საქართველოს ხელოვანთა ღია წერილი

ჩვენ, საქართველოს ხელოვანები, მივმართავთ საზოგადოებას, მედიასა და ყველა იმ ინსტიტუციას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე მოვლენებით.

წლების განმავლობაში, ვებრძოდით იმ უსამართლობას, რომელიც GCA-ში გიგა კობალაძის ხელმძღვანელობით ხდებოდა. მას შემდეგ რაც აუდიტის დასკვნამ, ნათელი მოჰფინა ამ ასოციაციის მიერ ავტორთა დიდი რაოდენობით ჰონორარების გაფლანგვას და თანხების მითვისებას, ჩვენ ღიად დავუპირისპირდით ამ უსამართლობას. ამასთანავე, პროკურატურას მოვუწოდეთ აღნიშნული საკითხით დაინტერესებსკენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად დასრულდეს ავტორთა ძარცვა და სამომავლოდაც არავის არ გაუჩნდეს ასეთი ცდუნება.

რამდენიმე დღის წინ, ყველამ ვიხილეთ, რომ საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო სრული ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ და მოუთმენლად ველით შესაბამის რეაგირებას.

GCA-ის მხარდამჭერთა კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, გიგა კობალაძის უსამართლო ქმედებების გადაფარვის მიზნით, ხდება დეზინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელება, რომ თითქოს ჩვენი ასოცოაცია არის რუსული. ამ აბსურდული და უკვე გაცვეთილი ბრალდებით, გიგა კობალაძე ცდილობს თვითგადარჩენასა და GCA-ში არსებული დარღვევების გადაფარვას. ჩვენ აღარ მოვითმენთ ამ შეურაცხყოფას.

გვსურს, განვაცხადოთ: IPOA, არის ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია, რომელიც ჩვენ თავად, საქართველოს ხელოვანებმა საკუთარი ინტერესების დასაცავად შევქმენით და არის ერთადერთი აკრედიტირებული, ნდობით აღჭურვილი ასოციაცია საქართველოში.

ჩვენ 400-მდე ხელმომწერი, ჩვენი ასოციაციის ათასზე მეტი წევრის სახელით მოგმართავთ:

პირველი: შეწყდეს ავტორების დაპირისპირების მცდელობა, პროცესის
პოლიტიზირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

მეორე: გიგა კობალაძის მცირერიცხოვანი მხარდამჭერი ხელოვანებისგან განსხვავებით, ჩვენი ასოციაციის წევრებს შეურაცხყოფა არასდროს მიგვიყენებია მათთვის. კობალაძე კვლავ აგრძელებს მისი წევრების მოტყუებასა და პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას. საკუთარი დანაშაულის გადასაფარად, ცდილობს დაპირისპირება შეიტანოს საქართველოს ხელოვანთა შორის.

მესამე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ GCA აღარ წარმოადგენს კოლექტიური მართვის ასოციაციას. არსებობს მისი უფლებამონაცვლე, ერთადერთი აკრედიტირებული ასოციაცია- IPOA.

და ბოლოს, მოვუწოდებთ გიგა კობალაძეს, შეწყვიტოს ქართველი ავტორებისა და ჩვენი ასოციაციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოს ავტორები
05.02.2024

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა