველო მომზადება არ ატარებდა აკადემიურ-დიპლომირებულ ფორმას.
ამავე ლოგიკით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბერობის ცალკე მოთხოვნაც ვერ განიმარტება ისე, თითქოს ის დამოუკიდებლად ამატებდეს ახალ კრიტერიუმს იმ პირთან მიმართებით, რომელიც უკვე მღვდელმთავარია. მღვდელმთავრობა თავის თავში უკვე გულისხმობს ბერობას.
დასკვნა
შესაბამისად, მართვა-გამგეობის დებულების კონკრეტული ჩანაწერების სწორხაზოვანი, კონტექსტისგან მოწყვეტილი წაკითხვა პრობლემურია. განსაკუთრებით არასწორია მათი განმარტება დებულების სხვა თავებთან და პარაგრაფებთან შინაარსობრივი კავშირის გარეშე. მით უფრო, ეპისკოპოსობის საკრამენტული ბუნებისა და ეკლესიოლოგიური მნიშვნელობის გაუთვალისწინებლად.
ეპისკოპოსი არ არის მხოლოდ სამართლებრივი სტატუსის მქონე პირი. ის არის მოციქულთა მემკვიდრე, მღვდლობის სისავსის მტარებელი, ევქარისტიული ერთობის ცენტრი, ეკლესიის ერთობის მსახური, მოძღვარი, მასწავლებელი, რწმენის დამცველი და ქრისტეს ხატება ეკლესიაში.
ამიტომ კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის შესახებ მსჯელობისას არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ფორმალური კრიტერიუმების მექანიკური ჩამოთვლით. აუცილებელია, ეს კრიტერიუმები წავიკითხოთ ეკლესიის ბუნების, ეპისკოპოსობის საკრამენტული შინაარსისა და იმ პასუხისმგებლობის შუქზე, რომელსაც ეკლესია მღვდელმთავარს აკისრებს.
სხვა შემთხვევაში მივიღებთ არა მხოლოდ იურიდიულად არასრულ, არამედ თეოლოგიურადაც არადამაკმაყოფილებელ განმარტებას და ნორმების იმგვარ წაკითხვას, რომელიც ვერ ხედავს, რომ ეკლესიის სამართალი ეკლესიისავე საკრამენტული და საღვთისმეტყველო ცხოვრებიდან ამოიზრდება.
გიორგი ხობუა, თეოლოგი, ექიმი.