აშშ-ს ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე აშშ-ს ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი გადაიდო, სანამ მისი საჩივარი სასამართლოში განიხილება.
მოსამართლე, ტანია ჩუტკანმა თქვა, რომ პროცესი, რომელიც 4 მარტს უნდა დაწყებულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. სავარაუდოა, რომ საქმის განხილვა რამდენიმე თვით გადაიდოს.
ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, მას სისხლის სამართლის ბრალდება არ უნდა წარედგინოს, რადგან ის იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი იყო და, შესაბამისად, პრეზიდენტის იმუნიტეტით სარგებლობდა.
ტრამპმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის ბრალეულობა და იუსტიციის დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.
ამჟამად ფედერალური სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია აფასებს ტრამპის ადვოკატების არგუმენტს პრეზიდენტის იმუნიტეტთან დაკავშირებით. შესაძლოა, კოლეგიამ გადაწყვეტილება მომავალ კვირაში მიიღოს.
ამასთან, სავარაუდოა, რომ საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდეს, სადაც კონსერვატორებს აქვთ უმრავლესობა 6-3.
ტრამპს სისხლის სამართლის კიდევ სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის, ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების სავარაუდო მცდელობებთან, თანამდებობის დატოვების შემდეგ გასაიდუმლოებული დოკუმენტების არასწორად გამოყენებასთან და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან გასაიდუმლოებულ ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებით.