შარშან ციფრულ თაღლითებზე გიყვებოდით, რომლებიც ევროპელ პენსიონერებს საქართველოდან ძარცვავდნენ. ახლა კი სამშენებლო ბიზნესში მოკალათებულ რუსეთის მოქალაქეებზე გიამბობთ, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ – ბინის შესაძენად თუ ასაშენებლად შეგროვებულ ფულს ხალხს მოტყუებით ართმევენ. დაზარალებულთა ნაწილი პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს, ნაწილს კი ქართული მართლმსაჯულების იმედი აღარ აქვს და გადახდილ ფულს დაკარგულად მიიჩნევს.
“ძალიან გვეჩქარებოდა, ვფიქრობდით, ახალ სახლში შევალთ ბავშვთან ერთად-თქო, ამ სისწრაფე-სისწრაფეში და დაუკვირვებლობაში მივედით ამ შედეგამდე,” – გვიყვება მარიამ ჩართოლანი. ის ერთ-ერთია იმ დაზარალებულთაგან, ვინც სახლის მშენებლობის იმედით 25 000 აშშ დოლარი გადაიხადა და სანაცვლოდ მხოლოდ სანახევროდ ამოთხრილი მიწა მიიღო.
“აქ საქმე მარტო თანხას აღარ ეხება… ეს განგრევს მორალურად, ფსიქოლოგიას გინადგურებს… არ მინდა, ვინმე მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ასეთმა ადამიანმა ვეღარ უნდა შეძლოს, სხვასაც შეუქმნას იგივე პრობლემა”, – გვეუბნება მარიამ ჩართოლანი.
მარიამის ისტორია ერთ-ერთია ჩვენს მიერ გამოკვლეული იმ 4 შემთხვევიდან, რომელიც აჩვენებს როგორ მუშაობს “სამშენებლო” ქსელი – დამკვეთებს ატყუებს, თანხას ართმევს, მაგრამ დაპირებულ უძრავ ქონებას არ აბარებს. “აი, ფაქტმა” ეს სქემა 9-თვიანი კვლევის შემდეგ გამოავლინა. ხშირ შემთხვევაში, ორგანიზებული ჯგუფის ქმედებები იდენტური იყო: მიმზიდველი შეთავაზებები, ბუნდოვანი კონტრაქტები და ფაქტობრივად შეუსრულებელი სამუშაო, რომელიც დაზარალებულებს ათიათასობით დოლარი დაუჯდათ.
როგორ იქცა მშენებლობა ფსიქოლოგიურ ტერორად
მარიამი ახლა მესტიაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. “მესტიაში, კახეთში, მიწის ნაკვეთი გვაქვს და იქ გვინდოდა სახლის აშენება. ორსულად ვიყავი, დრო და რესურსი არ გვქონდა მუშების ცალ-ცალკე მოსაძებნად. გვჭირდებოდა კომპანია, რომელიც ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებდა,” – იხსენებს ის.
კომპანიები სვანეთში მუშაობაზე უარს ეუბნებოდნენ. როგორც თვითონ გვიყვება, 2025 წლის გაზაფხულზე წყვილმა ინსტაგრამზე კომპანია “მონოლითი ბათუმის” ანგარიში იპოვა. პირველ ზარს ტატიანა ხაჩატუროვამ უპასუხა, რომელმაც მათი საქმე ვახტანგ თუთარაულს გადააბარა. პირველივე სატელეფონო საუბრის შემდეგ თუთარაული მზა კონტრაქტით სვანეთში ჩავიდა. იმ დროს ოჯახს უკვე ჰქონდა ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა.

“იმ დღესვე გვთხოვდა კონტრაქტზე ხელის მოწერას. როცა ვუთხარით, დღეს ვერ მოხდება-თქო, შეურაცხყოფად მიიღო, თქვენს გამო ბათუმიდან ერთ დღეში ჩამოვედი და ხელს არ აწერთო?” – გვიყვება მარიამი.
ცოლ-ქმარს ამ ქცევის გარდა საეჭვოდ ეჩვენა კონტრაქტის რამდენიმე პუნქტიც. მაგალითად, ის, რომ დოკუმენტში არ იყო მითითებული ნაკვეთის საკადასტრო კოდი. თუმცა, საბოლოოდ, თბილისის ერთ-ერთ კაფეში მას ხელი მოაწერეს და პირველ ტრანზაქციად ვახტანგ თუთარაულს 5 000 დოლარიც გადაურიცხეს. კონტრაქტის გაფორმებიდან მალევე წყვილი საზღვარგარეთ წავიდა.
