საქართველოში ცათამბჯენებსა და პრემიუმ კლასის პროექტებზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, რაც შეეხება მიწოდებას, ამ ეტაპზე ის არც ისე მაღალია. ერთი ასეთი კონცეფციის რაც უკვე აშენებულია და რაც მოიცავს იმ ინფრასტრუქტურას რომელიც უნდა ჰქონდეს მსგავსს კომპლექსს, მხოლოდ „აქსის თაუერსი“ მახსენდება, – ასე ეხმაურება უძრავი ქონების კომპანია „ლეალტორის“ დამფუძნებელი ლევან ლაბარტყავა თბილისში რამდენიმე ცათამბჯენის პროექტის დაანონსებას.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე სამი ქართველი დეველოპერი 70-სართულიანი „ტრამპ თაუერის“ მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, ცათამბჯენის მშენებლობას ვაკეში გეგმავს ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე. საბურთალოზე კი აქტიურად მიმდინარეობს „ორბი“ „ცენტრალ პარკ თაუერის“ მშენებლობა. როგორც ლევან ლაბარტყავა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ამბობს, ქართველი მომხმარებელიც იმდენად დაიხვეწა, რომ აღარ აკმაყოფილებს სტანდარტული უძრავი ქონება, შესაბამისად დეველოპერებმა აქტიურად დაიწყეს პრემიუმ პროექტების სხვადასხვა ცნობილ ბრენდთან კოლაბორაციით შექმნა.„მომხმარებლების მხრიდან ამ ეტაპზე ასეთ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არის და როგორც ვიცით იგეგმება რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობა, თუმცა რომელი გაამართლებს იმედებს და რომელი იქნება პრემიუმ კლასის, დასრულების შემდეგ ვიხილავთ.იმდენად დაიხვეწა საქართველოში მომხმარებელი, რომ მას უკვე აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ სტანდარტული და ქართული ბრენდის მიერ შექმნილი უძრავი ქონება და ვხედავთ, რომ ამ ბაზარზე აქტიურად შემოდის უცხოური ბრენდები, განსაკუთრებით ლუქს კლასის კატეგორიაში.მეც მივესალმები იმ ფაქტს, რომ მაგალითად გაყიდვებიდან მცირე პროცენტის გადახდის შემთხვევაში დეველოპერებმა აიღონ სხვადასხვა ბრენდის სახელწოდება, რაც მომავალში მათ როგორც მარკეტინგში ასევე გაყიდვებში ეხმარება. კონკურენცია სხვანაირად ამ ეტაპზე უკვე რთულია, რადგან ბაზარზე ძალიან ბერი პროექტი და დიდი არჩევანია, შესაბამისად მომხმარებელმა ერთი პროექტი სხვისგან უნდა გამოარჩიოს. დღეს უკვე განვითარებულ ბაზრებზე დეველოპერებმა ეს ხერხი აქტიურად შემოიტანეს და პრემიუმ პროექტების გაკეთება ცნობილ ბრენდებთან კოლაბორაციით დაიწყეს.რაც შეხება მყიდველებს, თბილისში დაანონსებული ცათამბჯენების მსგავსი პროექტების რეალიზაციის ნახევარი ძირითადად საინვესტიციოდ ხდება, მეორე ნახევარს კი საცხოვრებლად ყიდულობენ, ეს არის ძირითადი სტატისტიკა. საინვესტიციო კუთხით მოსალოდნელია, ისრაელის, საამიროების და თურქეთის ბაზრიდან მოთხოვნის დაფიქსირება და მინდა გითხრათ რომ ზოგადად დეველოპერსაც ურჩევნია უცხოელებზე გაყიდოს უძრავი ქონება რადგან ის მომხმარებელი უფრო გადახდისუნარიანია.რაც შეეხება რეგიონებს, მაგალითად ბათუმში ცათამბჯენების მიმართულებით მსგავსი პროექტები უკვე არის და კიდევ იგეგმება, თუმცა მე ვისურვებდი რომ სხვა რეგიონშიც მოხდეს ამ მიმართულებით გაშლა“, – ამბობს ლევან ლაბარტყავა.

