კობახიძის ცოლი ხელმძღვანელობს უწყებას, რომელიც პრემიერთან არის ანგარიშვალდებული

პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის ცოლი, ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს უწყებას, რომელიც პრემიერმინისტრთან არის ანგარიშვალდებული. შესაბამისი ინფორმაცია ნატალია მოწონელიძის დეკლარაციაში და ასევე სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული. თავდაპირველად ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.
საუბარია საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოზე, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია. სააგენტო საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ 2018 წლის 4 მაისის კანონის საფუძველზე, მამუკა ბახტაძის პრემიერობისას შეიქმნა, ხოლო ფუნქციონირება 2019 წლის თებერვლიდან დაიწყო.
*საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი.
თავდაპირველად, ნატალია მოწონელიძე ხსენებულ სააგენტოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მალევე ის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ხოლო 2021 წლის 23 დეკემბრიდან სააგენტოს თავმჯდომარეა.
საქართველოს კანონით არ შეიძლება, საჯარო მოხელე ზედამხედველობას უწევდეს ორგანიზაციას, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში მისი ოჯახის წევრები არიან დასაქმებული.
საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ: მუხლი 62.
სამსახურებრივ ზედამხედველობასთან დაკავშირებული შეზღუდვა 1. სახელმწიფო მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას. 2. არ შეიძლება მოხელეს დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები.
ფორმულა საკითხთან დაკავშირებით საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსთან დაკავშირებას ცდილობს.