განათლების სამინისტრო 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლებას აძლევს ერთი საგნის გამოცდის გარდა, კიდევ დარეგისტრირდნენ არა უმეტეს სამი საგნის გამოცდაზე და ერთდროულად დაადასტურონ ამ საგნებში კომპეტენცია.
რა მიზანი აქვს რეალურად სამინისტროს და რა მოხდება მაშინ, თუკი არჩეულ საგნებში მასწავლებლები ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას?
ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს, მანანა რატიანს ესაუბრა.
ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო განათლების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება, რა ცვლილებებს გამოიწვევს სკოლებში?
ეს ძალიან სერიოზული თემაა სინამდვილეში. მასწავლებლების ანაზღაურების წესის მიხედვით, თუკი მასწავლებელს საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნებიდან ერთში მაინც ჰქონდა კომპეტენცია დადასტურებული, ის სხვა საგნების სწავლების შემთხვევაშიც იღებდა დანამატს.
მაგალითად, თუ მე მაქვს ბიოლოგიაში საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული, მაგრამ ამავდროულად ქიმიასაც ვასწავლი, დანამატს ვიღებ ქიმიაშიც. ამ ცვლილების მიხედვით კი, თუ მე ვეღარ დავადასტურებ ქიმიაში საგნობრივ კომპეტენციას, დანამატს ვეღარ ავიღებ.
იგივე იქნება სხვა საგნებთან მიმართებაშიც. თუ ვარ ისტორიკოსი და ვასწავლი სამოქალაქო განათლებას, ახლა უკვე ამ საგანშიც მომიწევს გამოცდის ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება.
ეს ცვლილება შეეხება უამრავ მასწავლებელს, რადგან პედაგოგების უმრავლესობა თავის საგანთან ერთად ითავსებს სხვა საგნის მასწავლებლობასაც. შესაბამისად, თუ ეს მასწავლებელი ვერ ჩააბარებს გამოცდას, მოუწევთ დაბალი ანაზღაურების აღება.
სამი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მისცა სამინისტრომ პედაგოგებს და ამით თითქოს რაღაც კარგი გააკეთა, მაგრამ სინამდვილეში, მასწავლებელთა უმრავლესობას სექტემბერში შემცირებული ხელფასი ექნება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როცა პედაგოგების საკმაოდ დიდი ნაწილი თავისი საგნის გამოცდასაც ძნელად აბარებდნენ და ახლა, მით უმეტეს, საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში სხვა საგნის გამოცდის ჩაბარება არ მგონია, რომ ასეთი მარტივი იყოს.
მით უმეტეს, რამდენიმე საგნის გამოცდაზე ერთდროულად გასვლა ეს კიდევ სხვა ტიპის პრობლემაა.
როცა კარიერული წინსვლით მოპოვებული სტატუსები გააუქმა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, მაშინ ითქვა, რომ ანაზღაურება მოხდებოდა საათების რაოდენობის მიხედვით. ამ შემთხვევაში, რის დანამატს იღებენ პედაგოგები?
არ გაუქმებულა, შეამცირეს დანამატები და დატოვეს 150 ლარამდე. ამ დანამატზეა საუბარი.
მაგალითად, თუ მასწავლებელს ბიოლოგიაში აქვს 10 საათი და ასევე ქიმიაშიც 10 საათს ასწავლის, ორივე საგანში იღებს დანამატს. მაგრამ ახალი წესის მიხედვით, თუ მასწავლებელი ორივე საგნის გამოცდას არ ჩააბარებს, ვეღარ აიღებს დანამატს.
აქედან გამომდინარე, მასწავლებლის ანაზღაურება უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა წელს იყო.
როგორც მახსოვს, მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ადრეც აბარებდა რამდენიმე საგანში გამოცდას. გამოდის ეს მაშინ არ იყო სავალდებულო?
დიახ, მაშინ მოთხოვნა არ იყო. იმიტომ აბარებდნენ, რომ ნაკლები კონკურენტი ჰყოლოდათ და მათ დარჩენოდათ საათები. აბსოლუტურად სხვა საკითხი იყო ეს მაშინ და ახლა უკვე პირდაპირ შეეხება მათ ჯიბეს.
ვინც ვერ ან არ ჩააბარებს, ექნება დაბალი ხელფასი. ბიუჯეტს დაზოგავენ მასწავლებლების ხარჯზე.
მაღალმთიან რეგიონებში, სოფლის სკოლების ნაწილში ისედაც არსებობს კომპეტენტური კადრების პრობლემა და ხშირად ერთი მასწავლებელი 3-4 საგანს ასწავლის. როგორ ფიქრობთ, თუ ვერ ჩააბარა მასწავლებლებმა ეს 3 ან 4 საგანი და დაკარგა დანამატი, საერთოდ უარი რომ თქვას სწავლებაზე, მაშინ რა მოხდება?
იციან, რომ არ იტყვიან უარს. მასწავლებელს იმდენად ეძვირფასება თავისი სამსახური, რომ მიჯაჭვულობა აქვს თავის პროფესიაზე. მე ისიც მახსოვს, როცა სკოლაში ვმუშაობდი, 17 ლარი მქონდა ხელფასი. როცა პროფესია გიყვარს და ამით გრძნობ ბედნიერად თავს, იმ დაბალ ხელფასსაც ეჩვევი.
ხელისუფლებამაც ისე შეაჩვია მასწავლებლები დაბალ ანაზღაურებას, რომ უკვე პროტესტიც აღარ აქვთ და არც აპროტესტებენ თავიანთ სოციალურ მდგომარეობას. არ გამოდიან, ხმას არ იღებენ.
როცა დანამატები შეუმცირეს, მაშინ იყო თითქოს პროტესტი. ახლა გამოდის, რომ იმ შემცირებულ დანამატსაც ართმევენ?
ასე გამოდის, რადგან დიდი ალბათობით, სრულად ვერ აიღებენ ყველა საგანში დანამატს, თუ ვერ ჩააბარებენ გამოცდას.
რაზეა ეს გათვლილი, იმაზე, რომ ბიუჯეტის ფული მასწავლებლებზე დაზოგონ თუ კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნავენ?
აუცილებლად გეტყვიან, რომ მასწავლებლის კომპეტენციაზე და მოსწავლეზე ზრუნავენ, თუმცა ეს არაფერში ჩანს. ასე, რომ იყოს, არ დაამახინჯებდნენ უმაღლესი განათლების პროგრამებს, რომლითაც მასწავლებლებს ამზადებდნენ უნივერსიტეტები.
მოსწავლეზე რომ ზრუნავდნენ, არ გააუქმებდნენ მე-12 კლასს იმ მოტივით, რომ ვერ აგვარებდნენ მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების პრობლემას. აქ მხოლოდ და მხოლოდ თანხის დაზოგვაა მიზანი.
წერს: ნეტგაზეთი.




