თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ოქროს მედალი მოიპოვა.
გურამმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა, ფინალში კი ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია. თუშიშვილი კონტინენტის პირველობის გამარჯვებული კარიერაში მესამედ გახდა.
-100კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონმა, ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან პირველ წრეში ჯერ ბრიტანელ ოლივერ ბარატს სძლია, შემდეგ რუმინელი ალექსანდრუ სიბისანიც დაამარცხა. სამწუხაროდ, ილია მეოთხედფინალში რუს ნიიაზ ბილალოვთან, დამატებით დროში დამარცხდა, რეპეშაჟში კი შვეიცარიელ დანიელ ეიხი დაამარცხა. მისი მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი უნდა ყოფილიყო, თუმცა კოცოიევი რეპეშაჟის დაპირისპირებაში ჩახსნეს და ილიამ ბრინჯაო ავტომატურად გაინაღდა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რითაც გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი გაინაღდა.
ქართველმა ძიუდოისტებმა კონტინენტის პირველობაზე 4 ოქროს მედლის მოპოვება ისტორიაში პირველად მოახერხეს.