ჯამში, სახლის აშენებაში მათ 54 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ, რაც მოიცავდა სახლის მშენებლობას, გადახურვას და სახლის თეთრ კარკასამდე მიყვანას. როგორც მარიამი გვეუბნება, მხოლოდ ფანჯრებისა და კარების გარეშე.
ხელშეკრულების მიხედვით, წყვილს თანხა ეტაპობრივად, სამუშაოების მიხედვით უნდა გადაერიცხა – მაგალითად, ჯერ 5 000 დოლარი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, შემდეგ 11 000 დოლარი საძირკვლის დამონტაჟებამდე, მერე 12-12 000 დოლარი პირველი და მეორე სართულების მონოლითური კარკასისთვის და ა.შ. თუმცა, როგორც მარიამ ჩართოლანი გვიყვება, თუთარაული მათ დამატებით გადარიცხვებს სთხოვდა – ხან აივნებისთვის, ხან თბოიზოლაციისთვის. პარალელურად, მარიამის თქმით, დამკვეთებს საყვედურობდა კიდეც – “ჩემ ხარჯზე გინდათ სახლის აშენებაო.”

მარიამის თქმით, ზეწოლამ თითქმის ყოველდღიური სახე მიიღო. “პირველი ორი კვირა ყოველდღე რეკავდა ჩემს მეუღლესთან და ეუბნებოდა – ახლა უნდა ჩამირიცხო 10 000 დოლარი, მასალები უნდა ჩავიტანო სვანეთში, ფასები იზრდება და თოვლი მალე მოვაო. ძალიან შემაწუხებლად რეკავდა და ფსიქოლოგიურად გვღლიდა. ბოლოს ვამბობდით – “საქმე გაკეთდეს და მოდი, ჩავურიცხოთო.“
როდესაც მარიამის მეუღლემ შესრულებული სამუშაოების ინვოისები მოითხოვა, თუთარაულმა უპასუხა – “ეს შენი ბიზნესი არ არის, ბარემ ისიც მომთხოვე, მუშებში რამდენს ვხარჯავ და ლურსმნებში რამდენი მიდისო“ ზეწოლა წერილობითაც გრძელებოდა: “თუ თანხას არ გადმომირიცხავთ, ვაჩერებ მშენებლობასო.”
საბოლოოდ, მარიამმა და მისმა მეუღლემ თუთარაულს ჯამში 25 000 დოლარზე მეტი გადაურიცხა. ქვეყანაში დაბრუნებისას კი გაარკვიეს, რომ მათი სახლის მშენებლობა, ფაქტობრივად, არც კი დაწყებულა. წყვილმა მესტიაში სამშენებლო მასალების კვალსაც კი ვერ მიაგნო. ჯერჯერობით, თუთარაულმა ჩართოლანის მეუღლეს უკან მხოლოდ 8000 დოლარამდე დაუბრუნა.



ვინ დგას თუთარაულის გვერდით?
ის, რასაც დაზარალებულები თავიდან საკუთარ შეცდომად და უიღბლობად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში კარგად დაგებული მახე აღმოჩნდა. ყველა დაზარალებული, ვისაც “აი, ფაქტი” ესაუბრა, სქემის მთავარ ფიგურანტებად ასახელებს: ვახტანგ თუთარაულს, არტემ ხაჩატუროვს, ტატიანა ხაჩატუროვასა და არტემ კორსუნს.
სქემის მონაწილეების ანგარიშებზე დაზარალებულებს, სულ მცირე 129 000 დოლარი აქვთ ჩარიცხული. ეს მხოლოდ იმ 4 პირისგან, ვის ისტორიებსაც სტატიაში გიყვებით. თუმცა, ზარალი შეიძლება გაცილებით მასშტაბური იყოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თაღლითური სქემის მონაწილეებს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში 20-ზე მეტი ადამიანი უჩივის.
ამ ადამიანების საეჭვო საქიანობაზე რუსულ მედიასა და Telegram ჯგუფებშიც ბევრი იწერება. ხაჩატუროვების წყვილზე კი ისიც გამოიკვეთა, რომ ეს “ხელსაყრელი ბიზნესი” ჯერ რუსეთში დაიწყეს, შემდეგ კი საქართველოში გადმოინაცვლეს.
