სალომე სიმონია: დღეს, ზუგდიდში უკანასკნელი საცხოვრებლიდან 7 სულიანი ოჯახი ძალადობრივად გამოასახლეს

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ვიცნობ ოჯახს, რომელსაც ერთადერთი მარჩენალი ძროხის გაყიდვა მოუწია გადაუდებელი მკურნალობისთვის.
ვერც ნორმალურად უმკურნალეს და ოჯახი ლუკა-პურის, ჯანმრთელობისა და ყოველგვარი იმედის გარეშე დარჩა.
დღეს, ზუგდიდში უკანასკნელი საცხოვრებლიდან 7 სულიანი ოჯახი ძალადობრივად გამოასახლეს.
” ავადმყოფობის გამო გამოვიტანე სესხი, თორემ არ მიქეიფია შვილო..” – ტირილით ამბობდა ბებო. (ფოტოზე)
ის ავადმყოფიც გარდაცვლილა. ახლა სახლიც წაართვეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს ოჯახი.
ამ დროს, ქვეყანას ჰყავს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც უარს ამბობს, ისეთი წამლის შემოტანაზე, რომელიც მისივე თქმით, ბავშვების ეტლში ჩაჯდომას გადაავადებდა.
არადა, ცოტა ხნის წინ, დიუშენის სინდრომის მქონე ბიჭმა ვიდეოში თქვა: სახლიდან წლებია ვერ გავდივარ, ჩემს კორპუსს პანდუსი არ აქვსო.
და ამ დროს, ქვეყანას ჰყავს ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, რომლებიც დიდ თანხებს თავად აპროცენტებენ.
რაც არ უნდა ვიღაცებმა ამტკიცონ, ყველა ხედავს უკვე, რომ ხალხის ჯანმრთელობა და სიცოცხლე აქ არავის აინტერესებს. არავის აინტერესებს რა ბედი ეწია იმ ოჯახს, რომელმაც ბოლო ძროხა გაყიდა და ვერც უმკურნალეს.