“ქრისტეაო და რად უნდა მკურნალიო” – მოქალაქე ჰყვება, რომ მრევლმა ბერ ნიკოლოზთან მისული მედიკოსი უკან გააბრუნა

მოქალაქე თეა ჯინორია “პირველებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მისი მეუღლე, რომელიც ექიმია, ბერი ნიკოლოზის ბინაში არ შეუშვეს. მისი თქმით, მრევლის მოთხოვნა იყო, რომ ზუგდიდიდან კონკრეტული მედიკოსი ჩამოსულიყო, რომელსაც ბერთან მისვლის და მკურნალობის კურთხევა ჰქონდა.

ჯინორიას თქმით, მისი მეუღლე პირდაპირ ბერის  სახლის კართან იყო მისული, როდესაც მრევლმა უკან გააბრუნა.

“ქრისტეაო და რად უნდა მკურნალიო”, – ყვება ქალი “პირველებთან”.

კარდიოლოგი, რომელიც როცა ჩამოდიოდა, ზუგდიდში მუშაობს, მიდიოდა მასთან.  კურთხევა ჰქონდა, როცა ის ჩამოვაო იმ შემთხვევაშიო… ეს პირველი შემთხვევა კი არ იყო. როცა ჩამოდიოდა ის, ყოველთვის ამოწმებდა როგორ ჰქონდა მდგომარეობა, უნიშნავდა წამლებს. სართულზე მისული ადამიანი გამოაგდეს. ხომ შეხედეთ, რაც ხდებოდა, სამწუხაროდ, მოხდა ასეთი რაღაც, “ქრისტეაო და რად უნდა მკურნალიო”, – ამბობს თეა ჯინორია. 

ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.  როგორც მრევლი აღნიშნავს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მედიკოსებს მის ბინაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დახმარებას თავად ბერი ნიკოლოზიც წერილობით ითხოვდა.