ვახტანგ თუთარაულის სახელი კი ოთხ რუსულ კომპანიას უკავშირდება, რომელიც კვების ინდუსტრიაში ოპერირებდნენ (შპს „ატმოსფერა გოსტეპრიიმსტვა“, „ვტგ“, „დელტა ფუდ“ და „სამატო“). დღეს ოთხივე მათგანი, რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მიერ ლიკვიდირებულია.


Spark-ის დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიებს ჰქონდათ იდენტური პრობლემები, რაც ფიქტიურ კომპანიებს ახასიათებთ – იურიდიულ პირთა რეესტრში წარადგენდნენ არასანდო მონაცემებს, თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას და იყენებდნენ ფიქტიურ იურიდიულ მისამართებს, სადაც ათობით სხვა არამოქმედი კომპანია იყო რეგისტრირებული.
თუთარაულის ერთ-ერთი კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტას კი 947 სხვა კომპანიაც იყენებდა.
Sherlock-report-ის (მონაცემთა ანალიზის პლატფორმა, რომელზეც თავმოყრილია სხვადასხვა დროს 50-ზე მეტი ღია წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია) მონაცემებით, თუთარაული ფიგურირებს 2010 წელს რუსეთში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში. მას ბრალად ედებოდა მოტყუების გზით სხვისი თანხების დაუფლება.
მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მის კომპანია “სამატოს” 13 დასრულებული სასამართლო დავა ჰქონდა. საქმეთა უმეტესობაში კონტრაქტით აღებული ვალდებულებების სისტემური შეუსრულებლობა დადასტურდა. თუმცა, აღსრულების ეტაპზე დაზარალებულებმა თანხების ამოღება ვერ შეძლეს. Spark-ის მიხედვით, ამის მიზეზი ის იყო, რომ კომპანიას ქონება არ უფიქსირდებოდა.
კონფიდენციალურობა, როგორც იარაღი
თაღლითური სქემის მორიგმა დაზარალებულმა გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა. ამიტომ, მას პირობით სახელს და გვარს, ლევან მელიქიძეს დავარქმევთ.
ლევანი, 53 წლის მხატვარი, რომელიც წლების განმავლობაში ისრაელსა და აშშ-ში ცხოვრობდა, საქართველოში პანდემიის შემდეგ დასახლდა, სვანეთში, კერძოდ მესტიაში პატარა სახლის აშენება კი 2024 წელს გადაწყვიტა. თუმცა, მშენებლობის ორგანიზება რთული აღმოჩნდა – კომპანიები სვანეთში მუშაობაზე უარს ამბობდნენ. ბოლოს ლევანმა სოციალურ ქსელში კომპანია “Наш Дом” აღმოაჩინა, მათ WhatsApp-ით დაუკავშირდა და ვახტანგ თუთარაული ასე გაიცნო. პირველი შეხვედრა ბათუმში შედგა.

“[თუთარაული] შავი “მერსედესით” მოვიდა, ძალიან მხიარული იყო და სულ კომპლიმენტებით მავსებდა – როგორ კარგად გამოვიყურებოდი 52 წლის ასაკში და ა.შ. შემდეგ წამიყვანა გონიოში, სადაც მასშტაბური სასტუმროს მშენებლობა მაჩვენა და მითხრა, რომ ეს მისი ობიექტი იყო. შენობა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა,“ – იხსენებს ლევანი.
სახლის აშენება ეჩქარებოდა. სამშენებლო კონტრაქტში, რომელსაც ხელი მალევე მოაწერა, ორი პუნქტი საეჭვოდ ეჩვენა. კლიენტს არ ჰქონდა უფლება უშუალოდ ესაუბრა მშენებლობის ბრიგადასთან და კონტრაქტი კონფიდენციალური უნდა დარჩენილიყო – მესამე პირებისთვის მისი ჩვენება იკრძალებოდა.
“ხელმოწერიდან მეოთხე დღეს პირველი თანხა გადავრიცხე “მონოლით ბათუმის” ანგარიშზე. კომპანიის იდენტიფიკატორი შევამოწმე – ყველაფერი წესრიგში ჩანდა. მოგვიანებით მათთან კიდევ 7 000 დოლარი გადავრიცხე, რადგან ვახტანგი ამტკიცებდა, რომ მასალები ძვირდებოდა და სჭირდებოდა განსაკუთრებული მასალების შეძენა,“ – იხსენებს დაზარალებული. მან “მონოლით ბათუმს”, მთლიანობაში, 12 000 დოლარი გადაურიცხა.
