რუსეთის დაბრუნების გამო, ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუმცირებს – კალასი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს, რომელმაც წელს მიიღო გადაწყვეტილება, გამოფენაზე დააბრუნოს, დაფინანსებას შეუმცირებს.
“როდესაც ბომბავს მუზეუმებს, ანადგურებს ეკლესიებს და ცდილობს წაშალოს უკრაინული კულტურა, მას არ უნდა მიეცეს საკუთარი კულტურის გამოფენის უფლება,” – განაცხადა კალასმა 21 აპრილს, ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე.
ვენეციის ბიენალე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების გამოფენა, რუსეთს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად უმასპინძლებს.
ლატვიის კულტურის მინისტრმა აგნესე ლაცემ, რომელმაც რუსეთის გამორიცხვის მოთხოვნით 25 ევროპული ქვეყნის ერთობლივი პოზიცია წარადგინა, განაცხადა, რომ თუ მოსკოვი ბიენალეში მონაწილეობას მიიღებს, ის 9 მაისს ბიენალეს გახსნას ბოიკოტს გამოუცხადებს.
განცხადებაში ლატვიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობა სანქცირებულ, აგრესორ ქვეყანას “ევროპული დაფინანსებით მხარდაჭერილი მთავარი ევროპული კულტურული პლატფორმის მეშვეობით ლეგიტიმურობას მიანიჭებდა”  და აღნიშნა, რომ პავილიონთან დაკავშირებულ პირებს კავშირები აქვთ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან და კრემლის მხარდამჭერ ნარატივებთან.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასისადმი გაგზავნილ წერილში 37-მა ევროპარლამენტარმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, გამოფენას შეუჩეროს დაფინანსება, რომელიც სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიონ ევროს შეადგენს, და განიხილოს შესაძლო შემზღუდავი ზომები რუსეთის პავილიონთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ.
ბიენალემ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ის კვლავ დიალოგის სივრცედ რჩება, სადაც ხელოვნება პოლიტიკისგან განცალკევებულია.