რატი ბრეგაძე – გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი

გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმისწარმოების მიმართულებით , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, სამართლებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის დონე კიდევ უფრო მეტად ამაღლდება.
„ასევე, გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც, ერთგვაროვანი საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა გაუმჯობესებული სისტემატიზაცია კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ჩვენი მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იურისტებისთვის საჭირო სამართლებრივ ინფორმაციაზე წვდომას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გაიზრდება პროექტ „რე-მარკეტის“ მასშტაბი, რის შედეგადაც დასაქმების და შემოსავლის მიღების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.
„როგორც მოგეხსენებათ, თბილისში უკვე არსებობს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული პროდუქციის მაღაზია. კერძოდ, წერეთლის გამზირზე. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ონლაინ მაღაზიაში და იგივე, WOLT-ის მეშვეობით, პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია და შესაბამისად, შეიტანოს თავისი წვლილი პატიმართა რესოციალიზაციაში. ყველას მოგიწოდებთ, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში ამ საშუალების გამოყენებისკენ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაციაა, რის შედეგადაც მისი თქმით, საზოგადოებას სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო მარტივად მიეწოდება.
„გაგრძელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაცია და სახელმწიფო სერვისების გამცემ უწყებებში ახალი სტანდარტების დანერგვა, რის შედეგადაც საზოგადოებას სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო მარტივად, ერთიანი სტანდარტით მიეწოდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.