“ტაბულა”-ს მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე:
სანამ ძალთა ბალანსზე გადავალთ, მოკლედ გავიხსენოთ ფაქტები და პროცედურები:
28 აპრილს, სამშაბათს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შეიკრიბება იმისთვის, რომ ფარული კენჭისყრით გამოავლინოს 3 საპატრიარქო კანდიდატი.
ამ სამი კანდიდატიდან გაფართოებული კრება, რომელიც 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ და ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუთქვამთ, აირჩევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელს.
გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლება მხოლოდ 39 მღვდელმთავარს ექნება, სხვა 2000-მდე სასულიერო და საერო პირს მხოლოდ აზრის გამოთქმა შეეძლება.
თუ კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვერავინ მოაგროვა ხმათა ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 20 ხმა, გაიმართება მეორე კენჭისყრა იმ ორ პირს შორის, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
სანამ ყველაფერი გაფართოებულ კრებამდე მივა, მიმდინარეობს ბრძოლა კანდიდატობისთვის.
საჯარო და არასაჯარო, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 აპრილის საღამოს მონაცემებით საპატრიარქო კანდიდატობისთვის საჭირო ხმებს აგროვებენ:
შიო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე
იობი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი
გრიგოლი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
საჭირო ხმები შესაძლოა მოაგროვოს მიტროპოლიტმა დანიელმაც, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა, თუ სინოდი კენჭისყრაზე გადაწყვეტს, რომ ის აკმაყოფილებს ასაკობრივ კრიტერიუმს. ჩვენი წყაროების უმრავლესობა ამბობს, რომ სინოდი მეუფე დანიელის ასაკს კანიდიდატობისთვის დასაშვებად არ ცნობს, მხოლოდ ამიტომ ვკონცენტრირდით ზემოხსნებულ სამ მღვდელმთავარზე. ეს არ ნიშნავს, რომ მიტროპოლიტი დანიელი უმნიშვნელო ფიგურა ხდება, მეტიც, ყველა დათვლით სწორედ ის და მისი მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი ან სამეულიდან ვინ გადავა მეორე ტურში.
მოსაყდრის გამოწვევა
მიუხედავად იმისა, რომ 28 აპრილს ეს პატრიარქობას ვერ მოაგებინებს, მიტროპოლიტი შიოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მოაგროვოს 20 ხმა. ყველა სხვა შემთხვევაში, მერყევი ეპისკოპოსები, რომლებიც არა ვინმეს, არამედ “გამარჯვებულის ამომრჩევლები” არიან, ჩათვლიან, რომ მოსაყდრე სუსტია, მისთვის ხმის მიცემა კი – სარისკო.
თუ მიტროპოლიტი შიო 9-წლიანი მმართველობის, პატრიარქის მხარდაჭერად ინტერპრეტირებული ზურგის ქარითა და პირველობით სწრაფად ვერ აგროვებს 20 ხმას, სინოდის უმრავლესობა ჩათვლის, რომ ამ ნავზე ასვლა არ ღირს. ბუნებრივია, სინოდზე მიღებული 20 ხმა მიტროპოლიტი შიოსთვის პატრიარქობას არ ნიშნავს, მას მაინც უნდა უყარონ კენჭი გაფართოებულ კრებაზე, მაგრამ 20 ხმის მიღება მოსაყდრეს უდიდესი ალბათობით აქცევს წინასწარ გამარჯვებულად.
წყაროთა ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ფიქრობს, რომ მოსაყდრე შიო მოახერხებს ამ ხმების სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგროვებას სინოდზევე, მაგრამ ისინი ჩვენს სხვა წყაროებთან შედარებით, უმცირესობას წარმოადგენენ.
კოალიცია შიოს წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ წყაროთა უდიდესი უმრავლესობა ფიქრობს, რომ მიტროპოლიტი შიოს კანდიდატურა კოჭლია, ისინიც კი აღიარებენ, რომ არც ერთ ცალკეულ ეპისკოპოსს არ შეუძლია მოსაყდრის სხვათა დახმარების გარეშე დამარცხება. მეტიც, კოალიცია ამისთვის საჭიროებს 3-4 გავლენიანი ეპისკოპოსის ერთობლივ ძალისხმევას.
