ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. მანუჩარ გოგოხიამ (88 კგ) ატაცში 166 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 192 კგ ასწია, რაც მე-9 შედეგია. მან ორჭიდის ჯამში 358 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.
ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა ზურაბ მსხალაძემ, რომელმაც ატაცში 163 კგ დაძლია და მე-5 პოზიცია დაიკავა, ხოლო აკვრაში 200 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ის ორჭიდის ჯამში (363 ქულა) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ნანა ხორავამ (77 კგ) ატაცში დაძლეული 109 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა და უკეთესი შედეგის დაფიქსირებას აკვრაში შეეცდება.
ევროპირველობაზე გოდერძი ბერდელიძემ (60 კგ) და რამინ შამილიშვილმა (60 კგ) ატაცში ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, არჩილ მალაყმაძემ (79 კგ) კი აკვრაში – ბრინჯაოს მედალი.