ამის შემდეგ ლევანი თუთარაულს ორჯერ შეხვდა: ერთხელ სვანეთში მიწის ტოპოგრაფიის გასაკეთებლად და ერთხელაც, როცა ბულდოზერმა სამშენებლო მიწა მოასწორა. ამის შემდეგ მიწის ნაკვეთზე არაფერი გაკეთებულა. უმოქმედობის მიზეზებს რომ იკვლევდა, ლევანი თუთარაულის ინსტაგრამს გადააწყდა:
“ვნახე 3 600 ლარად ნაყიდი ახალი დრონი… იმ დროს, როცა მე ფულს ვურიცხავდი იმისთვის, რომ საქმე გაეკეთებინა… ის დებდა პარაგლაიდინგის და მოგზაურობის ფოტოებს – მაგალითად, სოჭში, ტულაში, თურქეთში “ – იხსენებს ლევანი.


საბოლოოდ, მან კონტრაქტი გააუქმა, “მშენებელს” კი 14 დღე მისცა, იმისათვის, რომ რაიმე ზომა მიეღო კონფლიქტის მოსაგვარებლად. როგორც გვიყვება, პასუხად მიიღო შემცირებული ხარჯების დოკუმენტი, ჯამში 10 000 დოლარის ღირებულების, თუმცა ეს ფასიც აბსურდულად ეჩვენა, რადგან მშენებლობა დაწყებულიც კი არ იყო.
როცა აშკარა გახდა, რომ მშენებლობა აღარც დაიწყებოდა, თუთარაულმა მიდგომა შეცვალა: “უხეშად მელაპარაკა, აბა, რა გეგონა, ელოდებოდი, რომ დაბალ ფასში ყვავილებით მოხატულ სახლს აგიშენებდიო? ” – ამბობს ლევანი.
“თავს ვიდანაშაულებდი, საკუთარ თავშიც ეჭვი შემეპარა, ალბათ, მე დავუშვი შეცდომა-თქო, ფსიქოლოგიურად გამოვიფიტე…,“ – დასძენს ის.
2024 წლის ნოემბერში ლევანმა პოლიციაში განცხადება შეიტანა. როგორც დაზარალებული გვიყვება, პოლიციის არაერთი მოთხოვნის შემდეგ თუთარაულმა ეტაპობრივად დაიწყო თანხის უკან დაბრუნება – დღევანდელი მდგომარეობით, ჯამში, 7000 დოლარამდე ჩაურიცხა. ლევანის თქმით, დაახლოებით, 4 000 დოლარად თუთარაულმა სამშენებლო მასალები მიაწოდა. ანუ, საბოლოოდ, თუთარაულს მისი 1000 დოლარი მართებს.
“ბიზნესსაქმიანობა“ საქართველოში და დაუსჯელობის სინდრომი
რუსეთში შელახული რეპუტაციის შემდეგ, თაღლითური სქემის მონაწილეებმა ახალ სამიზნედ საქართველო აირჩიეს. ქართულ სამეწარმეო რეესტრში მათი კვალი 2019 წლიდან ჩნდება.
პირველმა საქართველოს ბაზარზე არტემ ხაჩატუროვმა შემოაბიჯა. 2025 წლის მაისში რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მის წინააღმდეგ შსს-ში განცხადება შეიტანა ათეულობით დაზარალებულმა და საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ამბავი იქაც იგივეა: ხაჩატუროვი კლიენტებს სახლების აშენებას ჰპირდებოდა და ფულს მოტყუებით ართმევდა. ამ სქემაში ჩართული იყო მისი მეუღლე, ტატიანა ხაჩატუროვაც. (შენიშვნა: როგორც ჩვენთან ინტერვიუში არტემმა და ტატიანამ თქვეს, ამჟამად ქორწინებაში აღარ არიან და ერთმანეთს ყოფილ მეუღლეებად მოიხსენიებენ)
არტემ ხაჩატუროვმა საქართველოში ორი კომპანია შექმნა: შპს „სამშენებლო ტექნოლოგიები“ (2019 წელს) და შპს „ჩვენი სახლი“ (2021 წელს). ორივე კომპანიის საქმინობის სფერო მშენებლობაა და ორივეს 100%-ანი მფლობელი და დირექტორი თავადაა. კომპანიების რეგისტრაციაში მას ტატიანა ხაჩატუროვა ეხმარებოდა.
მალევე ქართულ ბიზნესში გამოჩნდა ვახტანგ თუთარაულიც. მან 2022 წელს “მონოლითი-ბათუმი,” ხოლო 2024-ში “სამშენებლო ტექნოლოგიები ბათუმი“ დაარეგისტრირა.