ჩვენ სწორედ მათზე დაყრდნობით ვანაწილებთ ხმებს:
ეს ეპისკოპოსები არიან:
მიტროპოლიტი იობი, რომელსაც წყაროთა მონაცემების შეჯერებით აქვს 6 ზემყარი ხმა.
მიტროპოლიტი აბრაამი, რომელიც მხარს უჭერს მეუფე გრიგოლს და აქვს 10 მყარი, თუმცა არა ზემყარი ხმა.
მიტროპოლიტი დანიელი, რომელსაც აქვს 5 ხმა, თუმცა, სათქმელად რთულია, რამდენად მყარი.
მთავარეპისკოპოსი იაკობი, რომელსაც აქვს მყარი 2-3 ხმა და, შესაძლოა, მეტიც.
რა ვიცით ჩვენ? ტაბულასთვის ცნობილია, რომ კოალიცია შედგა.
წყაროების დათვლით, ამ კოალიციიდან მიტროპოლიტი შიო აგროვებს მაქსიმუმ 16 ხმას, დანარჩენი კი – მეუფე იობსა და გრიგოლზე ნაწილდება. ამ კალკულაციაში მეორე ტურში გადასასვლელად საჭიროა დარჩენილი 23 ხმის მინიმალური უმრავლესობის, 12 ხმის მოპოვება. სიტუაცია სწორედ აქ რთულდება და გართულდა მიტროპოლიტი აბრაამის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენ არ ვიცით, რომელი კანდიდატი მიიღებს მოსაყდრესთან მეორე ტურში შეხვედრის ბილეთს.
ანუ, 26 აპრილის საღამოს მონაცემებით, კოალიციის არცერთი ჯგუფი არ არის დარწმუნებული, მივიღებთ შიო/იობისა თუ შიო/გრიგოლის დუელს.
მიუხედავად ამისა, რეფერენდუმი შემთხვევით არ გვიხსენებია: კოალიცია დგას არა პოზიტიურ, არამედ ნეგატიურ პრინციპზე – ეს ხმები, წყაროთა თქმით, არა ვინმეს სასარგებლო, არამედ შიოს საწინააღმდეგო ხმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადავა მეორე ტურში იობი თუ გადავა გრიგოლი, შესაძლოა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. წყაროთა ნაწილი გვეუბნება, რომ იობი შიოს დასამარცხებლად შესაძლოა აღმოჩნდეს ყველაზე ეფექტიანი კანდიდატი, თუმცა, ტაბულას გუნდმა ვერ შეძლო ამ მოსაზრების დამოუკიდებლად გადამოწმება.
თუ მოსაყდრის მეტოქეთა კალკულაცია მართალია…
იმ შემთხვევაში, თუ მიტროპოლიტი შიოს მოწინააღმდეგეები უკეთ აღწერენ რეალობას, მოსაყდრეს გამარჯვებისთვის სჭირდება, კოალიციას გამოსტაცოს მინიმუმ 4 ხმა და არ დაკარგოს არავინ იმ არსებული 16-დან.
მან ეს უნდა გააკეთოს სწრაფად და ეფექტიანად… და გააკეთოს ეს სამშაბათამდე.
თუ მოსაყდრის გუნდი ფიქრობს, რომ წმიდა სინოდზე შეუძლებელია 20 ხმის მოგროვება, ის ძალის ჩვენებას მაქსიმუმით, ვთქვათ 18-19 ხმით უნდა შეეცადოს, იმისთვის, რომ საერთოდ ჰქონდეს გამარჯვების სერიოზული შანსი.
რისკები
თუ მიტროპოლიტი ისაიას კანდიდატურა ჩავარდა დიპლომის უქონლობის გამო, შესაძლოა, არსებობდეს კიდევ რომელიმე ბიუროკრატიული სურპრიზი, რომელიც საპატრიარქოს აპარატს ძლიერი კანდიდატებისთვის აქვს შემონახული. მათთვის, შესაძლოა, ეს სურპრიზი ორლესული მახვილი აღმოჩნდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ძლიერი კანდიდატებისთვის ის რეალურ პრობლემას არ წამოადგენს.
