ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ბოდბის მონასტერში ქადაგებისას “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები მკაცრად გააკრიტიკა და საპატრიარქოს შიდა პროცესებში შესაძლო ჩარევაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესიის შიგნით მიმდინარე საკითხებში გავლენის მოხდენის მცდელობა მიუღებელია.
მაღალ იერარქს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ „სათავეში მყოფი ძალა“ ცდილობს სინოდზე ზეგავლენის მოხდენას, მათ შორის — პატრიარქის არჩევის პროცესში. ეპისკოპოსმა კანონმდებლებს მოუწოდა, ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის ნაცვლად, საკუთარ საქმიანობაზე — კანონების შემუშავებაზე კონცენტრირდნენ.
ქადაგებისას ისმოდა როგორც კრიტიკული, ისე მუქარანარევი განცხადებები. მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ დუმილი, რომელიც სინოდის წევრთა ნაწილს აქამდე ჰქონდა შენარჩუნებული, დღეს პირველად დაარღვია. მისი თქმით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარე პროცესებს სინოდის წევრთა უმეტესობა დუმილით აკვირდებოდა, თუმცა „შეგუებას არავინ აპირებს“.
ეპისკოპოსის განცხადებით, ის პოზიციას სინოდის წევრთა სახელით აფიქსირებს. ნახევარსაათიანი ქადაგებისას მან ასევე გაიხსენა პატრიარქის დაკრძალვის დღეს სიონში განვითარებული მოვლენები და გააკრიტიკა ის გარემოება, რომ ეკლესიაში შესვლის შესაძლებლობა არც მრევლს და არც ოპონენტებს ჰქონდათ.