რისკად მიიჩნეოდა, მაგრამ აღარ მიიჩნევა მიტროპოლიტი შიოს მხრიდან პოტენციურად “ხმათა გაფანტვის კანდიდატის” წამოყენება. ჩვენი ათობით წყაროდან აბრაამის გამოჩენის შემდეგ ეს ლოგიკური აღარავისთვის ჩანს.
ასევე, რისკს წარმოადგენს მოულოდნელობა: თუ სინოდი დაუშვებს კანდიდატად მიტროპოლიტ დანიელს, სურათი შეიძლება კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს. კითხვა ასე შეგვიძლია დავსვათ, ასეთ შემთხვევაში, შეძლებს თუ არა მეუფე დანიელი, ამოაგდოს იობი ან გრიგოლი კანდიდატთა სიიდან და თავად ჩაჯდეს მესამედ? რთული წარმოსადგენია. მყარი ხმებით ერთიცა და მეორეც მნიშვნელოვნად უსწრებენ დანიელის ხმებს და თუ ასეთი რამ მოხდა, ხმები მან მიტროპოლიტ შიოს უნდა წაართვას (მაგალითად, ანდრია გვაზავა, რასაც არავინ ელის).
ვინც უნდა გახდეს პატრიარქი…
ჩემი დაკვირვებით, ახალ პატრიარქზე მსჯელობისას უმრავლესობა ერთ დიდ შეცდომას უშვებს: ეკლესია ირჩევს არა ახალ ილია მეორეს, არამედ ახალ პატრიარქს. ახალი ილია მეორის არჩევა შეუძლებელია – მან ავტორიტეტი დეკადები აგროვა და მართა სინოდი, როგორც მონარქმა, იყო რა ამ სინოდის თითოეული წევრი მისი პატრიარქობისას გამორჩეული. ახალი პატრიარქი კი ძოწისფერ მანტიასთან ერთად ვერ მოისხამს ნახევარი საუკუნის ავტორიტეტს და ვერც სინოდს მართავს როგორც აბსოლუტური სუვერენი – მას დააბალანსებენ. და, როგორც ერთმა მღვდელმთავარმა მოსწრებულად მითხრა: “შეჭამენ საწყალს”.
ზოგადად, იქცე ილია მეორის მემკვიდრედ, არ არის საშური ვაკანსია. ილია მეორე ალავერდზე გრძელ ჩრდილს იკეთებდა და იკეთებს სიკვდილის შემდეგაც, რაც შესაძლოა შემდეგის შემდეგ პატრიარქსაც გადასწვდეს. ახალ პატრიარქს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ანგარიშის გაწევა სინოდისთვის. მართალია, მრავალი ეპისკოპოსი ასაკშია, მაგრამ მათ ჩანაცვლებასაც სინოდის თანხმობა დასჭირდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში არავინ არის ისეთი სულელი, პატრიარქს მყარი უმრავლესობა აჩუქოს და ხელში აბსოლუტური ძალაუფლება ჩაუგდოს.
ქართველებს არ უცხოვრიათ ეკლესიაში, სადაც სინოდი მართლა წარმოადგენს უმაღლეს საკანონდებლო, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, მაგრამ ყველაფერი შეჩვევადია.
P.S შეგახსენებთ, რომ ზემომდებარე ტექსტი წარმოადგენს საჯარო და არასაჯარო წყაროებზე დარყდნობილ სპეკულაციას და ავტორი არ იბრალებს წინასწარმეტყველების ქარიზმას. ვატიკანში არსებობს ასეთი გამოთქმა: “ვინც კონკლავზე შედის პაპად, იქიდან კარდინალად ბრუნდება”, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირად ის, ვისაც პრესა პაპობას უწინასწარმეტყველებს, პაპი ვერ ხდება.




